მეზობელ ქვეყნებში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ბოლო დროს დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმა, ტურისტულ სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა
- საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამსვენებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. მანათის გაუფასურების გამო, ბაკურიანსა და გუდაურში აზერბაიჯანელი ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები წლევანდელი ზამთრის ტურისტული სეზონიდან ნაკლებ მოგებას ელიან.
გუდაურში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ახალი წლის დღეების შემდეგ ნომრები ფაქტობრივად, ცარიელია.
"ჩემთვის ძალიან ცუდი სეზონია. 13 თებერვლამდე ჯავშანი არ მაქვს. სტუმრები, რომლებიც ყოველ წელს ჩამოდიოდნენ, წელს თავს იკავებენ და მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ. მინიმალური ფასები დავადეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი. მისი თქმით, დამსვენებლები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. სასტუმროს მეპატრონე წლევანდელ პასიურობას ამ ქვეყნებში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს. ასევე არ გამორიცხავს, რომ დამსვენებლების ნაწილი დაფიქსირებული უბედური შემთხვევების ფაქტებმაც დააფრთხო.
გუდაურში მდებარე სასტუმროს მფლობელი "ბიზნესპრესნიუსთან" წყალმომარაგების პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წელს გუდაურში წყლის სერიოზული დეფიციტია.
"ეს საკითხი მთელ გუდაურს ერთნაირად აწუხებს, წლებია აქ ვცხოვრობ და მსგავსი რამ მე არ მახსოვს. სასტუმროს მეპატრონეები წყლის რეზერვუარებით ვსარგებლობთ, თუმცა წყალი ისეთი დაბალი წნევით მოგვეწოდება, რომ ზოგჯერ მის გავსებასაც ვერ ვასწრებთ", - აცხადებს ქალბატონი.
წინა წლებთან შედარებით დამსვენებლების რაოდენობა შემცირებულია გუდაურში მდებარე სასტუმრო "ედელვაისშიც". მენეჯმენტის ინფორმაციით, სასტუმროში განთავსების ფასი გასულ წელთან შედარებით შეამცირეს, თუმცა დიდი შედეგი ვერც ამან გამოიღო.
აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე საუბრობს ბაკურიანში მდებარე სასტუმრო ,,ვერე პალასის“ მენეჯერიც. მისი თქმით, სასტუმროს ვიზიტორების დიდ ნაწილს ყოველწლიურად აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა წელს ეს სურათი რადიკალურად შეცვლილია. დამსვენებლების ნაკლებობის გამო, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების ფასი ,,ვერე პალასი ბაკურიანმაც“ შეამცირა.
აზერბაიჯანიდან მიღებული ჯავშნების გაუქმებაზე საუბრობს დათო ჭახუნაშვილიც. ბაკურიანში მდებარე სასტუმროს ადმინისტრატორის თქმით, სეზონი ახალი წლის დღეებში ნორმალური იყო, თუმცა თანდათან ტურისტების ნაკლებობა თვალშისაცემი ხდება.
მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს გუდაურში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და აცხადებს, რომ ეს საკითხი გაზაფხულიდან მოგვარდება.
"ეს პრობლემა ნამდვილად არის და გუდაურის წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზაფხულზე დაიწყებს. 2016 წლიდან გუდაურში დაგეგმილია ახალი სასტუმროების, აპარტ-ოტელების და ბრენდული სასტუმრო ,,რედისონის“ მშენებლობა. ამ დამატებით ზეწოლას კი გუდაურის წყალი ნამდვილად ვერ გაუძლებს. შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოები არ გადაიდება", - აღნიშნა სანდრო ონოფრიშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალი წლის დღეებში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს ძალიან ბევრი ვიზიტორი ეწვია, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა შედარებით შემცირდა.
"გასულ შაბათ-კვირას არ იყო იმდენი სტუმარი, რამდენსაც ველოდებოდით, რაზეც გარკვეული გავლენა ბოლო დროინდელმა ფაქტებმა მოახდინეს", - აცხადებს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, თუმცა აღნიშნავს, რომ სეზონი წარმატებით ჩაივლის და ვიზიტორების რიცხვი კვლავ მოიმატებს.
ქრისტინე გამთენაძე