ჩინური კონსერვები საქართველოში, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. ამის შესახებ კომპანია ”თეთრი ქუდის” გენერალურმა დირექტორმა ივანე იოსელიანმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.
ივანე იოსელიანის თქმით, კომპანიას კონსერვების წარმოება სურს: ”კონსერვების წარმოებაზე ვფიქრობთ. ძალიან საინტერესო მიმართულებაა. ჩვენ საკონსერვო ბაზარი თითქმის გავანახევრეთ, რადგან ნედლი სოკოს ფასი შემცირდა, თუმცა ბაზარზე უხვადაა წარმოდგენილი ძალიან იაფი კონსერვები, ძირითადად, ჩინეთიდან იმპორტირებული”, - აღნიშნავს ივანე იოსელიანი.
მისივე თქმით, ჩინეთიდან იმპორტირებული კონსერვები უხარისხოა და მათი შემოტანისას კონტროლი არ ხდება: ”ძალიან დაბალხარისხიანია და, ფაქტობრივად, უკონტროლოდ შემოდის. შეუძლებელია კონსერვი გახსნათ და იქ ბლანშირებული სოკო იყოს თეთრი, ქათქათა, თუ იქ საღებავები და სხვა დანამატები არ არის”, - ამბობს ივანე იოსელიანი და იმედოვნებს, რომ საქართველოში აღნიშნულ კონსერვებზე კონტროლი დაწესდება:
”კარგი იქნება თუ გარკვეულ ხარისხობივ კრიტერიუმებს დააწესებენ და კონტროლი იქნება ამაზე. ის პროდუქცია ევროპის ბაზარზეც შედის, მაგრამ იქ ძალიან მკაცრად კონტროლდება და იძულებულები არიან ხარისხი დაიცვან და შესაბამისად, თვითღირებულებაც ეზრდებათ”.
ივანე იოსელიანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საკონსერვო წარმოებაში ფასი ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ თუ საქართველოში რეგულაციები დაწესდება, რომელიც სოკოს კონსერვების ხარისხს გააკონტროლებს, კომპანია კონსერვების წარმოების მიმართულებითაც იმუშავებს.
შგახსენებთ, რომ კომპანია ”თეთრი ქუდი” 2010 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობა სოკოს რეალიზაციას, წარმოებასა და დისტრიბუციას მოიცავს.
გადაცემა "ბიზნესპერსონას" სრული ვერსია იხილეთ დღეს, 20 თებერვალს, PALITRANEWS-ის ეთერში, 20:10 საათზე.