იდეის ავტორები თავად არიან, მცირე ბიზნესსაც თავად აუძღვებიან და, სამომავლოდ, ბიზნესის გაფართოებასაც აპირებენ.
ჩანთების წარმოების იდეა ქეთი უბილავასა და ნათია მგელაძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდათ. გოგონებმა ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. ცოტა ხნის წინ კი ჩანთებს ახალი, ინოვაციური - ნათების ფუნქცია დაემატა. სამომავლო პერსპექტივაში სტარტაპის ავტორები მამაკაცების სეგმენტის ათვისებასაც გეგმავენ.
სტუდენტი გოგონები ჩანთებს ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” ლაბორატორია FabLab-ში ამზადებენ, პარალელურად აქტიურად იყენებენ ტექნოპარკის სივრცესაც.
დასამზადებელი მასალა და საჭირო დრო: ”უნიკალური, რაც ჩვენს ჩანთებს სხვა ჩანთებისგან განასხვავებს, არის მასალების კომბინაცია, ნატურალური ხე და ნატურალური ტყავი (ასევე ვიყენებთ ტყავის შემცვლელს). მნიშვნელოვანი ფაქტორია გრავირებაც. გარდა ამისა, ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია - განათება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ღამე ჩანთაში იპოვოს საჭირო ნივთი. ჩანთების დამზადებას შეკვეთიდან დაახლოებით 1 კვირა სჭირდება“.
რატომ ხე და ტყავი?: „ფაბლაბში დამზადებული პროდუქტების უმრავლება ხისგან იწარმოება, რადგან ჩვენ საქმიანობის დაწყება ”ფაბლაბის” საშუალებით გვინდოდა, ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა ხისგან. ამ დროს გაჩნდა იდეა, რომ ჩანთებისთვის ხე გამოგვეყენებინა, რომელიც საკმაოდ უხდება ტყავს და ქმნის ლამაზ კომბინაციას. თანაც, მსგავსი ჩანთები საქართველოს ბაზარზე არ არსებობს, ამ მხრივ, პირველები ვართ.”
პრობლემები წარმოებაში და სამომავლო გეგმები: ”თავიდან, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები: არ ვიცოდით როგორ გვემუშავა ტყავზე, ხეზე, სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებზე. თუმცა, მალევე ავითვისეთ ყველაფერი და დღესდღეობით წარმოებაში პრობლემები არ გვაქვს.
ჩვენი საქმიანობა უკვე მცირე ბიზნესია და ვგეგმავთ, უფრო დიდ ბიზნესად ვაქციოთ. გვინდა გავფართოვდეთ, მეტი მრავალფეროვნება შევიტანოთ ჩანთების დიზაინში, ასევე ვაპირებთ უფრო მასშტაბურად ვაწარმოოთ მანათობელი ჩანთები, გავიტანოთ ექსპორტზე და, რაც მთავარია, გვონდეს საკუთარი საწარმო და მაღაზია”.
წარმატების გასაღები. ქეთი უბილავა: „ვფიქრობ, თავიდან მთავარია იდეა, კარგი იდეა კი მონდომებისა და შრომისმოყვარეობის შედეგად გარდაიქმნება პროდუქტად, რომელიც უნდა შეიყვარო და გაითავისო, ამის შემდეგ კი თავდაუზოგავი შრომა და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო წარმატების მისაღწევად“.
ნათია მგელაძე: ”ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ინიციატივა, ლიდერობა და საკუთარი თავის რწმენა, რადგან არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების და ვცდილობ, ვიზრუნო თვითგანვითარებაზე”.
ქეთი უბილავა ბრენდის შესახებ: ”ჩემთვის „ბეგელსი“ უკვე ყოველდღიური საქმიანობა და ცხოვრების სტილი გახდა. ვატარებ „ბეგელსის“ ჩანთას, რაც მეხმარება მომხმარებლის თვალით შევხედო პროდუქტს და მივხვდე, რას სჭირდება გაუმჯობესება და დახვეწა. ემოციურადაც უკვე ამ ბრენდზე გავხდი დამოკიდებული და ვცდილობ, მუდმივად ვიფიქრო მის განვითარებასა და გაფართოებაზე.”
ნათია მგელაძე ბრენდის შესახებ: ”ბრენდი ნამდვილად შედგა და ეტაპობრივად ვვითარდებით, ვსწავლობთ, ვიკვლევთ მომხმარებლის სურვილებს, რათა უფრო დახვეწილი ჩანთები შევთავაზოთ. ჩემთვის ის ძალიან ძვირფასია გამომდინარე იქედან, რომ მე და ქეთიმ არ დავზოგეთ დრო და რესურსი სამუშაოების სრულყოფისთვის“.
სწავლისა და ბიზნესის შეთავსება: ”ილიას უნივერსიტეტში” ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობთ. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, საკმარისი ცოდნა გვაქვს მიღებული იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი სტარტაპის განვითარება, რისთვისაც არ ვზოგავთ დროსა და რესურსებს. თავიდან რთულია შეთავსება. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო მარტივად კონტროლირებადი ხდება და დროის სწორი გამოყენებით შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება”
რჩევები ახალგაზრდებს, რომლებსაც ბიზნესის დაწყების სურვილი აქვთ: ”ახალგაზრდებს ვურჩევდით მუდმივად იფიქრონ თვითგანვითრებაზე, იყვნენ სიახლეების ძიებაში, იფიქრონ მასშტაბურად, ინოვაციურად და ნებისმიერ იდეას, რომელიც მათ გონებაში დაიბადება, ხორცშესხმის შესაძლებლობა მისცენ”.
თამარ კორკოტაშვილი