მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე რეგულაციების ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე, ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, გადაწყვეტილებას ყველა არგუმენტის გათვალისწინებით მიიღებენ. მისი თქმით, კომიტეტმა განიხლა კანონპროექტი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ბიზნესისთვის გონივრული ვადის მიცემა აუცილებელი იყო.
"მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა სავარაუდოდ, 2017 წლამდე გადაიდება. გადადებას ერთადერთი მიზეზი აქვს, ბიზნესი არ უნდა დაზარალდეს. არავის არ უნდა შეექმნას პრობლემა გადარიცხული თანხების, დადებული ხელშეკრულებების, დაწყებული მოლაპარაკებების გამო. ყველა ხელშეკრულება, რომელიც 2016 წლის ბოლომდეა დადებული, უნდა განხორციელდეს“,- აღნიშნავს თემურ მაისურაძე.
მისი განცხადებით, პარლამენტმა განიხილა კონკრეტული წინადადებები და ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად, რეგულაციების შემოღება დროებით შეაჩერა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად დასახელებული სამთვიანი ვადა შესყიდული ავტომობილების ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის სრულიად საკმარისი იყო. ბიზნესთან კონსულტაციების დროს კი აღმოჩნდა, რომ მათ ბევრი ისეთი ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული, რომელიც თანამშრომლობას წლის ბოლომდე გულისხმობდა.
,,როცა კანონპროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მაშინ მიდგომა იყო ასეთი - ტრანსპორტირების სტადიაზე მყოფი ავტომობილის რეალიზაციას ხელი არ შეშლოდა და დილერებს აღებული დაკვეთების შესრულება მოესწროთ. მსჯელობის შედეგად კი გადავწყვიტეთ, რომ ცოტა უფრო შორს გაგვეხედა და არც ისინი დაგვეზარალებინა, რომელთაც უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული“, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ.
თემურ მაისურაძე აცხადებს, რომ 2016 წელი იქნება ბოლო პერიოდი ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოსაყვანად. მისი თქმით, უფრო გრძელვადიანი ხელშეკრულებების გათვალისწინება შეუძლებელია.
ქრისტინე გამთენაძე