ბოლო 3 თვეში მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი 70-80%-ით შემცირდა. ეს არ გახლავთ ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც ამ ბიზნესშია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენასაჭიანების აკრძალვა 2017 წლამდე გადაიდო, ჯერჯერობით იმპორტის მიმართულებით უკეთესობა არ შეიმჩნევა.
სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ავტობიზნესი ჩავარდა. ამ ფაქტს იმპორტიორებიც ადასტურებენ და დასძენენ, რომ მოთხოვნა თითქმის აღარ არის.
წესით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია 2016 წლის 1-ელ მარტამდე იყო ნებადართული, თუმცა კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რაც ნიშნავს, რომ მისი დამტკიცება გადაიდო, სავარაუდოდ, 2017 წლამდე. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აკრძალვა არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს.
კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესს უკიდურესად გაუჭირდა და რამდენიმე ოფისი დაიხურა კიდეც.
"ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესი ჩააგდო. იმპორტი ბოლო 3 თვის მონაცემებით, 70-80%-ით არის შემცირებული. ოფიციალურად ეს ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ რეალობას ზუსტად ასახავს. საბოლოოდ, დაზარალდნენ როგორც მომხმარებლები, ასევე დილერები, კომპანიები, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც ავტომანქანების ბიზნესში იყო ჩართული. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. თამამად შეიძლება თქმა, რომ ბიზნესი ჩავარდა. არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებენ თუ არა, რეალობა ასეთია", - აცხადებს ურუშაძე.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილონ, თუმცა აკრძალვა მაინც რამდენიმე თვით გადავადდება.
"საჯარო ინფორმაცია არ გაუკეთებია არავის, თუ რატომ გადაიდო პროექტის განხილვა, მათ შორის, არც შსს-ს, რომელიც კანონპროექტის ავტორია, არც პრემიერ-მინისტრს, რომელიც ცოტა ხნის წინ ადასტურებდა, რომ უკან დახევას არ აპირებს. ასეთი ბუნდოვანი დამოკიდებულება საბოლოოდ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე აისახება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი პირველ ადგილზე იყო, მაგრამ პოზიცია დათმო. ცხადია, საქართველოს გარდა, პრობლემა შეექმნათ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც. ადგილობრივებმაც, ვისაც უნდოდა 1-ელ მარტამდე მოესწრო, ამ ტიპის მანქანის ყიდვისგან თავი შეიკავეს. შესაბამისად, რეალიზაციამაც იკლო. ბოლო 2 თვეში იმპორტიორებმა ოფისებიც დახურეს.
ხალხს არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხნით გადაიდო აკრძალვა. შესაძლებელია, დაჩქარებული წესით განიხილონ და აპრილ-მაისამდე გადაიწიოს ვადა, თუმცა დიდი ალბათობაა, რომ არჩევნებს დაელოდონ", - ვარაუდობს ვასო ურუშაძე.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა ადასტურებს, რომ მარჯვენასაჭიანების იმპორტი კატასტროფული დოზით შემცირდა.
"სახელმწიფოს მხრიდან მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის აკრძალვაზე საუბარი დიდი მავნებლობა იყო. რა გამოვიდა? განცხადება გაკეთდა, მაგრამ არ აიკრძალა, საქმე კი გაფუჭდა. ელემენტარულად ისიც კი ვერ დაასაბუთეს, რატომ უნდა აეკრძალათ. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ბიზნესი ჩავარდა. ჩვენი ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან კატეგორიულად ითხოვდა, რომ აკრძალვის ვადა გადაეწიათ. ასეც მოხდა, მაგრამ ძნელია იმის თქმა, როდემდე გადაიდო. არ გამოვრიცხავ, არჩევნების შემდგომი პერიოდი შეირჩეს.
2014-15 წლებში, სანამ აკრძალვაზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, იმპორტის ნახევარზე მეტი ამ კატეგორიის მანქანებს ეკავა, მაგრამ ახლა ეს ბიზნესი, ფაქტობრივად, მოკლეს. ბოლო პერიოდში მარჯვენასაჭიან მანქანებს თითქმის არავინ ყიდულობდა. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა მაჩვენებლით, თუმცა კლება ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, თანაც კატასტროფული. მოქალაქეებმა აღარ იცოდნენ შეეკვეთათ თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და საბოლოოდ ვერ გარისკეს", - აცხადებს მესხიშვილი.
რაც შეეხება საჭის გადატანას, მისი თქმით, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, შეეცდება, ალტერნატიული საქმიანობა გამოძებნოს, რადგან ამ საქმიანობას პერსპექტივა არ აქვს.
რუსთავის ბაზრობაზე მომუშავე ლადო გერსამია ამბობს, რომ იმპორტიორებისთვის ახალ სტანდარტზე გადასვლა უჭირთ და ფინანსურად ბევრი დაზარალდა.
"მარჯვენასაჭიანი მანქანების გაყიდვას ხელს უწყობდა ფასი. სიიაფის გამო კლიენტების უმეტესობა ასეთ მანქანას უკვეთავდა. გარდა ამისა, იგი უფრო ეკონომიურიცაა და უპირატესობა ამ მხრივაც აქვს. ვისაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილის ყიდვა უნდოდა, შიშით გადაიფიქრა კიდეც. ვადის გადაწევის გამო, ახლა შეიძლება გარისკონ, მაგრამ წინასწარ მაინც ძნელია ვარაუდი.
ხალხს რომ არა აქვს ძვირადღირებული მანქანის ყიდვის საშუალება, იმიტომ ყიდულობდნენ მარჯვენასაჭიანებს. ამ აკრძალვით ლუკმაპურის შოვნის საშუალებასაც მოუსპობენ, ჩვენ კი ფინანსურად ვზარალდებით, რადგან საქმიანობის შეცვლა მოგვიწევს. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ", - ამბობს დილერი.
სამაგიეროდ, მარცხენასაჭიანი მანქანების იმპორტიორები მოგებული დარჩნენ. აკრძალვის შემოღების შემდეგ (თუ ეს პროცესი დაჩქარდება) მანქანების რეალიზაცია მათ ნამდვილად არ გაუჭირდებათ.
კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე არ გამორიცხავს, მარცხენასაჭიანი ავტომობილები გაძვირდეს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელდება.
"საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ზოგმა პოლიტიკური შეფასება მისცა, რასაც კატეგორიულად ვემიჯნები. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვს და მას აბსოლუტურად ვეთანხმები. სათითაოდ ვერ ჩამოვთვლი ამ მიზეზს, ისედაც ბევრი ითქვა. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მგზავრობის უსაფრთხოების გამო მიიღეს.
ამერიკისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე იმპორტიორებს მოგვეცემა რეალური შესაძლებლობა, რომ ხარისხიანი ავტომანქანები მოვაწოდოთ მომხმარებელს. შეიძლება არ იყოს ახალი, მაგრამ ხარისხი გარანტირებული იქნება", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე "რეზონანსთან" საუბრისას.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"