რატომ უნდა დავაფინანსოთ სტარტაპი

„მოწინავე ქვეყნებში სტარტაპების დასაფინანსებლად მილიარდებს იმეტებენ, ჩვენ კი რამდენიმე ათეული მილიონი გავიმეტეთ, მაგრამ ეს მაინც გარღვევაა“

საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობაზე უკვე რამდენიმე წელია მსჯელობენ, თუმცა ეს მიმართულება ჯეროვნად განვითარებული არ არის.

შესაძლოა ამის მიზეზი ისიც არის, რომ სტარტაპი არ არის მცირე ბიზნესი, ან ახლად შექმნილი საწარმო, რომელსაც კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს, თუმცა სტარტაპს მასშტაბური ზრდა შეუძლია. როგორც წესი, წარმატებული სტარტაპი სწრაფად ვითარდება და ადამიანთა ყოველდღიურობაზე დიდ გავლენას ახდენს, თავდაპირველად კი, იდეის სახით არსებობს, ამიტომ მისი დაფინანსება სარისკოა. სტარტაპის საუკეთესო მაგალითია „ფეისბუქი“, რომლის გარეშე დღეს ჩვენი ყოფა წარმოუდგენელია - იგი ყველასთვის უცნობმა ადამიანებმა შექმნეს და თავიანთი გამოგონებით მთელი მსოფლიოს „დაპყრობა“ შეძლეს.

სტარტაპების ხელშეწყობა პრიორიტეტული ქვეყნის მთავრობისთვის გახდა. როგორც გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, „საქართველოში სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტისთვის უკვე განსაზღვრულია 30-35 მილიონი ლარის მოცულობის ფონდი, რომელიც თბილისზე და რეგიონებზე გადანაწილდება“.

„ბიზნესპრესნიუსი“ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს, თემურ მაისურაძეს ესაუბრა, რომელიც სტარტაპების და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე უკვე წლებია მუშაობს:

- სტარტაპების მნიშვნელობაზე მთავრობა არჩევნებში გამარჯვების პირველივე თვეებიდან მსჯელობს: ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ჩვენი ინიციატივები ძალიან კარგად მიიღო და მხარიც დაგვიჭირა. შეიქმნა „ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტო“, რომლის დაფუძნებაში მეც აქტიურად ვმონაწილეობდი. ამ უწყების ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ სტარტაპების ხელშეწყობა იყო. დაახლოებით 15-მდე სტარტაპი მსოფლიო ბანკის დახმარებით მართლაც დაფინანსდა. სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველაფერი შეჩერდა იმის გამო, რომ „ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს“ არ დაუმტკიცეს თანხა, რომლითაც საინტერესო პროექტებს განახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შეჩერებული პროცესი განაახლოს და გამოაცოცხლოს.

- ბატონო თემურ, ჩვენს პირობებში რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ სტარტაპებში თანხის ჩადება?

- ეს საჭირო კი არა, აუცილებელია, რადგან საქართველოს ეკონომიკას ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროება ინოვაციური პროექტები, ახალი ბიზნესიდეები და მათი ინკუბაცია. ჩვენ ყველაზე დიდი ჩავარდნა გვაქვს ამ დარგში იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკა მონოპოლიურ რელსებზე იყო აწყობილი და აქ კონკურენცია არ არსებობდა.

- ცნობილია, რომ რომ სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტისთვის 30-35 მილიონი ლარი უკვე გამოიყო...

- ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მართალია, ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვევლია, მაგრამ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დადგინდება და გამოიყოფა სახსრები, რომლებიც უკვე კონკრეტული სტარტაპებისკენ იქნება მიმართული. მე ამის დიდი იმედი მაქვს. ალბათ, გარკვეული თანხა იქნება გამოყოფილი დაქირავებული ექსპერტებისთვის, რომლებმაც უნდა შეაფასონ ესა თუ ის სტარტაპი რამდენად იმსახურებს დაფინანსებას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა დაფინანსდება და რა - არა. ყველა იდეა ზედმიწევნით კარგად უნდა იყოს შესწავლილი, რომ რისკი მინიმალური იყოს.

- რა ეტაპები უნდა გაიაროს სტარტაპმა, რომ წარმატებას მიაღწიოს?

- თავდაპირველად ცხადდება კონკურსი და მასში მონაწილეობის ყველა მსურველმა განაცხადი უნდა შეიტანოს, ყველას ექნება შესაძლებლობა კონკურსში თავისი იდეებითა და პროექტებით მიიღოს მონაწილეობა. მათგან შეირჩევა საუკეთესო პროექტების ავტორი, ან ავტორთა ჯგუფი. შემდეგ კი, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოსამზადებელი სამუშაოები, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მეორე ეტაპზე გადასვლას. მათ მოუწევთ თავიანთი ბიზნესგეგმის წარდგენა და მისი დაცვა, მესამე ეტაპზე უკვე კომისიის წინაშე უნდა წარადგინონ ეს პროდუქტი. ბოლოს, კომისია გადაწყვეტს, უნდა დაფინანსდეს პროექტი, თუ - არა. ამ ეტაპების გავლის შემდეგ თანხაც გამოიყოფა და სტარტაპი დაფინანასდება, მაგრამ ეს უნდა იყოს იმ დონის პროდუქტი, რომ მასში ფულის ჩადება ღირდეს. შეიძლება რომელიმე ნიმუში საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებზეც წარადგინონ, იქიდან სტარტაპისთვის უკვე სხვა ჰორიზონტი იშლება. გააჩნია, რა პოზიციის და რა მიმართულების პროექტია. თუ იდეა საქართველოში ვერ განხორციელდება, მაშინ სჯობს დაპატენტდეს და უცხოეთში გავიდეს. მცირე მასშტაბის პროექტი კი, შეიძლება მისმა ავტორმა, ან ავტორთა ჯგუფმაც დააფინანსოს. სტარტაპის დაფინანასება ძირითადად კერძო პირების, უმაღლესი სასწავლებლების და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პრეროგატივაა. ამ ეტაპების გავლის და დაფინანსების შემდეგ სტარტაპმა უკვე თავისით უნდა გაიკვალოს გზა.

- თქვენი შეფასებით, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ამ სფეროს დაფინანსება?

- სახელმწიფო ამით არაფერს აგებს, რადგან სუბიექტები, რომლებსაც ის დააფინანსებს, ცოტა ხანში სერიოზული გადამხდელები გახდებიან. გადამხდელების სიმრავლე კი სახელმწიფოს შემოსავლების ზრდას ნიშნავს. კერძო სექტორის იმედზე ჯერ ვერ ვიქნებით, ამიტომ საწყის ეტაპზე ამ საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, მერე კი, ბიზნესი ყველაფერს თავისით მიხედავს. სტარტაპები მოგებას აძლევენ სახელმწიფოს, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ამიტომ მოწინავე ქვეყნებში მათ დასაფინანსებლად მილიარდებს იმეტებენ, ჩვენ კი, რამდენიმე ათეული მილიონი გავიმეტეთ, მაგრამ ეს მაინც გარღვევაა - ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ ყოფილა: ყინული დაიძრა და პირველი ეტაპიც განსაზღვრულია, მომავალში კი, ვნახოთ რა მოხდება.

- ბატონო თემურ, უცხოეთში წარმატებული სტარტაპის მაგალითი ბევრია, საქართველოში თუ გვაქვს ასეთი მაგალითები?

- დიახ, წარმატებული სტარტაპის მაგალითია "ფეისბუქი", "ვაიბერი", სტარტაპი იყო "სკაიპიც", რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებში შეიქმნა და მერე მილიარდებში გაიყიდა. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება, სადაც სტარტაპის მნიშვნელობა კარგად იციან. საქართველოში წარმატებული სტარტაპების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ სტატისტიკის დეპარტამენტი ამ მონაცემებს აღრიცხავს და გამოაქვეყნებს.

ხათუნა ჩიგოგიძე