"ბლექ სი რივერა" განმუხურში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს

შპს "ბლექ სი რივერა" სოფელ განმუხურში მინიმუმ 120 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს ააშენებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოცხადებულ პირობებიან ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა.

უძრავი ქონება 33951 კვ.მ. არასასოფლო - სამეურნეო მიწას და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს, ხოლო მისი საწყისი საბაზრო ღირებულება 2 263 500 ლარად იყო განსაზღვრული.

"საინვესტიციო პროექტის მიხედვით, "ბლექს სი რივერა" სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოაწყობს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს და ჩოგბურთის კორტებს. ობიექტი ასევე უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით და კეთილმოწყობილი, გამწვანებული ეზოთი. პროექტის განხორციელება მაქსიმუმ 60 თვის ვადაში მოხდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მინიმუმ ათ მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე