აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტთან დაკავშირებით დაწესებული აკრძალვის შემდეგ ავტომობილების რეექსპორტი, შესაძლოა, პაკისტანისა და ირანის მიმართულებით განხორციელდეს. როგორც გზეთი "რეზონანსი" წერს, ამ მხრივ გაცილებით მეტი პოტენციალი გვაქვს პაკისტანში, სადაც რეექსპორტის რამდენიმე შემთხვევა უკვე აღინუსხა. ქართველმა იმპორტიორებმა ამ ბაზარზე შეღწევა დამოუკიდებლად მოახერხეს. თუკი სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და აღნიშნულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობა გამარტივდება, საავტომობილო ბაზარს, შესაძლოა, ეშველოს კიდეც.
ჯერჯერობით ავტომობილების რეექსპორტში მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება. ბოლო 2 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 35-40%-ით იკლო. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანში "ევრო 4"-ის სტანდარტის დაწესებამ, რის გამოც ქვეყანაში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების იმპორტი აიკრძალა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აპრილამდე აზერბაიჯანი საქართველოსთვის ავტომობილების ექსპორტის ერთ-ერთ უმთავრეს ბაზრად მიიჩნეოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 703,9 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც ნახევარზე მეტი, დაახლოებით, 380 მლნ დოლარი აზერბაიჯანში ექსპორტზე მოდიოდა. უკვე 2015 წელს ავტომობილების რეექსპორტი 179,6 მლნ აშშ დოლარამდე დავიდა. 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 517,7 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, 2016 წლის იანვარ-აპრილში ავტომობილების რეექსპორტი 48,375.4 დოლარია, რაც მთლიანი ექსპორტის 9%-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის "ევრო 4"-ის სტანდარტზე გადასვლამ ქართველი ავტოიმპორტიორები იმდენად დაზაფრა, რომ დღემდე ვერ იკრებენ ძალას. თუ გავითვალისწინებთ, რომ აკრძალვა ზოგ შემთხვევაში 2011 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებსაც ეხება, რეექსპორტი კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშეა.
სპეციალისტები სახელმწიფოს ალტერნატიული ბაზრების მოძიებას ურჩევენ. ერთ-ერთ პოტენციურ ქვეყნად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პაკისტანი, სადაც ქართველმა იმპორტიორებმა ნიადაგი უკვე მოსინჯეს.
"ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევაა, როცა საქართველოდან ავტომობილი რეექსპორტზე პაკისტანშიც გადის. ასეთივე პოტენციური მოკავშირე შეიძლება იყოს ირანი, ყატარი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რაც იმპორტიორებს პოზიციის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
"რამდენიმე წელია, ქართველი ავტოიმპორტიორები კრიზისს განიცდიან, ბევრმა თავი დაანება საავტომობილო საქმიანობას. როგორც ვიცი, 2-3 წლის წინათ ამ ბიზნესში 20 000-მდე იმპორტიორი იყო დასაქმებული, მაგრამ მათი რაოდენობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მცირდება. ხელისუფლებას შეეძლო პარტნიორ სახელმწიფოებთან უფრო ეფექტური მოლაპარაკება და ალტერნატიულ ბაზრებზეც ეზრუნა, თუმცა ის, რაც ვერ შეძლო მთავრობამ, რამდენიმე ადამიანმა მოახერხა.
კერძოდ, მანქანების რეექსპორტი ბოლო პერიოდში პაკისტანშიც განხორციელდა. მართალია, ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევაა, მაგრამ ჩვენთვის ციფრებზე მეტად საინტერესოა ფაქტი, რაც ბაზრის პოტენციალზე მიგვანიშნებს. ასეთი პოტენციური მოკავშირე შეიძლება იყოს ირანი, ყატარი და სხვა ქვეყნებიც. 2011 წლამდე საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი პირველ ადგილზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ", - აცხადებს ურუშაძე.
იგი რამდენიმე მიზეზზეც საუბრობს, რამაც საქართველოს საავტომობილო ბაზარს "დაარტყა" და ვითარება რადიკალურად შეცვალა.
"ავტომობილების ბიზნესში პრობლემაა 2011 წლიდან, როცა ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, ანუ ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი იყო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ყაზახეთში განბაჟება გაძვირდა დაახლოებით 4-ჯერ და საქართველოდან ავტომობილების შეყვანა შეუძლებელი გახდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, ამ ბაზრებზე ქართველი იმპორტიორები აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ რეგულაციის გამო, რომელიც აზერბაიჯანმა დააწესა, სერიოზული პრობლემა შეიქმნა. განსაკუთრებით გაუჭირდათ იმპორტიორებს, რომლებიც მეზობელი ქვეყნის ბაზარზე მუშაობდნენ. ამის შედეგია ის, რომ ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში ბოლო ორ წელიწადში 35-40%-ით შემცირდა, რაც ნამდვილად საგანგაშო სტატისტიკაა", - განმარტავს ვასო ურუშაძე.
რეექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ იმპორტიორებიც. კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი, საავტომობილო სფეროს სპეციალისტი ელგუჯა ჯამაგიძე განმარტავს, მდგომარეობა ბოლო პერიოდში ოდნავადაც არ შეცვლილა. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ რეექსპორტის რამდენიმე შემთხვევაა პაკისტანშიც, თუმცა, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ის ამ მიმართულებით პოტენციალს ნაკლებად ხედავს.
"ავტომობილების რეექსპორტში აზერბაიჯანელების როლი მინიმუმამდე დავიდა. მართალია, ძვირიანი, სტანდარტის შესაბამისი მანქანები ამ ეტაპზეც გაჰყავთ ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ამით საერთო სტატისტიკა სასიკეთოდ არ იცვლება. მთელი ბაზრის ტვირთი წავიდა სომხეთის მოქალაქეებზე, თუმცა პროცენტულად სომხების წილიც დაბალია. ბოლო დროს შემოდიან თურქებიც, იფორმებენ მანქანებს, მაგრამ სად მიჰყავთ და როგორ, ვერ გეტყვით. საკმაოდ ბუნდოვანია საავტომობილო ბაზარზე თურქი ექსპორტიორების საქმიანობა.
ჩვენ აზერბაიჯანის ბაზარზე ნაკლები მომხმარებელი გვყავს მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში. უფრო სპეცმანქანები აინტერესებთ, მაცივარდანადგარებით და სხვა. ბიზნესიც საკმაოდ რისკიანი გახდა. იმპოტიორებს უფრო შეკვეთა გვაინტერესებს, მაგრამ ეს არ აწყობთ აზერბაიჯანელებს, რადგან არ უნდათ წინასწარ გადახდა.
ჩვენი მთავრობა უნდა განეწყოს, რომ მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს. არ იქმნება ერთიანი ბაზა, რომ გამოცდილ კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტექნიკურად გამართული მანქანები ჰყავდეთ, მაგრამ ტექდათვალიერება არ არის და თავის თავზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე.
რაც შეეხება ახალ ბაზრებს, ჯამაგიძის ინფორმაციით ამ მხრივ გადამწყვეტი ფუნქცია სახელმწიფოს აკისრია, რადგან მისი პოზიციაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
"პაკისტანში ავტომობილების რეექსპორტის სულ რამდენიმე შემთხვევაა. რამდენადაც ვიცი, ინდოეთის ბაზარზეც კი დაფიქსირდა ასეთი ფაქტი. ამ მხრივ კერძო პირები ვერაფერს შევცვლით, თუ სახელმწიფომ არ იმუშავა. სამთავრობო დონის შეხვედრებზე ავტომობილების რეექსპორტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად უნდა განიხილებოდეს. აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ეს საკითხი აუცილებლად უნდა დაისვას, რომ ახალი ბაზრების მოძიება და საექსპორტო არეალის გაფართოება რეალურად გახდეს შესაძლებელი", - დასძენს ელგუჯა ჯამაგიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები უმეტესად აზერბაიჯანსა და სომხეთში გადის, თუმცა შარშან აზერბაიჯანში რეექსპორტი განახევრდა.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"