კომპანია ”თბილისის ზღვის ინოვაციებს“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე მილიარდერი, მინდია გულუაა, საქართველოს მთავრობამ ვარკეთილი - 3 -ის IV მიკრორაიონში მდებარე 380 ათასი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 000 დოლარად, გადასცა.
სანაცვლოდ კომპანიამ 32 ათას 700 კვ მეტრ ფართობზე 2015 წლის 1 მარტამდე მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს სამი დარბაზით, მათ შორის, ერთ -ერთის ტევადობა 7 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამასთანავე, საინვესტიციო პროექტში დაგეგმილია ოლიმპიური აუზისა და მძლეოსნობის არენის მოწყობაც. 2015 წლის 1 აგვისტომდე კი ”თბილისის ზღვის ინოვაციებმა” 4 საფეხბურთო მოედანის უნდა მოაწყოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. კოპანიამ პროექტში სულ 22 მილიონ 500 ათასი ევროს მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
მულტიფუნქციურმა სპორტის სასახლემ, ოლიმპიური აუზმა, მძლეოსნობის არენამ და საფეხბურთო მოედნებმა თავისი პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს.
შპს ,,მგ თბილისის ზღვის ინოვაციები“ საჯარო რეესტრში წელს აგვისტოს ბოლოს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი, მინდია გულუა, რუსეთის არყის ბიზნესის 62% აკონტროლებს. ეხლახანს ახალი კომპანიის ”სანტა მარია ჰოლდინგის” დამფუძნებელიც გახდა, რომელიც 2013 წლისთვის 1,35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას რუსეთისა და უკრაინის უძრავი ქონების ბაზარზე აპირებს.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქე გულუას საქართველოში არ უშვებდნენ, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიზნესმენი თბილისს ესტუმრა და პარტია ”განახლებული საქართველო” ჩამოაყალიბა. მილიარდერი არ მალავს, რომ სამშობლოში შორსმიმავალი გეგმები აქვს. ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულუამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ქართული ბანკის ყიდვას აპირებს, რათა მოსახლეობის კრედიტები გამოისყიდოს, შემდეგ კი მათთვის საკრედიტო მომსახურების საპროცენტო განაკვეთს შეამციროს. ამასთანავე, გულუა დევნილებისთვის რეგიონებსა თუ თბილისში სახლების მშენებლობას გეგმავს. მის სამომავლო პროექტებში გორის რაიონში ხილის საკალიბრე ქარხნის, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნაც შედის.