სადაზღვევო კომპანია ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გაკოტრების გამო დაზარალებულ კლინიკებს სახელმწიფო 5 მილიონ ლარს გამოუყოფს.
როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა ნიკოლაძემ bpn.ge-ს განუცხადა, კლინიკების ერთი ნაწილი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას, შესაბამისად, მთავრობამ გადაწყვიტა, ვიდრე ”არქიმედეს” გაკოტრების პროცესი და, შესაბამისად, ვალდებულებების დაფარვის პროცესი დასრულდება, პირველი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ტრანში გამოუყოს.
”მართალია, მათი პრობლემები ამ რესურსით მხოლოდ ნაწილობრივ მოგვარდება, მაგრამ მათთვის ”სასწრაფო დახმარების” ტოლფასი იქნება”, - განაცხადა ნიკოლაძემ.
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა მომავალ ბენეფიციარებთან ერთად ფულადი დახმარების განაწილების ვერსიებს განიხილავს. 5 მილიონ ლარს კლინიკები, სავარაუდოდ, პროპორციულად გადაინაწილებენ.
”ჯერ კიდევ არ არის საბოლოო მონაცემები ზუსტი დავალიანების მოცულობის შესახებ, რაც ”არქიმედეს” სამედიცინო დაწესებულებების წინაშე დაუგროვდა. ჩვენ შევისწავლით დაზარალებული კლინიკების მდგომარეობასაც. თუ ჩავთვლით, რომ რამდენიმე მათგანი დახურვის საფრთხის წინაშეა, შეიძლება, დაფინანსების მოდელი შევცვალოთ”, - აღნიშნა ნიკოლაძემ.
მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, 5 მილიონი ლარი ”არქიმედეს” დავალიანების მეოთხედს შეადგენს, დანარჩენ თანხას დაზარალებული კლინიკები ”არქიმედეს” ბალანსზე არსებული სამი სამედიცინო ობიექტის, ლაგოდეხის, წნორისა და სენაკის საავადმყოფოების რეალიზაციიდან მიიღებენ.
”რა თქმა უნდა, სახელმწიფო მხოლოდ დავალიანების ძირ თანხას გაითვალისწინებს და არა საჯარიმო საურავებს. თუმცა, ვფიქრობ, არც ხუთი მილიონი ლარი და არც სამი ობიექტის პრივატიზაცია ზარალს მთლიანად ვერ აანაზღაურებს”, - აღნიშნა ნიკოლაძემ.
მისი განცხადებით, სახელმწიფო დახმარებას დაზარალებული კლინიკები პირველი აპრილიდან მიიღებენ.
სადაზღვევო კომპანია ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიას ” გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის 31 დეკემბერს მიიღეს. სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში” საქართველოს 300 ათასზე მეტი მოქალაქე იყო დაზღვეული. მას შემდეგ, რაც კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, ყველა ვალდებულება თავის თავზე სახელმწიფომ აიღო, მათ შორის, მოქალაქეების მომსახურებაც საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში.