”მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით”.
ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
ცისკარიძე საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისი კუთვნილი კომპანია შპს "არტფორუმის" დავალიანების საკითხზე დაიბარეს. როგორც მომღერალი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რა 3 მილიონზეა საუბარი და განმარტავს, რომ მის კომპანიას დავალიანება არ აქვს.
"მინდა გავერკვიო, რაშია საქმე, იმიტომ რომ, დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს. დამირეკეს გუშინ და მთხოვეს მოვსულიყავი, კომპანიას აქვს დავალიანება და შესაბამისად, უნდა გავისაუბროთო. არანაირი დავალიანება არ აქვს. მე ხელოვანი ადამიანი ვარ და ძალიან კარგად იცით, რომ ჩემთვის მსგავსი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა კახა ცისკარიძემ.
როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, შპს "არტფორუმი" 2005 წელს დაარსდა და კომპანიაში 50-50%-იანი წილის მფლობელები სტეფანე მღებრიშვილი და კახა ცისკარიძე არიან.
ამ საკითთან დაკავშირებით bpn.ge შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიეთობის სამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, კახა ცისკარიძის კომპანიის მიერ გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რის გამოც ”არტფორუმს” გარკვეული რაოდენობის დავალიანება დაეკისრა. მოისწრაფიშვილმა თანხის რაოდენობა არ დააკონკრეტა. ”მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შემოსავლების სამსახური დაკითხვაზე არავის იბარებს. კახა ცისკარიძის კომპანიას ჩაუტარდა შემოწმება, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა კომპანიას. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის დარღვევა ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით. ამის გამო ”არტფორუმს” დაეკისრა დავალიანება”,- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.
სტეფანე მღებრიშვილისა და კახა ცისკარიძის შპს „არტ ფორუმის“ მიერ სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი მუსხელიშვილიც საუბრობდა. როგორც საკრებულოს წევრი აცხადებდა, ეს კომპანია უკონკურსოდ, ყოველგვარი ტენდერების გარეშე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა კონცერტებისთვის ღებულობდა სერიოზულ თანხებს.
მუსხელიშვილის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი იანვრის ღამეს თბილისში ჩატარებული კონცერტისთვის „არტ ფორუმმა“ სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ფრაქციამ „ქართული ოცნება - თბილისი“-ს თავმჯდომარემ ბათუმში ჩატარებული კონცერტის შესახებ შეძლო ინფორმაციის მიღება. მისი თქმით, კონცერტისთვის ბათუმში, რომელზეც 100 000 ლარი დაიხარჯა, „არტ ფორუმმა“ უცხოელი „დიჯეი“ ჩამოიყვანა, რომელსაც 62 000 ლარი გადაუხადეს, ხოლო დანარჩენი თანხა კახუჩელას, სტეფანეს და უგულავას ჯიბეში აღმოჩნდა.
მუსხელიშვილის თქმით, ამის შემდეგ „არტ ფორუმს“ დათო ევგენიძის კონცერტის ორგანიზება დაევალა, რისთვისაც 150 000 ლარი მიიღო. აქედან ევგენიძეს მხოლოდ 25 000 ლარი შეხვდა ჰონორარის სახით, დანარჩენი 125 000 ლარი კი ისევ ამ პირებზე გადანაწილდა.
არ არის გარმორიცხული, რომ კახა ცისკარიძე "პოლიტიკურ სარჩულზე" საუბრისას, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებებს გულისხმობდა.