ანაკლიაში ტურისტული სეზონი დაიწყო.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ ამ სეზონისგან, გასულ წლებთან შედარებით მეტ სარგებელს მიიღებენ, რაც ”კაზანტიპის” ფესტივალის დიდი მოლოდინით არის გამოწვეული. ”დიდი იმედი გვაქვს, რომ წლების წინ აღებულ ბანკის ვალებს თუ ვერ გავისტუმრებთ, შევამცირებთ მაინც”,- აცხადებენ ისინი ჩვენთან საუბარში.
მათივე თქმით, ახალი თხილი, ერთი კილოგრამი, უკვე 4,10 ლარი ღირს, რაც ჯერ არნახული ფასია. ასევე გაიზარდა ფასები კვების ობიექტებშიც.
ანაკლიასთან ერთად, გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს განმუხურშიც. ”კაზანტიპთან” დაკავშირებით ზღვისპირა კურორტზე სცენების მონტაჟი, კაფე-ბარებისა და ბუნგალოების მშენებლობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ბიზნესთან ერთად, ფესტივალისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა - როგორც ანაკლიელები აცხადებენ, ”კაზანტიპის” პროექტისგან უდიდეს ეკონომიკურ სარგებელს ელიან. თუმცა, ადგილობრივები უკმაყოფილო არიან იმ განცხადებებით, რასაც კაზანტიპის ჩატარების მოწინააღმდგეები აკეთებენ და ამბობენ, რომ ფესტივალის ჩაშლის უფლებას არავის მისცემენ.
ანაკლიის ფესტივალთან დაკავშირებით, უკვე გარემონტდა საოჯახო სასტუმროები, გაიხსნა ახალი კვების ობიექტები. უკვე დაჯავშნილია ყველა სასტუმრო.
ანაკლიასა და განმუხურის გარდა, მოსახლეობა ტურისტებზე სახლებს ახლომდებარე სოფლებში, დარჩელსა და კახათშიც აქირავებს. საოჯახო ტიპის სასტუმროებში ერთი ოთახის ფასი, დღე-ღამეში 15-დან 80 ლარამდე მერყეობს.
მერაბ მებონია, ანაკლიის მკვიდრი: ”ანაკლიის შესასვლელში ვცხოვრობ. ჩემი სახლიდან ზღვამდე, მანქანით 10-15 წუთის გზაა, მაგრამ მაინც მოვიდა ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ფესტივალის ჩატარების საკითხებს ხელმძღვანელობს, ჩემი სახლი დაათვალიერა და მითხრა: 10 კაცის ადგილი გქონიათო. 20 აგვისტოს ჩამოდიან ჩემთან სტუმრები უკრაინიდან და 30 აგვისტოს ჩათვლით დარჩებიან. ერთი კაცი, დღე-ღამეში 30 ლარს გადაიხდის, ამას ემატება, საკვების თანხა და მანქანით მომსახურება. მითხრეს: ზღვამდე და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე მისასვლელად თქვენი მანქანით მოემსახურეთ, რაშიც დამატებით თანხას გადაიხდიანო. ალბათ ცოტას ამოვისუნთქავთ. აქამდე ჩვენი შემოსავალი მხოლოდ თხილი, სიმინდი და რძის ნაწარმი იყო, ეს ცოტა შეღავათი იქნება ჩვენთვის. მომავალი წლის სეზონისთვის, სახლს უფრო კარგად გავარემონტებ.…ვინც ზღვასთან უფრო ახლოს ცხოვრობს, მეტი გადაუხადეს. მათ ახლა ჩვენზე მეტად სჭირდებათ კარგი შემოსავალი, რადგან ბანკის ვალებს იხდიან”.
თუმცა, ასევე ირკვევა, რომ მოსახლეობის ნაწილი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოუმზადებელი ხვდება ანაკლიაში ტურისტების მოზღვავებას, რის გამოც ისინი ტურისტებს ვერ მიიღებენ.
ელგუჯა ნაჭყებია, ანაკლიის მკვიდრი:
”ზღვის სანაპიროსთან ვცხოვრობ, სასტუმრო "ანაკლიადან" რამდენიმე მეტრში, მაგრამ ვიზიტორებს ვერ მივიღებ, რადგან მცირე წვიმის დროსაც მთელი ეზო იტბორება და წყალი სახლში შემომდის. სველი წერტილები და სამზარეულო პირველ სართულზე გვაქვს და ტურისტები მის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ. ჩემს მდგომარეობაში რამდენიმე ათეული ოჯახია.ამის მიზეზი კი სასტუმროს მშენებლობისას დაშვებული შეცდომებია - მიწაყრილი მაღალზე გააკეთეს და ჩვენ მეტრნახევრით დაბლა აღმოვჩდნით, რის გამოც, სუსტი წვიმის დროსაც ვიტბორებით. ვიზიტორების რამდენიმე ნაკადი მოვიდა, მაგრამ რომ ვუთხარი, მხოლოდ მეორე სართულით შეგიძლიათ ისარგებლოთ მეთქი, უარი თქვეს - იქამდე როგორ ავიდეთ, ნავით ხომ არ ვივლითო”.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუშაობენ პროექტზე, რომელიც ანაკლიაში სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული წყლის კოლექტორის შეკეთებას და სანიაღვრე არხების მოწყობას გულისხმობს.
ადგილობრივი მოსახლეობისგან განსხვავებით, შედარებით იმედიანად არიან განწყობილი სასტუმროს მფლობელები. მათი თქმით, ანაკლიის სამივე სასტუმრო უკვე 80%-იანი დატვირთვით მუშაობს, ხოლო აგვისტოსთვის უკვე დაჯავშნილია ყველა ნომერი. ანაკლიის სასტუმროში გაჩერება კი ერთ პერსონაზე დღე-ღამეში 100 ლარიდან 400 ლარამდე ღირს, სერვისის და კვების გათვალისწინებით.
ლალი პაპასკირი