რაშია სერიალების კომერციული საიდუმლო?
სერიალების გარეშე თანამედროვე ტელევიზიის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალებს ბევრი აკრიტიკებს, ბევრიც მიიჩნევს, რომ ”საპნის ოპერის” გადაღებაში ფულს არ ჩადებდა, მათი პოპულარობა მაინც არ იკლებს. საქართველოში სერიალების ბუმი ”იზაურათი” დაიწყო და მგზნებარე სამხრეთ ამერიკული სერიალებით გაგრძელდა. ბოლო ხანებში კი, ჩვენი მაყურებლის გული თურქულმა სერიალებმა დაიპყრო. მართალია, ე.წ. საპნის ოპერები უფრო ქალთა აუდიტორიას იზიდავს, მაგრამ არსებობს მამაკაცთა აუდიტორიაზე გათვლილი დეტექტიური ჟანრის სერიალები. ერთი სიტყვით, სერიალებს აქვს ის იდუმალი, ამოუხსნელი ხიბლი, რომელიც მაყურებელთა ფართო აუდიტორიას იზიდავს და კომერციულად მომგებიანია ტელევიზიებისთვისაც.
”სერიალების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ფასებიც განსხვავებულია: ერთი და იგივე სერიალი შეიძლება სხვადასხვა ფასად შეიძინოს სხვადასხვა ქვეყანამ, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე, ენაზე, რომლითაც საუბრობენ სერიალში და ა.შ... რაც უფრო გავრცელებულია ეს ენა, მით უფრო ძვირია სერიალი. ერთი სერიის ფასი 150 დოლარიდან იწყება და 2 400-2 500 დოლარსაც აღწევს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოლაპარაკების მიხედვით წყდება. 150 დოლარი საკმაოდ დაბალი ხარისხის სერიალის ფასია. სხვათა შორის, ზოგიერთი სერიალის ეპიზოდი ანუ ერთი სერია, შეიძლება 100 დოლარადაც იყიდო, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაბალი დონის სერიალებია. ყველაზე იაფფასიანი სამხრეთ ამერიკული სერიალის ერთი ეპიზოდი 200 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირისა კი - 500 დოლარი.
რა მოგება მოაქვს სერიალებს? - მათ მიერ მოტანილი მოგება არის როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის - რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდოს და არხის პოპულარობა გაზარდოს. სერიალი - მასებზე გათვლილი პროდუქტია, ამიტომ მისი წყალობით შეიძლება არნახულად გაიზარდოს არხის მაყურებელთა რაოდენობა. ამიტომ, ისეთი არხები, როგორიცაა ”რუსთავი 2”, ან ”იმედი", მინიმუმ ხუთ სერიალს მაინც უშვებენ დღის განმავლობაში. ამით ისინი დროის ყველა მონაკვეთში იზიდავენ მაყურებელს. ზოგიერთი არხი ახერხებს სერიალისაგან მოგება ნახოს, ზოგი - მხოლოდ დანახარჯს იღებს, ზოგი კი - საერთოდ ვერ იღებს ვერანაირ მოგებას, თუმცა მთავარი მაინც არაპირდაპირი მოგებაა - ანუ არხის ცნობადობისა და მაყურებლის რიცხვის ზრდა”. - ამბობს BPN-თან საუბრისას ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერი, რომელმაც მიზეზთა გამო საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოპულარული სერიალი ყოველთვის იზიდავს რეკლამას, რომლის ფასიც საკმაოდ მაღალია და ეს სერიოზული მოგებაა ნებისმიერი ტელევიზიისათვის. როგორც გავარკვიეთ, სასპონსორო რეკლამის პაკეტი მთელი თვის განმავლობაში 20 ათასი დოლარიც კი შეიძლება ღირდეს: სასპონსორო რეკლამების ფასი 5 ათასი დოლარიდან იწყება და 20 ათას დოლარამდე ადის. ზოგიერთ ტელევიზიაში ერთწუთიანი რეკლამა 300 დოლარი ღირს, ზოგ არხზე კი - 400-500 დოლარს აღწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სერიალის შესყიდვაც ძვირი ჯდება და მის გახმოვანებაზეც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. თურქული სერიალები ყველაზე ძვირია, ასევე ძვირია ამერიკული სერიალებიც. საქართველოში ყველაზე წარმატებული ამერიკული სერიალები ”გაქცევა” და ”ლოსტი” იყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ სერიალის ერთი ეპიზოდი 1500 დოლარი ღირდა. ახალი თურქული სერიალის ერთი ეპიზოდის ფასი კი ზოგჯერ 2400 დოლარსაც აღწევს.
რამ გამოიწვია თურქული სერიალების ბუმი? სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამხრეთ-ამერიკული სერიალები ხალხს მობეზრდა და სიახლეს ელოდა, სწორედ ეს სიახლე აღმოჩნდა თურქული სერიალი, რომელიც ახლოს აღმოჩნდა ქართულ ხასიათთან და ჩვენს ემოციურ თავისებურებებთან. თანაც, თურქული სერიალები საკმაოდ მაღალი ხარისხისაა - სიუჟეტიც, დრამატურგიაც, გადაღებაც მაღალი დონისაა. თურქებმა შექმნეს პროდუქტი, რომელიც კინოსთან მიახლოებულია და რომელმაც ”საპნის ოპერების” მოყვარულნი ცისფერ ეკრანს მიაჯაჭვა.
რეჟისორი გიორგი ლიფონავა ფიქრობს, რომ სერიალების პოპულარობა მათი შინაარსით განისაზღვრება - იმით, თუ რამდენად დამაინტრიგებელი და საინტერესოა მათი გმირების თავგადასავალი. ”შემდეგ უკვე მაყურებლებიც ერთვებიან პროცესში, მათ აინტერესებთ, როგორ წარიმართება სერიალის გმირების ცხოვრება, ან რა ელით მათ, აინტერესებთ მოვლენების განვითარება და ამ პროცესის თანამონაწილენი ხდებიან. უცხოური სერიალის შესყიდვა ახლის გადაღებასთან შედარებით უფრო იაფი ჯდება, ამიტომაც აჭარბებს დღეს უცხოური სერიალების რიცხვი ქართული სერიალებისას”,- ამბობს ლიფონავა.
გიგა აგლაძე, კინორეჟისორი: ”არსებობს საკმაოდ ძვირი სერიალები, მაგრამ საქართველოში 2500 დოლარს ერთ სერიაში არავინ გადაიხდის, რადგან ამას ვერც ერთი ტელევიზია ვერ შეწვდება. როგორც ვიცი, ერთი სერიის მაქსიმალური ზღვარი ჩვენთან 400 დოლარია, ხოლო ქართული სერიალის ერთი სერია დაახლოებით 2500 დოლარი ჯდება, ზოგჯერ - უფრო მეტიც, გააჩნია სერიალს და გადაღების თავისებურებებს. როდესაც მოქმედება სტუდიაში მიმდინარეობს, მაშინ სერიალი უფრო იაფია, ხოლო როცა სხვადასხვა ადგილას, ან ბუნებაში იღებენ, ეს უკვე კინოსერიალია, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს. ძალიან რეიტინგული და წარმატებული სერიალი იყო ”შუა ქალაქში”, რომელსაც დიდი თუ პატარა სიამოვნებით უყურებდა. მისი სიუჟეტი სტუდიაში, დეკორაციების ფონზე ვითარდებოდა, ხოლო ”ჩემი ცოლის დაქალებს” სხვადასხვა ადგილას იღებენ. ასეთი სერიალის გადაღება საერთოდ, უფრო ძვირი სიამოვნებაა. მაგრამ თუ სერიალი მარკეტინგულად სწორად არის გათვლილი, ის ტელევიზიის რეიტინგის ზრდაზე მუშაობს. პოპულარულ სერიალებს ყოველთვის ჰყავდა და მომავალშიც ეყოლება მაყურებელი, ამიტომ, ტელევიზიასაც უღირს, რომ ამ ტიპის პროექტებში ფული ჩადოს”.
ხათუნა ჩიგოგიძე