პროექტში მონაწილეობა იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ.
"კაზანტიპის" ხმაურიანი ფესტივალი ხმაურიანად დასრულდა. პროექტში მონაწილეობა იმაზე ბევრად ნაკლებმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე ორგანიზატორები ელოდნენ. თუმცა ამბობენ, რომ ფინანსური დანაკარგების მიუხედავად, პირველი მცდელობისთვის პროექტმა მაინც გაამართლა. ადგილობრივებში კი, ვინც უშუალოდ ფესტივალის ვიზიტორებს მასპინძლობდა, აზრთა სხვადასხვაობაა - ერთი ნაწილი კმაყოფილია და მოგებას ითვლის, მეორე ნაწილი კი ვალებზე საუბრობს.
ფინანსური პრობლემების ძირითადი მიზეზი ფესტივალის სტუმრების სიმცირე იყო - "რესპუბლიკის" ხელმძღვანელობა ანაკლიაში ბევრად მეტ სტუმარს ელოდა. არსებული მონაცემებით, ფესტივალს დაახლოებით 12 ათასი ვიზიტორი ესტუმრა, მათი დიდი ნაწილი სიძვირის და სხვა, არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო, მალევე ტოვებდა ანაკლიას.
ბუნებრივია, რომ სტუმრების სიმცირემ უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. ამას ემატება ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობის ნაწილს ტურისტულ კომპანია "ჯორჯია ოქეისთან" შეექმნა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულმა კომპანიამ მათ კუთვნილი თანხა არ გადაუხადა და ეს მაშინ, როცა ვიზიტორების მოლოდინში ბანკიდან სესხი აიღეს და შესაბამისი პირობების მოწყობას მოახმარეს. აღებული კრედიტებით სახლი გაარემონტეს.
ცოტა ხნის წინ "კაზანტიპით" დაზარალებულებმა ანაკლიის ცენტრში საპროტესტო აქციაც გამართეს. მათი განცხადებით, ტურისტულმა კომპანია "ჯორჯია ოქეიმ" ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მათ კუთვნილი თანხა არ აუნაზღაურა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია წინასწარ შერჩეული სახლის მფლობელებს დამსვენებლებს მიუყვანდა, თანხას კი "კაზანტიპის" დასრულების შემდეგ აუნაზღაურებდა.
ელზა ჭანტურია, ანაკლიის მკვიდრი:
"20 სტუმრის ჩამოყვანას დამპირდნენ და მხოლოდ 12 ჩამოვიდა. სტუმრების ამ რაოდენობაზეც თანხის მხოლოდ ნაწილი გადამიხადეს. არადა დიდი მოლოდინი გვქონდა. ახლა თხილის იმედი მაქვს, ბანკის ვალი მაინც რომ გავისტუმრო. ჩემ დღეში ბევრი ადამიანია".ადგილობრივები ამბობენ, რომ ფესტივალს ცუდი პიარი ჰქონდა, ამიტომ საზოგადოების აზრის გათვალისწინება მოუხდათ და დამსვენებლებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ადგილობრივების უმრავლესობას ერჩივნა ბინა ქართველებისთვის მიექირავებინა, რათა ზედმეტი ხმაური და მითქმა-მოთქმა აერიდებინათ თავიდან.
"აქციებისა და წინააღმდეგობების ფონზე, ძალიან ბევრმა მითხრა უარი უკრაინელების და რუსების მიღებაზე. თითქმის ყველა მეუბნებოდა: ხვალ და ზეგ ისევ აქ, ამ ადგილას უნდა ვიცხოვრო და ვინმე ქართველი, ჩვენებური მომიყვანეო. ამიტომ, იმ ოჯახებში, სადაც თავიდან დაახლოებით 20 ადგილი დავითვალეთ, მაქსიმუმ 10 ვიზიტორი შევიყვანე. ზოგი პირდაპირ მეუბნებოდა, ოჯახი მყავს და არ მინდა ვიღაც არანორმალურები შემოვიყვანოო, ზოგმა- მეზობლების სალაპარაკო არ მინდა გავხდეო. ფესტივალს ძალიან ცოტა ქართველი დაესწრო და ყველასთან როგორ უნდა გადამენაწილებინა? არადა, თუ ერთი უკრაინელი ან რუსი სტუმარი დღე-ღამეში 70 ლარს იხდიდა, ქართველმა 30 გადაუხადა... თითქმის ყველა ადგილობრივს სტუმრების მასპინძლობის თანხა წინასწარ გადავუხადეთ. შემდეგ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები მოხდა: იყო შეთმხვევა რომ დამსვენებლები ადრე წავიდნენ, ისეთი შემთხვევაც იყო, რომ გოგონამ ხელი მოიტეხა "როლიკებზე" სეირნობისას და მისი თანხა დავიბურნეთ",-ყვებიან ფესტივალის ორგანიზატორები.
ტურისტულ კომპანია "ჯორჯია ოქეიში" კი აცხადებენ, რომ ყველა ადგილობრივს წინასწარი შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა უკვე გადასცეს და შესაბამისად, უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს.
ლალი პაპასკირი