ახალი სისტემით საძოვრებიც დაცული იქნება, საქონელიც და ბაღ-ბოსტანიც.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, არასამთავრობო ორგანიზაციები ფერმერებს "ელექტრონული მწყემსის" გამოყენებას სთავაზობენ. სხვათა შორის, "ელექტრონული მწყემსი" განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება და ბევრ ფერმერს ასეთი დახმარების გარეშე საძოვრებისა და პირუტყვის მოვლა ვერც წარმოუდგენია.
ფერმერებს "ელექტრონულ მწყემსს" პროექტ MOLI-ს ფარგლებში სთავაზობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სენის" წარმომადგენლის, რეზო გეთაშვილის ინფორმაციით, "ელექტრონული მწყემსი" არის მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატი, რომელზეც შეერთებულია მავთული. მავთული გარშემორტყმულია გარკვეული ფართობის საძოვარზე, თუკი ცხოველი ტერიტორიის დატოვებას გადაწყვეტს, მას დენი დაარტყამს და უკან გამოაბრუნებს. ბუნებრივია, ელექტროდარტყმა პირუტყვისთვის საზიანო არ არის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საძოვრების სიმწირეა. "ელექტრონული მწყემსის" მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება მათი მონაცვლეობა, რაც აუცილებელია საძოვრების მოვლისთვის.
"მინდორს შემოფარგლავ მავთულით. ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მინდვრების ქაოსური გადაძოვება არ მოხდება, ასევე გვერდით მდებარე ბაღ-ვენახები დაცული იქნება პირუტყვის გადაჯეგვისგან. ერთი სიტყვით, შესაძლებელია საძოვრების მართვა. ამჟამად მოსახლეობა საძოვრებს მხოლოდ საექსპლუატაციოდ იყენებს და არ არის დაკავებული მათი მოვლით. არადა, მათი მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა როტაცია, სეზონურად ან წლიურად", -ამბობს რეზო გათიაშვილი.
საძოვრების შემოღობვა გაცილებით ძვირი ჯდება, თუმცა, "ელექტრონული მწყემსის" მოხსნა და სხვა ადგილზე გადატანაცაა შესაძლებელი.
"სენის" წარმომადგენლის ნინო თევზაძის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემით 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაცვა 4 ათას ლარამდე ჯდება.
"ეს პროექტი გავაკეთეთ ჯერ კიდევ 2012 წელს მიწის რესურსების მართვის შესახებ პროექტის ფარგლებში. საპილოტე ფარგლებში კახეთში ჩავატარეთ სემინარები და გლეხებს საძოვრების მართვის თანამედროვე სისტემა გავაცანით. გარდა "ელექტრონული მწყემსის" დანერგვისა, ჩვენ საპილოტე ტერიტორიებზე შევიტანეთ ესპარტეტის თესლი. ეს კულტურა ძალიან ნოყიერი და ტკბილია, იგი მეფუტკრეობისთვისაც გამოიყენება", - ამბობს ნინო თევზაძე.
პროექტი "MOLI" "ელექტრომწყემსის" საცდელ პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში ახორციელებს - ხაშმსა და უდაბნოში - ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საცდელი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საძოვრების როტაციის სისტემის დანერგვით კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, გადაძოვილი საძოვრების პრობლემის აღმოფხვრას.
სპეციალისტების განცხადებით, დღეს მეცხოველეობის განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემა საძოვრების დეფიციტია. პროფესორ პაატა კოღუაშვილის აზრით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და დეფიციტი ისედაც არსებობდა, ამიტომ, რაც გვაქვს, მათი ეფექტური და რაციონალური გამოყენება უნდა მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტრადიციულად სულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის 3 მილიონი ჰა. მიწა არსებობდა, აქედან 850-900 ჰექტარი მიწა სახნავ-სათესად გამოიყენებოდა. მრავალწლიანი ნარგავები (ვენახი, ხეხილი, ჩაი) 260 ათას ჰექტარს ითვლიდა, დაახლოებით, 400 ჰექტარი - საძოვრებისთვის იყო განკუთვნილი, დიდი წილი ეჭირა ალპურ სათიბებსაც.
სოფლის მეურნეობის ექსპერტის თამაზ კუნჭულიას განცხადებით, მაშინ ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა არ ხდებოდა (საძოვრის სახნავად გამოყენება). მას შემდეგ, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწების დეცენტრალიზაცია მოხდა, ყველაფერი დასაშვები გახდა.
"არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია საძოვარი და სახნავი მიწების შესახებ. არ ვიცით, ტრანსფორმაცია როგორ ხდება.
როდესაც კვლევებს ვაკეთებთ, ძველ მასალებს ვიყენებთ, ეს არასწორია. მას შემდეგ, რაც გაერომ აღიარა, რომ სურსათზე დეფიციტი იქნება - ინდოეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიწყეს სასოფლო-სამეურნეო მიწების მასობრივი შესყიდვა", - ამბობს კუნჭულია.
შესაბამისად, საძოვრების დიდ ფართობს სტატუსი შეეცვალა და როგორც სახნავი მიწა, ისე გასხვისდა. რაც შემორჩა, მესაქონლეებმა მათი რაციონალურად გამოყენება უნდა ისწავლონ.
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”
მაკა ხარაზიშვილი