სატელევიზიო და რადიო რეკლამაზე რეგულაციები მკაცრდება

მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის ”პრაიმ ტაიმში”, სარეკლამო ჭრისთვის მხოლოდ 12 წუთი ექნება.

ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% აქვთ გამოყოფილი (4 საათი და 48 წუთი 24 საათიან ბადეში) ასევე, მაუწყებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ სარეკლამო დრო. შესაბამისად, მაუწყებლები ხშირად საკუთარი სურვილისამებრ იყენებენ სარეკლამო დროს და რეკლამები  ”პრაიმ ტაიმში” დიდი დოზით ხვდება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრეს-სამსახურის უფროსი, ხატია ყურაშვილი აცხადებს, კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობის დაწყება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს უკავშირდება. ” საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აიღო ვალდებულება, რომ თავის საკანონმდებლო ბაზას ჰარმონიზაციაში მოიყვანდა ევროპის ერთიან სივრცესთან. შესაბამისად, საქართველომ აიღო აუდიოვიზუალური დირექტივის შესრულების ვალდებულებაც, ”- აღნიშნავს ხატია ყურაშვილი.

ახალი რეგულაციით 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა, ის არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს შეეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის „პრაიმ ტაიმში“ სარკლამო ჭრისთვის საათში მხოლოდ 12 წუთი ექნება.

ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით, ევროპის სივრცეში მოქმედი აღნიშნული დირექტივა, საქართველოში 5 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. ხატია ყურაშვილის თქმით, სამუშაო პროცესი საწყის ეტაპზეა და ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ამ პროექტის საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა.

თამარ კორკოტაშვილი