ბოლო 2 თვეში ფასი 20%-ით გაიზარდა, ზუსტი მიზეზი კი უცნობია
ბოლო პერიოდში ღორის ხორცი 15-20%-ით გაძვირდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, საფასო ცვლილება მოთხოვნის ზრდას უკავშირდება. პროდუქტზე ფასმა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოიმატა.
გაძვირება საქონლისა და გაყინული ღორის ხორცის ფასს არ შეხებია. სამომხმარებლო ბაზრებში, სადაც შედარებით დაბალი ფასის გამო მომხმარებელს ხორცპროდუქტებზე ხელი უფრო ადვილად მიუწვდება, ღორის ხორცი დაახლოებით 1,50-2,50 ლარის ფარგლებშია გაძვირებული. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ღორის ხორცი ისედაც ძვირად იყიდება და მისი ფასი ხშირად 12 ლარსაც აჭარბებს.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ღორის ხორცის შეძენა ადგილზეც ძვირად უწევთ, თუმცა კონკრეტულ მიზეზს, რასაც შეეძლო პროდუქტი გაეძვირებინა, ისინი ვერ ასახელებენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ღორის ხორცის დეფიციტი შეიმჩნევა. ბოლო პერიოდში ფერმების რაოდენობა შემცირებულია, ხოლო ოჯახები პირუტყვის მასობრივად მოშენებას, მაღალი რისკის გამო, ვერ ახერხებენ. სოფლად ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც 2-3 ღორზე მეტი ჰყავთ, ხშირ შემთხვევაში კი, შინაური პირუტყვის გაზრდას ვერც კი ახერხებენ.
გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე ზაალ ცირდავა ამბობს, რომ ხორცს გლეხებისგან ყიდულობს. ფასმა უკვე რეგიონებშიც მოიმატა და დღესდღეობით ის 10 ლარზე ნაკლებად არსად იშოვება. ”შარშან ამ დროს ღორის ხორცი დასავლეთ საქართველოში 7-8 ლარადაც იყო. ზაფხულის განმავლობაშიც იაფი ღირდა, მაგრამ მაშინ მოთხოვნა არ იყო დიდი და ამის გამო ფასი შენარჩუნდა. ახლა ზამთრის პირია, მოთხოვნა გაჩნდა, რეალურად დეფიციტია. რაც შეეხება საქონლის ხორცს, არ გაძვირებულა, პირიქით, გაიაფებას ველოდებით. ხალხი ზამთრის დაწყებამდე ცდილობს პირუტყვის მოშორებას, გამოზამთრების შიში აქვთ. რაოდენობრივად მეტია და შეიძლება მოთხოვნას აჭარბებდეს კიდეც. ღორის ხორცის შემთხვევაში რადიკალურად სხვა მდგომარეობაა. იმპორტირებული ბაზარზე ჯერ კიდევ ბლომადაა, თორემ სერიოზული დეფიციტი იქნებოდა”, - ამბობს ზაალ ცირდავა.
ამავე ბაზრის მოვაჭრის ლაშა ცერცვაძის თქმით, ღორის ხორცის გაძვირებამ მოვაჭრეები დააზარალა, რადგან რეალიზაცია შეუმცირდათ. ”ხორცი 9 ლარადაც ცუდად იყიდებოდა და ახლა მყიდველი კიდევ უფრო ნაკლებად შეიძენს. ამით მომხმარებელს ვკარგავთ. ბოლო ერთი თვეა, საქონლისა და ღორის ხორცს ერთნაირ ფასში ვყიდით, ბუნებრივია, არჩევანს პირველის სასარგებლოდ აკეთებენ. დაბალი ფასის გამო, ღორის ხორცს მომხმარებელი მეტ-ნაკლებად ჰყავდა, ახლა კი რეალიზაცია გაგვიჭირდება.
ბოლო სამი დღეა ხორცის დეფიციტი იყო, ნატახტრიდან შეგვიზღუდეს მოწოდება, როგორც ჩანს, გაძვირებას გეგმავდნენ. თუ ვინმე შეიძლება ამით უკმაყოფილო იყოს, პირველ რიგში, ჩვენ, რადგან რეალურად მომხმარებელს ვკარგავთ. მოსახლეობის დიდ ნაწილს ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხორცი 11-12 ლარად იყიდოს, ამიტომ სხვა პროდუქტზე გააკეთებს არჩევანს. ამით კი ჩვენ დავზარალდებით”, - ამბობს მოვაჭრე.
ერთ-ერთი ინდმეწარმე არჩილ ჭავჭანიძე ამბობს, რომ ხორცის მაღაზია აქვს, რომელსაც კახეთიდან ჩამოტანილი (ადგილზე დაკლული) ხორცით ამარაგებს. მას სარეალიზაციო ხორცის შესყიდვა თავადაც ძვირად უწევს.
”სხვა გზა არ დაგვრჩა, წაგებაზე რომ არ წავიდეთ, ხორცი მაღალ ფასში უნდა გაიყიდოს. ზაფხულში პროდუქტს 7 ლარად ვიბარებდი და 8,5-9 ლარად ვყიდდი. ახლა მეც ძვირად ვყიდულობ, ბოლო პარტია 1 კვირის წინათ შევისყიდე, კილოგრამ ხორცში ადგილზე (კახეთში) 9 ლარი გადავიხადე. ამას ტრანსპორტირებისა და გადასახადის ხარჯიც ემატება. რა უნდა მოვუმატო, რომ მოვიგო, თავსატეხი გამიჩნდა. ზუსტი პასუხი თუ რატომ გაძვირდა ღორის ხორცი, არ არსებობს.
რეგიონებში ჩასვლისას სულადობის დეფიციტს აშკარად ვამჩნევ. ფერმებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. საკმარისია ერთ ოჯახში გაჩნდეს დაავადება, რომ მთელ სოფელს საფრთხეს უქმნის. მართალია, ღორის დაავადებების შესახებ ბოლო დროს არ მსმენია, მაგრამ შარშან ამ მიზეზით ბევრი ღორი გაწყდა. ხალხი ფრთხილობს და მის მოშენებას გაურბის. მოვლა-შენახვის რისკი ღორის ფერმებსაც კი აქვთ, მით უმეტეს მოსახლეობას, რომელიც პირუტყვის შენახვას ისედაც გაჭირვებით ახერხებს”,- აცხადებს ინდმეწარმე.
ღორის ხორცის გაძვირებაზე საუბრობენ რეგიონებშიც, თუმცა ეს პროდუქტი იქ შედარებით ნაკლები ღირს, ვიდრე თბილისის სამომხმარებლო ბაზრებშია. გურიის სოფლებში ღორის ხორცს ადგილობრივი მოსახლეობა 11 ლარად ყიდულობს, როცა თვითონ 1 თვის წინ 9 ლარი ღირდა. გურულები ამბობენ, რომ ხორცს ამ ფასადაც ვერ იძენდნენ და ახლა კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
”ხალხს მჭადის ფქვილი რომ შემოელევა, ძლივს ყიდულობს, ხორცს მით უფრო ვერ იყიდის. ამას დღესასწაულებზეც იშვიათად ვახერხებთ. ბევრი ოჯახია, სადაც ქათმის ხორციც ენატრებათ. ნორმალურად პირუტყვიც აღარ შეგვრჩა. ცხოვრება გაჭირდა და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ხორცი აუცილებელი მოხმარების პროდუქტია, ხალხი მისკენ არც კი იხედება. ღორი შედარებით ნაკლები ღირდა, თვეში ერთხელ მაინც ყიდულობდნენ, ახლა ასეც აღარ იქნება”, - ამბობს ტრისტან სიორიძე, ლანჩხუთის მკვიდრი.
იმერეთში, კერძოდ, ტყიბულში, ღორის ხორცი საკმაოდ ძვირია. ადგილობრივების თქმით, რაიონში პერიოდულად ჩადიან გადამყიდველები. ისინი მოსახლეობისგან ღორის ხორცს 12-13 ლარის ფარგლებში ყიდულობენ, თუმცა ვინ არიან და სად მიაქვთ პროდუქტი, ადგილობრივებისთვის უცნობია.
ტყიბულელი გიზო ცირეკიძე ამბობს, რომ ღორის ხორცი ტყიბულში ადრეც ძვირი ღირდა.
”ბოლო დროს ღორის ხორცი გადამყიდველებს მიაქვთ. კვირაში ერთხელ მაინც მოდიან. ხორცით მოვაჭრეები ცდილობენ, მათ მიჰყიდონ ძვირად, ამიტომ ადგილობრივებზე ნაკლებად ან თითქმის არ ყიდიან. ზოგ შემთხვევაში, მოსახლეობისგანაც ძვირს იღებენ. თუ სადმე გაჭირვებული ცხოვრობს საქართველოში, გეგონება, ყველამ აქ მოიყარა თავიო. ხალხს ძალიან უჭირს და ხორცის ყიდვა უკვე ფუფუნებად ექცა”, -ამბობს იმერელი გლეხი.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”