ყვარელში "ცივი ომის" დროს ატომური დაბომბვისგან თავშესაფრად აგებული საიდუმლო გვირაბი დღეს კახეთის საუკეთესო ღვინოების, მათ შორის ქვევრის ღვინოების შესანახად გადაიქცა.
გასული საუკუნის 50-იანი წლების შუახანებში, როდესაც მსოფლიოში "ცივი ომი" ძალას იკრებდა და ორი ზესახელმწიფო - აშშ და საბჭოთა კავშირი გამალებული აწყობდა ატომურ ბომბებს, საჭირო გახდა ისეთი მიწისქვეშა თავშესაფრების მოწყობა, რომლებიც ატომურ აფეთქებასაც გაუძლებდნენ. ამერიკაში შეძლებული მოქალაქეები ინდივიდუალურ მიწისქვეშა ატომურ თავშესაფრებსაც კი აწყობდნენ საცხოვრებელი სახლების ქვეშ, საბჭოთა კავშირში ეს წარმოუდგენელი გახლდათ, თუმცა აქაც ითხრებოდა კოლექტიური თავდაცვის თავშესაფრები. ერთ-ერთი ასეთი ატომური თავშესაფარი ყვარლის რაიონში, კავკასიონის კლდის მასივშიც გამოიკვეთა XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს.
ყვარლის ატომური თავშესაფარი წარმოადგენდა 500-მეტრიანი ორი მთავარი და 13 მათთან დამაკავშირებელი გვირაბების კომპლექსს, რომელთა საერთო სიგრძე 7,7 კმ-ს შეადგენდა.
1962 წლისთვის ყვარლის ატომურმა თავშესაფარმა პირვანდელი დანიშნულება დაკარგა (შეიძლება იმიტომაც, რომ მთლად ვერ პასუხობდა ატომური დაბომბვისგან თავდასაცავად საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს), სამაგიეროდ, კახელი მეღვინეების დიდი დაინტერესების საგანი გახდა.
საქმე ის არის, რომ გვირაბში წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნებრივი ტემპერატურა 12-14 გრადუსია, რაც მეღვინეების მტკიცებით იდეალური პირობაა ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის.
თებერვლის ბოლოს კი ყვარლის გვირაბმა კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია UNESCO-მ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და "მეღვინეობა ხარებას" ორგანიზებით ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა და წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
ყვარლის გვირაბში, რომელიც საბედნიეროდ არ გამოიცადა ატომური აფეთქებისგან თავდასაცავად, კახური ბოთლის ღვინის (დღეს იქ "მეღვინეობა ხარებას" 25 ათასამდე ბოთლი ღვინო ინახება) შესანახად და ქვევრის ღვინის ასაღორძინებელ თავშესაფრად გადაიქცა.
ირაკლი ალადაშვილი
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი, აპრილის ნომერი