დაეკისრება თუ არა კომპანიას სანქციები?
"გაცნობებთ, რომ 2014-2015 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეძენილი ინტერნეტ, "ესემეს" და წუთობრივი პაკეტები გაგიუქმდათ. შეიძინეთ ახალი პაკეტები 2015-2016 წლის ტენდერით გათვალისწინებული პირობებით. ფასები უცვლელია", - ეს შეტყობინება კომპანია "მაგთიკომისგან" საჯარო უწყებებში დასაქმებულ იმ აბონენტებს მიუვიდათ, რომლებიც კორპორაციული მომსახურებით სარგებლობენ. ამას სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების "ქარიშხალი" მოჰყვა. კერძოდ, აბონენტები ჩიოდნენ, რომ მათ ერთბაშად დაკარგეს არა მხოლოდ კორპორაციული, არამედ პირადი სახსრებით შეძენილი პროდუქტებით სარგებლობის უფლება და შესაბამისად, ის თანხაც, რაც ამ პროდუქტების შესაძენად გადაიხადეს.
ლანა კორშია, "მაგთიკომის" კორპორაციული აბონენტი: "ხომ შეიძლებოდა, ოპერატორს რამდენიმე დღით ადრე მაინც გავეფრთხილებინეთ, რომ პაკეტები გვიუქმდებოდა?! მაშინ აღარ შევიძენდი ახალ მომსახურებას მის გაუქმებამდე რამდენიმე საათით ადრე, ან იმდენს შევიძენდი, რამდენის გახარჯვასაც მოვასწრებდი. მივიჩნევ, რომ ჩემი, როგორც მომხმარებლის, უფლებები უხეშად დაირღვა".
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სოციალურ ქსელებში უკმაყოფილება გამოთქვა, თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა პოპიაშვილი იყო: "მერიაში კორპორაციული სატელეფონო მომსახურება ლიმიტირებულია და არ მოიცავს იმდენად დიდ თანხას, რომ თვიდან თვემდე მეყოს. ამიტომაც ჩემი სახსრებითაც ვყიდულობ სასაუბრო დროს, შეტყობინებებს ან ინტერნეტმეგაბაიტებს. "მაგთის" უპრეცედენტო გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე შევიძინე მეგაბაიტები. თუმცა, მეორე დღეს შევიტყვე, რომ ფული წყალში გადამიყრია და მეგაბაიტები აღარ მაქვს".
პარლამენტის აპარატის უფროსის, ზურაბ მარაქველიძის ინფორმაციით, "მაგთიკომმა" მომსახურება სხვა საჯარო დაწესებულებასაც გაუუქმა იმ მოტივით, რომ კომპანიასა და უწყებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. "ჩემი ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადა არ ამოწურულა, თუმცა, კომპანიასთან დეტალებს ახლა ვარკვევთ. ამ მიმართულებას კანცელარიაში შესყიდვების სააგენტო კურირებს. მათ მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში სწორედ "მაგთიმ" გაიმარჯვა და არა მარტო პარლამენტის თანამშრომლებს, სხვა საჯარო დაწესებულებებსაც კორპორაციულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გაუფორმა. თუმცა, თანამშრომლებს ერთი თვის წინასწარ შეძენილი ინტერნეტპაკეტები გაუუქმდათ და როგორც ვიცი, უმრავლესობამ მომსახურება ხელახლა შეიძინა".
დავინტერესდით "მაგთიკომის" პოზიციით, რომელმაც პასუხი წერილობით გაგვცა: "2015 წლის 31 იანვარს 2014-2015 წლების სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადა ამოიწურა, შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა მომსახურება გაუქმდა. 2014-2015 წლის სატენდერო ხელშეკრულების პირობებით აბონენტები სარგებლობდნენ როგორც კორპორაციული, ასევე პირადი ანგარიშებიდან, ამიტომ ორივე შემთხვევაში გაუქმდა შეძენილი პაკეტები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა გათვალისწინებული იყო როგორც ხელშეკრულების პირობებით, ასევე ზოგადად სატენდერო დოკუმენტაციით, რომელიც მომხმარებლებისთვის (ორგანიზაციებისთვის) ცნობილი იყო. წინასწარი გადახდის პრინციპი გულისხმობს, რომ აბონენტი თვითონ განსაზღვრავს, თუ რა ოდენობის მომსახურება სურს მიიღოს. ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტით გაუქმდა სააბონენტო ნომერზე არსებული ერთეულები".
თუმცა, კომუნიკაციების ომბუდსმენი თამთა ტეფნაძე მიიჩნევს, რომ "მაგთიმ" მომხმარებელთა უფლებები დაარღვია: - მიგვაჩნია, რომ ბოლო დღეებში "მაგთიკომის" ქმედებით მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები დაირღვა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვა შესაძლოა, ნიშნავდეს სახელშეკრულებო პირობების გაუქმებას, თუმცა, თავისთავად არ გულისხმობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი პროდუქტების უკან წართმევას. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ინტერნეტმეგაბაიტები, ესემესები თუ სასაუბრო დრო არ უნდა გაუქმებულიყო. თანაც, მომხმარებელთა პირადი ანგარიშებით შეძენილი პროდუქტებიც გაუქმდა. მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუცილებლად უნდა განიხილოს ეს საკითხი. კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კომისიას მიმართავს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის მიზნით...
- კომპანია ვალდებული იყო, მომხმარებლისთვის წინასწარ ეცნობებინა მოსალოდნელი პრობლემის შესახებ?
- დიახ. "მაგთიკომი" თავისი ქმედებით წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილ ზოგად ნორმებთან. კერძოდ, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამწუხაროდ, "მაგთიკომმა" ამ მხრივაც არაკეთილსინდისიერად იმოქმედა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მომხდარის განხილვის შემდეგ, თუ დარღვევები დადასტურდა, "მაგთიკომს", შესაძლოა სანქციები დაეკისროს.
ეკა ლომიძე
წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”