მოგზაურობის მოყვარულებს ტურების დასაგეგმად მალე ახალი აპლიკაციის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
ქართველმა სტუდენტებმა ახალი ტურისტული აპლიკაცია Pathway შექმნეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში გამართულ სტარტაპ-კონკურსზე Microsoft-ის რჩეული ნამუშევარი გახდა. აპლიკაციის ერთ-ერთი შემქმნელი ტარტუს უნივერსიტეტის პროგრამული უზრუნველყოფის ფაკულტეტის სტუდენტი ილია აფციაურია. მისი თქმით, ჯერჯერობით ახალი ტურისტული აპლიკაციის მხოლოდ პროტოტიპი არსებობს, მის დახვეწას კი რამდენიმე თვე სჭირდება.
"მოგზაურობა ყოველთვის იწყება დაგეგმვით, დაგეგმვას კი ძალიან ბევრი დრო მიაქვს, უამრავ ვებგვერდსა და "ფეისბუქის" ჯგუფებში ვეძებთ საჭირო ინფორმაციას. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ისეთი სერვისი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა და თავს მოუყრიდა მოგზაურობის მოყვარულებს," - აღნიშნა ილიამ bpn.ge-სთან საუბრისას.
ტურისტული აპლიკაცია Pathway ვებგვერდის პროტოტიპია, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება დაამატოს ტურისტული მარშრუტები და მათი აღწერა. მოგზაურობის მსურველი კი როგორც ვებგვერდზე, ასევე მობილურ ტელეფონშიც შეძლებს მის დათვალიერებას. "გვექნება გამოხმაურებების ფუნქციაც. დამთვალიერებელი დაწერს გამოხმაურებებს იმის შესახებ, რა მოეწონა და რა - არა. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ გახდნენ ერთმანეთის ე.წ. "ფოლოუერები". საბოლოოდ, გვინდა ამ ყველაფერს მოგზაურთა სოციალური ქსელის სახე მივცეთ," - აღნიშნა ილიამ.
ილია აფციაურმა ახალი აპლიკაცია რამდენიმე სტუდენტის - ლევან კოხრეიძის, ლაშა ცინცაბაძის, ევგენი საბანინისა და დანიელ კაცუნიას დახმარებით შექმნა. აპლიკაციის იდეა თავდაპირველად რამდენიმე ხნის წინ ილია აფციაურის ლექტორს, სერგო ცირამუას გაუჩნდა, მოგვიანებით კი სტუდენტებმა განავრცეს.
თუმცა, როგორც ილია ამბობს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი იმისათვის, რომ აპლიკაციას საბოლოო სახე მიეცეს. ამისთვის საჭიროა ფინანსებიც. "დაფინანსების მოსაპოვებლად სავარაუდოდ, იგივე იდეით სხვა ე.წ სტარტაპ- კონკურსებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ამ ეტაპზე ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოა დაინტერესებული," - აღნიშნა აპლიკაციის შემქმნელმა.
ჯერჯერობით ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი აპლიკაცია მხოლოდ Windows Phone-ის პლატფორმისთვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, იგეგმება მისი Android და IOS სისტემებისთვის შექმნაც. როგორც ახალგაზრდა პროგრამისტები ამბობენ, დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, ისინი აპლიკაციაზე მუშაობას დაახლოებით 6 თვეში დაასრულებენ.
თამთა ჯიჯავაძე