ოფშორული ზონები - სამოთხე ”რუხი კაპიტალისთვის”

დეოფშორიზაციაზე ზრუნვა უკვე მრავალ ქვეყანაში დაიწყეს

”ოფშორი" ინგლისური სიტყვაა და ”სანაპიროდან დაშორებულს”, ”იზოლირებულს” ნიშნავს. ჩვენს სინამდვილეში კი, ეს სიტყვა ერთგვარი იდუმალებით არის მოცული. ეს შეხედულება წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, რადგან არაერთი ოფშორული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და მათ უკან ქართველი მაღალჩინოსნები, ან მათი ახლობლები იდგნენ. ასეთ ფაქტებს ადგილი ახლაც აქვს, ამიტომ საქართველოში ოფშორულ კომპანიებს დღემდე ეჭვის თვალით უყურებენ, მათზე ინფორმაციის მოპოვება კი პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ოფიციალური სტრუქტურები ამ მონაცემებს არ ახმაურებენ. ბოლო წლებში საქართველოდან კაპიტალის გასვლასა და შემოსვლას ადგილი ჰქონდა კვიპროსში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, ასევე - პანამასა და ჩეხეთში.

თავის დროზე ოფშორული კომპანიის მფლობელებს შორის აღმოჩნდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი, განსაკუთრებით ”ნაციონალური მოძრაობიდან” - მათ შორის, დავით კეზერაშვილი და გია უდესიანი. ექსპერტთა აზრით, დღესდღეობით ”თელასიც” ოფშორულ რეჟიმში მუშაობს, ”სოკარიც” და სხვა ენერგეტიკული კომპანიებიც. უფრო ხშირად კი, ოფშორული კომპანიის მეპატრონის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ოფშორული ზონა ბოლომდე უზრუნველყოფს ფირმის მფლობელთა სრულ ანონიმურობას. სწორედ ეს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ კომპანიებს, თუმცა უკვე მრავალ ქვეყანაში ზრუნავენ, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს: მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებამ დეოფშორიზაციის პოლიტიკა აირჩია და დაიწყო ზრუნვა, რომ ოფშორული კაპიტალი ქვეყანაში დააგროვოს. ხოლო კაიმანის კუნძულებზე მოღვაწე კომპანიებს ევალებათ, მათი დირექტორებისა და ერთი აქციონერის ვინაობა მაინც გაამხილონ. ამ გზით ევროპა ცდილობს იმ ბიზნესმენების ძებნა გაიადვილოს, რომლებიც გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოფშორულ ზონებში ხშირად მართლაც საეჭვო წარმოშობის ფული მიედინება.

მან bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნა:

- ოფშორული კომპანიების ერთი ნაწილის მიზანია საგადასახადო შეღავათები მიიღონ - ეს არის ერთი მიმართულება, მაგრამ არანაკლებ გავრცელებულია ისეთი კომპანიები, რომლებსაც უნდათ ფარულად ფულის ინვესტირება, ან რეინვესტირება. ეს არის ფაქტობრივად ქართული კაპიტალი, რომელიც ისეთი ადამიანების კაპიტალია, რომლებსაც ამ ფულის წარმომავლობის დადასტურება არ შეუძლიათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ”რუხი კაპიტალი”. თუ ერთ შემთხვევაში ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მეორე შემთხვევაში, ამ ყველაფრის უკან ან წარსულში ჩადენილი დანაშაული დევს, ან - აწმყოსა და მომავალში დაგეგმილი. ამიტომ, ზოგიერთ ქვეყანაში დეოფშორიზაციაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. როგორც წესი, თავისი შემოსავლის დადასტურება არ შეუძლია იმას, ვისაც ეს შემოსავალი არა შრომით, არამედ სხვა გზებით აქვს მოპოვებული, ასეთები კი ძირითადად ყოფილი, ან მოქმედი ჩინოვნიკები არიან, ან ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას ეწეოდნენ, აქედან გამომდინარე, კაპიტალი, რომელიც ოფშორების მეშვეობით მოძრაობს, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. არ მინდა კონკრეტული კომპანიების დასახელება, მაგრამ ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოში რეზიდენტად რეგისტრირებულ კომპანიას, რომელსაც აქ არანაირი ქონება არა აქვს, ასეულობით მილიონის გადასახადი დაუმალავს და ისე გამქრალა, რომ მისი კვალიც ვერ უპოვიათ. მათ წარმომადგენლებს პრეტენზიასაც ვერ წავუყენებთ იმიტომ, რომ მათი ამ კომპანიასთან დამოკიდებულების დამტკიცება იურიდიულად საკმაოდ რთულია. მე არ ვამბობ, რომ ოფშორული კომპანიები ეკონომიკას უნდა ჩამოვაშოროთ, მაგრამ ისინი ყოველთვის განსაკუთრებული შესწავლის საგანს უნდა წარმოადგენდეს. ალბათ მათ საქმიანობაში უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. თქვენ ალბათ გახსოვთ, მედიადამფუძნებლებს მოსთხოვეს, მათი საქმიანობა ბოლომდე გამჭვირვალე იყოს იმიტომ, რომ საინფორმაციო პოლიტიკის უკან შეიძლება ძალიან ბნელი ძალები აღმოჩნდნენ. თუ მედიასაშუალებებში ასეთი გაუმჭვირვალე სუბიექტები მოხვდება, ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ამიტომაც მიიღეს კანონი, რომ ოფშორებში რეგისტრირებულ კომპანიებს არა აქვთ უფლება გახდნენ ტელემედიის დამფუძნებლები. ეს ძალიან ფაქიზი საკითხებია, ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში კაპიტალი ოფშორული კომპანიების საშუალებით მოძრაობს, ამიტომ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ოფშორიდან ფულის შემოსვლა, ან გადინება არ შეიცავს პოლიტიკურ, ან კრიმინალურ რისკებს. ნორმალურ კაპიტალს აუცილებლად უნდა მივცეთ ოპერირების საშუალება, საეჭვოს კი შესაბამისად მოვექცეთ.

რამდენად სარისკოა საქართველოში ოფშორული კომპანიების არსებობა? - ამ შეკითხვით ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელს - რამაზ გერლიანს მივმართეთ:

- გამომდინარე იქიდან, რომ ოფშორული ზონა მსოფლიოში ბევრია, მათ შესახებ ინფორმაციაც არ არის ხელმისაწვდომი. არავინ იცის რამდენი კომპანიაა რეგისტრირებული ამ ოფშორულ ზონებში, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს: სეიშელისა და ვირჯინიიის კუნძულები, პანამა, კაიმანის კუნძულები, სინგაპური, ბერმუდის კუნძულები, თუ სხვა... მოკლედ ასეთი ოფშორული ნავსაყუდელი ბევრ ქვეყანაშია, საითკენაც შეუწყვეტლივ მიედინება ფინანსები. ხშირ შემთხვევაში ოლიგარქები და ბიზსნესმენები დამალულ ფულს ინახავენ ასეთ ადგილებში. ხშირად იქ ისეთი კომპანიები მოქმედებენ, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ოფშორებში მოქმედებს კანონი საბანკო საიდუმლოების შესახებ, რომელიც კლიენტების საიდუმლოს ბოლომდე იცავს და არ ამხელს.

თუმცა რამაზ გერლიანს მიაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნაკლებად პრობლემური საკითხია:

- მე მგონი ეს საფრთხე უფრო იმ ქვეყნებს ემუქრება, სადაც ეკონომიკური თავისუფლების დონე ძალიან დაბალ დონეზეა. შესაბამისად, საბიუჯეტო, თუ არასაბიუჯეტო თანხები ოფშორში გაედინება, რომ შემდეგ სადმე განთავსდეს. სამწუხაროდ, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების საქმიანობა გამჭვირვალე არ არის. ჩემი აზრით, უნდა ვიცოდეთ მათი შვილობილი კომპანიის სახელი, ან თუნდაც ერთი დამფუძნებელი მაინც. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მათი ვინაობა გარკვეული დოზით მაინც უნდა გამჟღავნდეს. რაც შეეხება საბანკო საიდუმლოს, ის აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რომ ვიღაც პირებმა ბოროტად არ გამოიყენონ. უმეტესწილად ისეთ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემა ოფშორულ ზონებში ფინანსების გადატანით, სადაც ფინანსური თავისუფლება არ იყო. ეს ქვეყნები ძალიან დაზარალდნენ. თუ ეკონომიკური თავისულფება მაღალია, თუ ბიზნესს ხელისშემშლელი ფაქტორები არა აქვს, ის ოფშორებში არ გადაინაცვლებს. იქ, სადაც რეგულაციები მკაცრდება, ბიზნესი ტოვებს ქვეყანას და თავს აფარებს ოფშორულ ზონას, სადაც მისთვის სასათბურე პირობებია და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. თუ საქართველოში ასეთი გარემო შეიქმნება, ამ ფულმა შეიძლება ჩვენთან მოიყაროს თავი. ამ ზონებში ასეულობით ტრილიონია დაბანდებული და აქედან 0,01%-იც რომ მოვიზიდოთ, ეს დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის. სხვათა შორის, ოფშორებთან ურთიერთობის კარგ მაგალითს იძლევა ჩინეთი, რომელიც დიდი ეკონომიკური თავისუფლებით არ გამოირჩევა და ამ ქვეყნის ფული ძირითადად ოფშორებში ტრიალებს - იქ, სადაც მას უფრო მეტი უკუგების მოტანა შეუძლია. ეს დიდი ქვეყანა სულდგმულობს იმით, რომ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებსა და ოფშორებში აბანდებს ფულს, მერე ამ თანხას უკან იბრუნებს და თავისი მოსახლეობისთვის იყენებს. საქართველოშიც არის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში მონაწილეობენ, ასეთი 2 კომპანია მონაწილეობს მაგალითად ანაკლიის პორტის მშენებლობაში. იქ 7 კომპანიიდან ორის შესახებ ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ, რადგან ორივე ოფშორშია რეგისტრირებული. ბიზნესი მიიწევს იქ, სადაც მინიმალური გადასახადებია და საბანკო საიდუმლოებაც დაცულია. ნაკლებად თავისუფალი ქვეყნებიდან კი, მარტო ოლიგარქების კი არა, ბიზნესმენების ფულიც კი გაედინება ოფშორში. ასე რომ, თუ კანონს არ არღვევს და ოფიციალურად მოქმედებს, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. აუცილებელი არ არის, რომ რადგან ოფშორიდანაა, ჩრდილოვან საქმიანობას ეწეოდეს. შეიძლება კომპანია არ იყოს ოფშორში დარეგისტრირებული, მაგრამ გადასახადები მაინც დამალოს. მთავარია, გადასახადის გადამხდელი ქართულ იურისდიქციაში მოექცეს და მისი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.

P.S. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2014 წელს ნიდერლანდებიდან საქართველოში 331 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ლუქსემბურგიდან - 85 მილიონი, პანამიდან - 61 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო მალტიდან - 38 მილიონი დოლარი. რაც შეეხება 2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს, ასე გამოიყურება: ნიდერლანდები - 67 მილიონი აშშ დოლარი, პანამა - 17 მლნ დოლარი, ლუქსემბურგი - 14 მლნ დოლარი, თუმცა ძნელია ითქვას, რა წილი შეიტანეს ამ მონაცემებში ოფშორულმა ზონებმა, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ხათუნა ჩიგოგიძე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით

bpn