ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიცდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.
როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, აღნიშნული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შედის, შესაბამისად, მუზეუმ-ნაკრძალების განვითარება და მოვლა სწორედ მათი პრეროგატივაა.
აღსანიშნავია, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსსა (ისტორიულ ჯავახეთში მდებარე მე-12-13 საუკუნეების ძეგლი) და უფლისციხეს (გორის მუნიციპალიტეტი, მე-7 საუკუნე) დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდა, ვიზიტორების რაოდნეობა ერთიორად გაიზარდა ამ ორ მუზეუმ-ნაკრძალს კი უკვე გრემიც (ყვარლის მუნიციპალიტეტი, 1565-1577 წწ.) შეემატა, რომლის რესტავრაცია 2011 წელს განახლდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალზე საკონსერვაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები კლდეში ნაკვეთი ქალაქის ყველაზე კრიტიკული ნაწილის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ, მომდევნო ეტაპზე კი აქ ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო კომპონენტების დამატებას გეგმავენ.
”ვიზიტორების თვალსაზრისით, ყველაზე ცნობილი სამი ქართული ძეგლია - ვარძია, უფლისციხე და გრემი. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ძეგლზე განხორციელდა სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა და განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ტურისტული მიმართულებით ეს სამი ძეგლი ყველაზე შემდგარია, რომელსაც ვიზიტორი არასდროს აკლია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ახლა ვარძიაში მუზეუმ-ნაკრძალის გადარჩენისა და განვითარების საგანგებო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ძეგლის ყველაზე კრიტიკული ნაწილის კონსერვაციას, კვლევასა და რესტავრაციას გულისხმობს. მეორე ნაწილში კი ახალი ბილიკების, სველი წერტილისა და პარკინგის მოწყობა იგეგმება. ეს ყველაფერი კი ტურისტებისა და დამთვალიერებლებისათვის მნიშვნელოვანია, აუცილებელი და ამავდროულად კომფორტულია”, - ამბობს ”რეზონანსთან” საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მურაჩაშვილი.
მისივე თქმით, გრემის მუზეუმ-ნაკრძალში ყველაფერია საიმისოდ, რომ დამთვალიერებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ესაა - აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურა, განახლებული ძველი მუზეუმი თავისი კოშკურებით, ასევე საგამოფენო სივრცე. ამბობს, რომ სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აქ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
”ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი სწორედ მუზეუმების განვითარების გეგმაში შედის, ეს პროცესი კი პერიოდულად სულ გრძელდება. სააგენტო მუდმივად ზრუნავს, მოახდინოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რაც ტურისტისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მოახდინოს ახალი სერვისებისა და ტურისტებისთვის მისაღები კომპონენტების დანერგვა. აღნიშნულ ძეგლებზე ხშირად ხორციელდება საბავშვო პროგრამაც, ტურისტული მიმართულებით კი გრემი ყველაზე ხშირი ვიზიტორებით გამოირჩევა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ვარძიასა და უფლისციხეს დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, ახლა კი ამ სიაში გრემის მუზეუმ-ნაკრძალიც შედის, ვინაიდან აქ დამთვალიერებლის რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი. ეს ძეგლები არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს დამთვალიერებლისთვისაც მუდამ კარგად ცნობილი და აქტუალური იყო, ვინაიდან რეგიონული ტურიზმისთვის ერთმანეთში მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, უფლისციხე, ვარძია და გრემი მათივე შემოსავლებით, ვიზიტორებითა და მრავალფეროვნებით ნამდვილად ხაზგასასმელია,” - დასძენს მურაჩაშვილი.
საგულისხმოა, რომ პირველად რაბათის ციხეში დანერგილმა აუდიოგიდმა ტურისტული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო შედეგი გამოიღო, რის შემდეგაც მოხდა მისი ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში დამონტაჟებაც, რაც ტურისტებისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან ვარძიას ძალიან მრავალფეროვანი და გრძელი ბილიკი აქვს. აუდიოგიდი ტურისტებს თითოეული ქვაბულის ისტორიის გაცნობასა და ინფორმირებაში ეხმარება. აუდიოგიდები სამ ენაზეა: ქართული, ინგლისური და რუსული.
”გარდა აუდიოგიდებისა, ბუნებრივია, რომ სამივე მუზეუმ-ნაკრძალში გიდები არსებობენ, რომლებიც ტურისტებსა და სხვა დამთვალიერებლებს ეხმარებიან, უკეთ გაიცნონ ძეგლის ისტორია, თუმცა სააგენტო იმაზეც მუშაობს, რომ გიდების რაოდენობა გაიზარდოს, ამასთანავე, მოხდეს მათი გადამზადება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ ტურისტისთვის ძეგლი არა მხოლოდ სანახაობრივი და საინტერესო იყოს, არამედ დაინერგოს კულტურულ-შემეცნებითი პროექტები, რათა ეს მოგზაურობა მათთვის ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო გავხადოთ. რაც შეეხება ფასებს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ხელმისაწვდომი ფასები სხვა არც ერთ მუზეუმში არაა, თუმცა ამ კუთხითაც ვმუშაობთ, რათა ფასები მეტად მოქნილი და მიმზიდველი გახდეს. ამ კუთხით ძეგლთა დაცვის სააგენტოს მენეჯმენტი ახალი სერვისის დანერგვას გეგმავს, რომელიც მუზეუმ-ნაკრძალებში მარკეტინგის განვითარებას გულისხმობს.
არ გამოვრიცხავთ, რომ ბილეთების ფასის კუთხით გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ერთადერთი, რაც წინასწარ შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალების ბილეთები ონლაინ - ”ბილეთები.გე”-ზე გაიყიდება, რაც უცხოელი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო გააიოლებს იმ დეგეგმილი ტურის განხორციელებას, რომელსაც საქართველოში ტურისტი გეგმავს, ამაში კი ინტერნეტსივრცე დაეხმარება”, - აღნიშნავს ნათია მურაჩაშვილი.
სალომე სარიშვილი