რას მოუტანს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ქართულ  ეკონომიკას?

"ალბათ ნეგატივი უფრო მეტი იქნება, ვიდრე პოზიტივი"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების გატარების შესახებ. დოკუმენტი თურქული ბიზნესის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს. გაზეთები უკვე წერენ თურქული ეკონომიკის დანაკარგზე, თურქი ბიზნესმენები კი, სანქციების შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. თავისთავად, ანტითურქული ეკონომიკური სანქციები რუსულ ბაზარზეც უარყოფითად მოქმედებს. რუსეთის საბაჟოზე პროცედურების გამკაცრების შემდეგ საზღვარზე სატვირთო მანქანების რიგი გაჩნდა, რომლებსაც საქონელი არა მარტო რუსეთში, არამედ შუა აზიის ქვეყნებში გადაჰქონდათ.

როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე ორ დიდ სახელმწიფოს შორის დაწყებული კონფლიქტი? - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსი" ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძეს ესაუბრა.

"ცალსახად პოზიტიური, ან ცალსახად ნეგატიური მოვლენები არ არსებობს. ზოგჯერ კრიზისსაც კი მოაქვს თავისი დადებითი შედეგები. რა თქმა უნდა, ყველა ეკონომისტს თავისი ხედვა აქვს ამ ტიპის მოვლენების შეფასებისას და მეც ჩემს აზრს მოგახსენებთ: თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რუსეთი არ ჩქარობს მკაცრი ემბარგოს დაწესებას და ცდილობს დრო მოიგოს. ვინ უნდა ჩაენაცვლოს თურქეთს, რომელსაც რუსეთთან 31-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აკავშირებს? - სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთი ხილითა და ბოსტნეულით უნდა მოამარაგონ, ამას კი, ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება, ახალი კონტრაქტები და ახალი კავშირების დამყარება სჭირდება. ამ ყველაფერს კი, თავისთავად დრო დასჭირდება. ამიტომ რუსეთი ცდილობს დრო მოიგოს და რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას.

ანალიტიკოსის თქმით, რუსული ბაზრიდან რომ გამოგვაძევეს, მაშინ თურქებმა იხეირეს და ჩვენი ნიშაც დაიკავეს. ამიტომ, რუსეთის მიერ თურქული პროდუქციის შეზღუდვამ პირველ ეტაპზე შეიძლება პოზიტიური შედეგებიც კი მოგვიტანოს, რადგან რუსეთი აქვეა, ამ ბაზარს ვიცნობთ, კონტაქტებიც გვაქვს და შეიძლება ძველი ნიშა ნაწილობრივ მაინც აღვიდგინოთ. ციტრუსის ან თხილის ექსპორტში ამან შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს, მაგრამ აქ არის მეორე ნიუანსი: გვაქვს კი იმ რაოდენობის პროდუქცია, რომელიც ამხელა ბაზარს სჭირდება? ამიტომ, ეს იქნება მოკლევადიანი ეფექტი, გრძელვადიანი სტრატეგია ამაზე არ უნდა ავაგოთ. ჩვენ თურქეთს ვერ ჩავანაცვლებთ ვერც ტანსაცმლით და ვერც სხვა პროდუქციით, ეს უფრო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შეეხება და თუ დაპირისპირება გაგრძელდება, შეიძლება რუსეთის ბაზარზე პატარა ნიშა ჩვენც შეგვხვდეს", - აღნიშნა ვაჟა კაპანაძემ.

ვაჟა კაპანაძის შეფასებით, ამ დაპირისპირებას საქართველოსთვის ნეგატიური მხარეებიც აქვს: თუნდაც ტრანზიტის და ამ გზით შემოსული შემოსავლების მხრივ.

"ამავე დროს, თურქეთს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას, რაც თავისთავად იმოქმედებს თურქულ ლირაზე და თუ მათი ვალუტა გაუფასურდება, ეს აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვნახეთ როგორ აისახა მეზობელი სახელმწიფოების ვალუტების გაუფასურება ლარის კურსზე. ახლა მთავარია, ბალანსს როგორ დავიცავთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მოგება მივიღოთ. თუ რუსეთი თურქული პროდუქციისათვის თავის ბაზარს ჩაკეტავს, შეიძლება უფრო მეტი თხილი, მანდარინი და ხილი გავიტანოთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამით ავშენდებით", -  აცხადებს ანალიტიკოსი.

პროფესორი ავთო სილაგაძე რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში ჩვენთვის უარყოფით მხარეებს უფრო ხედავს.

"პირველ ყოვლისა, უარყოფით მხარეზე უნდა ვთქვა: როდესაც ჩვენი ორი მეზობელი სახელმწიფო ერთმანეთთან კონფლიქტურ სიტუაციაშია, ეს ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი მოვლენაა: ერთის მხრივ, თურქეთთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა და ის ჩვენთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეორე მხრივ, რუსეთთანაც გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არა იმ მასშტაბისა, როგორიც თურქეთთან. ცხადია, როდესაც მათ შორის დაძაბული სიტუაციაა, ამ დაძაბულობაში ძნელია პოლიტიკური თვალსაზრისით რაიმე სარგებელი მივიღოთ. ეკონომიკური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა, თურქეთს მრავალწლიანი სავაჭრო კავშირები აქვს რუსეთთან, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტების, მსუბუქი მრეწველობისა და ტურიზმის მიმართულებით, ამიტომ თუ რუსეთი ამ ბაზარს შეზღუდავს, ორივე სახელმწიფოს ზარალი მილიონობით კი არა, მილიარდობით დოლარი იქნება. არა მხოლოდ პროდუქცია, ტურისტების ძალიან დიდი ნაკადი მიემართება თურქეთში რუსეთიდან, შეუძლებელია თურქული საქონელი, ან ტურიზმის ინდუსტრია საქართველომ შეცვალოს. ეს რამდენიმემილიარდიანი ინდუსტრიაა, ასევე შეუძლებელია მსუბუქი მრეწველობის ჩანაცვლებაც. მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროში შეიძლება რაღაც უფრო მეტი რაოდენობის ექსპორტი იქნას განხორციელებული ჩვენგან. ამიტომ, მთლიანობაში ის ნიშა, რომელიც თურქეთს რუსულ ბაზარზე ეკავა, მაინც ცარიელი დარჩება. ყოვლად წარმოუდგენელია ეს ქვეყანა საქართველომ შეცვალოს. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ რუსული ბაზარი არამდგრადია და ძალიან რთული სათქმელია, რა დროს რა მოხდება. არც ის ვიცით, როდის ჩაერთვება საქმეში რუსეთის სანიტარული სამსახური. ნებისმიერ შემთხვევაში, დაძაბულობა ჩვენთვის არახელსაყრელია და ამ დაძაბულობიდან დიდ სარგებელს არ უნდა ველოდეთ. სარგებელს უნდა ველოდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა გვექნება მეზობლებთან და ასეთივე სტაბილურ რეგიონში ვიცხოვრებთ", -  აღნიშნავს ავთო სილაგაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე