2015 წლის დასასრულამდე რამდენიმე დღე რჩება. ქართული ეკონომიკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ რთული იყო, თუმცა გარკვეული წარმატებებიც გვქონდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები და მკვლევარები 2015 წელს: რა პროექტები განხორციელდა, იყო თუ არა წარუმატებელი ნაბიჯები და რატომ ვერ მიაღწია მეტ წარმატებას ქართულმა ეკონომიკამ აღნიშნულ წელს. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე და ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი 2015 წელს განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებზე საუბრობენ.
2015 წელს ჰიბრიდულს უწოდებს სოსო არჩვაძე და აქცენტს როგორც წარმატებულ, ასევე წარუმატებელ მოვლენებზე აკეთებს.
”თუ პოლიტიკურ ტერმინოლოგიას დავესესხებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის ჰიბრიდული წელი იყო - წარმატებებსა და წარუმატებლობებს შორის. იყო მცდელობა ქართული ეკონომიკის უფრო მყარად ფეხზე დადგომისა. მეტნაკლებად წარმატებით ხორციელდებოდა პროექტი ”აწარმოე საქართველოში”. ქართული პროდუქციის ექსპორტმა ევროკავშირში წელს პირველად გადააჭარბა ექსპორტს დსთ-ს ქვეყნებში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ევროპულ ორიენტაციას. თუმცა იყო გარკვეული პრობლემები, მათ შორის, ყველასთვის მტკივნეული ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია, რომელიც უკვე გასცდა ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ, ანკეტირებულ მაჩვენებელს. ასევე, აღსანიშნავია წლის მეორე ნახევარში სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელი. ეს აქცენტები შეიძლება გახდეს მსჯელობისა და კითხვის საგანი - რატომ ვერ მოხერხდა უფრო მეტი წარმატებისა და მეტი პოზიტივის აკუმულირება ჩვენს რეალობაში”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.
კახა გოგოლაშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე - საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შთანხმებაზე საუბრობს. გოგოლაშვილის თქმით, ამ კუთხით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები შედეგს ასე სწრაფად ვერ მოიტანს.
„ცვლილებები, რომლებიც შეთანხმებით აღებული ვალდებულებებით არის გათვალისწინებული, 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. ის, რაც იყო დაგეგმილი ამ წლისთვის, პრაქტიკულად, შესრულებულია. საკანონმდებლო აქტები; ცვლილებები შრომის კოდექსში, სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში, მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით; ტექნიკური რეგლამენტები, იმპლემენტაცია, მაგრამ ეს პრაქტიკულ შედეგს ასე სწრაფად არ იძლევა. თუმცა, საბოლოო ჯამში ყველა ის ცვლილება, რაც საქართველოში ხორციელდება და თანხვედრაში მოჰყავს ევროკავშირისა და ჩვენი კანონმდებლობა, ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ბიზნესების ევროპისკენ ორიენტაციას”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი ასევე ხაზს უსვამს იმ სუსტ მხარეებს, რაც ქართული ეკონომიკის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელებას უშლის ხელს.
”ყველა სახის იდეის და პროგრამის იმპლემენტაცია ძალიან ნელა ხორციელდება. ალბათ ბევრია ბიუროკრატიული ბარიერი, არაკომპეტენტურობა, ხშირ შემთხვევაში სუსტი გათვლები და ნაკლები კონტაქტი ბიზნესთან და მოსახლეობასთან. ეს ყველაფერი არ ქმნის იმ პირობებს, რომ სწარაფად მოხდეს იმ იდეების განხორციელება, რომლებიც დადებით მუხტს შეიცავს. ჩვენ ვხედავთ კოოპერატივების ბუმს, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაზრდილია; ჩვენი ეკონომიკა არ არის ინოვაციური, არ ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლითაც შექმნიდნენ კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენ მაინც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ მთლიანად. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ იმპორტის შემცვლელი სპეციალური პოლიტიკა ჩამოყალიბდეს, მაგრამ საჭიროა კონცეპტუალურად ფიქრი იმაზე, თუ რა მიმართულებები და დარგები შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ამას ხელი უნდა შეეწყოს სხვადასხვა მეთოდებით”, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.
ეკონომკის ექსპერტი სოსო არჩვაძე წლის დასასრულამდე ცვლილებების განვითარებას ისევ ვარაუდობს. მისი თქმით, ვიდრე წელი დასრულდება, ეკონომიკის სფეროში მიმდინარე პროცესებზე წერტილის დასმა რთულია.
”ცხოვრება ისეთი დინამიური გახდა, ხშირად, პროცესები არც თუ ისე პროგნოზირებად ხასიათს იღებს. ჯერ წელი არ დამთავრებულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის დასასრულამდე”, - ამბობს სოსო არჩვაძე.
თამარ კორკოტაშვილი