როგორი იყო 2015 წელი საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რა მიღწევებით ხვდება მთავრობა მომავალ წელს, ამ საკითხებზე "რეზონანსი" ექსპერტს და ანალიტიკოსს, დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
დემურ გიორხელიძე: 2015 წელს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ძირითადად აისახა ის პრობლემები, რომელიც წლებია არსებობს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. რაც მთავარია, არ მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა ქვეყნის ეკონომიკაში; ასევე მაღალია უმუშევრობის დონე, რომელიც არ იცვლება და ვერც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. ასევე შენარჩუნებულია მძიმე სოციალ-ეკონომიკური ფონი, რომელსაც ვერ ფარავს ის ცალკეული კარგი ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა ატარებს. თითქოს ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა ლარში, მაგრამ ამ დროს გასული წლის 16-მილიარდიანი მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში წელს იქნება 14 მილიარდი. ანუ, რეალურად ეკონომიკა შეიკუმშა და აქ ვერანაირი მანიპულირება ვერ გვიშველის.
მნიშვნელოვანი მოვლენა ამ წელს იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრმა დატოვა თანამდებობა და ეს ლოგიკურია. ასე რომ გაგრძელებულიყო, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" რეიტინგი 5%-იც არ იქნებოდა. პოზიტიური მოვლენა იყო ის, რომ დადებითად გადაწყდა ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რაც კარგია, მაგრამ იგი არანაირ პრობლემას ქვეყანაში არ წყვეტს და ასეთი დიდი პროპაგანდა, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხს ჰქონდა, ნიღბავს უმოქმედობას და სუსტ გადაწყვეტილებებს.
"რ": შეძლებს ახალი მთავრობა ამ პრობლემების მოგვარებას 2016 წელს?
დ.გ.: რა იქნება ახალი ძველი მთავრობის პირობებში, ეს სხვა თემაა. ჯერჯერობით რაც მესმის, არის ცალკეული ღონისძიებები, შეიძლება კარგი, მაგრამ იგი ვერ შეცვლის არსებულ მძიმე მდგომარეობას. განსაკუთრებული მოლოდინი ვერ იქნება, რომ 2016 წელს რადიკალური რეფორმები გატარდეს, რადგან საარჩევნო წელს, როგორც წესი, რადიკალური რეფორმები არ ტარდება, არადა რეფორმების გარეშე ძნელია რაიმე რეალური შედეგის მიღება. ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და შემაფერხებელია არაფორმალური მმართველობა, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მმართველობა სახელმწიფო ინსტიტუტების ფარგლებში და არა არაფორმალური მმართველობა.
"რ": როგორ შეაფასებდით პოლიტიკური პარტიების საქმიანობას 2015 წელს, მათ თუ ჰქონდათ მიღწევები?
დ.გ.: განსაკუთრებული არც მათ საქმიანობაში ყოფილა. პოლიტიკური პარტიები არ ასრულებენ იმ მთავარი ოპონენტის ფუნქციას, რომელმაც მთავრობა უნდა აკონტროლოს და იგი ხისტი პრესინგის პირობებში ამყოფოს. პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტები არიან, მთელი ყურადღება კონცენტრირებული აქვთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე და არაფერს ამბობენ ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობაზე და სხვა ფუნდამენტალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს. ვერც მახინჯი საარჩევნო სისტემის შეცვლას აპირებენ და ამის ნაცვლად ხელისუფლებისგან რაღაც დათმობებს ელიან, რომ ხელი მოითბონ, ეს კი არ არის ის პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
"რ": 2016 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები?
დ.გ.: 2016 წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე 2015 წელი. საგარეო ფაქტორები კიდევ უფრო გაუარესდება. საშინაო პოლიტიკა კი ჯერ გამოკვეთილი არ არის. ამას პლუს, ისეთ არშემდგარ სახელმწიფოში, როგორც საქართველოა, დემოკრატიული საარჩევნო პროცედურები გადაქცეულია დესტაბილიზაციის წყაროდ და ყოველთვის დაძაბულობა შეაქვს ქვეყნის ცხოვრებაში. განსხვავება არც 2015 წელს იქნება, რადგან პოლიტიკური ძალები არ არიან შეთანხმებული თამაშის წესებზე და საარჩევნო პროცედურების გაუყალბებლობაზე. მთელი ქართული რეალობა არის ცუდი პოლიტიკური ინტრიგა, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს და არა მგონია, 2016 წელს შეიცვალოს. "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ერთმანეთი სჭირდებათ. ახალი სახეები კი პოლიტიკაში ხელოვნურად ვერ გაჩნდება. ან რა მიზანი აქვს ამ ახალ სახეებს, არ მესმის. ახალი სახეები უნდა გააჩინოს ქართველმა ხალხმა და იგი მათი წიაღიდან უნდა წამოვიდეს და არა ბელადის მიერ დანიშნული.
როდის მოხდება ეს? როცა ხალხი ერთმანეთისკენ გაიხედავს და თავის წიაღიდან წესიერი, საქმის მცოდნე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანზე გააკეთებს აქცენტს და არა ზემოდან დანიშნულზე, რომელსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების დროს სჭირდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო ილუზორული არჩევნები ქართველი ხალხისთვის.
ია აგულაშვილი
გაზეთი "რეზონანსი"