ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლარის მიმართ ისე გაუფასურდა, რომ თავისი ისტორიული მაქსიმუმი "გააუმჯობესა". ოფიციალური კურსით, 1 დოლარი 2,4694 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი გაცვლითი კურსი 1 დოლარისთვის 2,50 ლარსაც კი აჭარბებს. არსებობის 20 წლის თავზე ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი ექსპერტები ლარის გაუფასურებას კიდევ ელიან.
ეკონომისტები ლარის კურსის ვარდნის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. საგარეო ფაქტორების ჩამოთვლისას განსაკუთრებით გამოყოფენ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას. ლარზე ზეწოლას, ძირითადად, ახდენს შემდეგი საგარეო ფაქტორები: ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის გავლენა აზერბაიჯანსა და რუსეთზე, გაუფასურებული მანათი და რუბლი, აგრეთვე უკრაინული გრივნა და თურქული ლირა, შემოსული ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების შემცირება, გაძვირებული იმპორტი და ექსპორტის შემცირება. საგარეო ფაქტორების გარდა, ექსპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად შიდა პრობლემებსაც ასახელებენ. ისინი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, ახლა მაინც იმუშაონ ერთად და ხისტი პოლიტიკა წარმართონ - გააკონტროლონ მიმოქცევაში ლარისა და უცხოური ვალუტის თანაფარდობა, შეამცირონ მიმოქცევაში ლარის ბანკნოტები, რაც თავის დროზე, 1998 წლის რუსეთის დეფოლტის შემდეგ, სებ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ირაკლი მანაგაძემ გააკეთა და ლარის კურსი შეინარჩუნა.
ეკონომისტების ნაწილი მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, გაზარდოს დოლარის ინტერვენციების მოცულობა, თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვებიდან გამოტანილი დოლარის მოცულობა, შესაძლოა, "აზერბაიჯანულმა მტვერსასრუტმა" შეისრუტოს.
მანათის გაუფასურების შესაჩერებლად აზერბაიჯანის მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებსაც არ ერიდება. მაგალითად, გასულ კვირას ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე შეზღუდვები დააწესა, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, უცხოეთში გადარიცხულ თანხაზე სავალდებულო მოსაკრებელი დაწესდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თუ უცხოეთში გადასარიცხი თანხის ოდენობა 50.000 აშშ დოლარს აღემატება, მოქალაქეს მოუწევს მოსაკრებლის გადახდა თანხის 20%-ის ოდენობით.
ექსპერტების შეფასებით, აზერბაიჯანში დაწესებულმა შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა საქართველოს სავალუტო ბაზარზე. ჯერ ერთი, აზერბაიჯანი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა და აზერბაიჯანულ კომპანიებსაც საქართველოს ბაზრის დიდი წილი უჭირავთ. საქართველოში მოქმედებს სამი აზერბაიჯანული ბანკი, რომლებიც "ბლუმბერგის" სისტემაშიც ვაჭრობენ და ზოგიერთი ცნობით, დოლარზე მოთხოვნა მათი მხრიდანაც გაზრდილია. ერთ-ერთი ინფორმაციით, აზერბაიჯანში ინფლაციის გამო ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიც კი ჩვენთან ყიდულობენ დოლარს. ამას ისიც ემატება, რომ საახალწლოდ იმპორტიორებმა ბევრი საქონელი შემოიტანეს, ახლა კი უნდათ, გაყიდული საქონლის შესაბამისი დოლარი იყიდონ და ქვეყნიდან გაიტანონ.
მოკლედ, საქართველოდან დიდი რაოდენობით დოლარი გადის, რაც შესაძლოა, ლარის გაუფასურებისა და სავალუტო შიმშილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს.
ელგუჯა მექვაბიშვილი, სებ-ის საბჭოს ყოფილი წევრი: - ლოგიკურია აზერბაიჯანული ბანკების მცდელობა, საქართველოს ბაზარზე დოლარი შეისყიდონ და შესაძლოა, ეს იყოს ლარზე ზეწოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენთან ხომ სავალუტო ოპერაციები აბსოლუტურად ლიბერალურია - მათ შეუძლიათ შეისყიდონ დოლარი, გაიტანონ, თავიანთ ანგარიშებზე განათავსონ და სხვ. როცა ვაჭრობა თბილისის ბანკთაშორის
სავალუტო ბირჟაზე მიმდინარეობდა, ამ ოპერაციებს ვხედავდით, დღეს კი, თუ სისტემის წევრი არ ხარ, რაც სოლიდურ შენატანს მოითხოვს, შეუძლებელია ნახო, ვინ რამდენი ვალუტა შეიძინა. მოთხოვნა-მიწოდებით კი ვალუტის კურსი ყალიბდება და დოლარზე დამატებითი მოთხოვნის გაჩენა ლარსა და დოლარს შორის დისბალანსს აღრმავებს. გარდა ამისა, როცა ფული სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში უფასურდება, იქიდან შემოდის იაფი საქონელი, რომელიც უფრო დიდი მოცულობით იყიდება ლარში და შემდეგ მისი კონვერტირება ხდება დოლარში. შესაბამისად იზრდება დოლარის კურსიც.
გავიხსენოთ 1998 წლის სექტემბერი, როცა ლარმა პირველად მიაღწია გაუფასურების ყველაზე მაღალ ნიშნულს და შევადაროთ დღევანდელ მოვლენებს. მაშინ ჩვენი ეკონომიკური საზღვრები ასე დაცული არ იყო, ერგნეთის ბაზრობიდან შემოდიოდა გაიაფებული რუსული საქონელი, ხდებოდა კატასტროფულად გაუფასურებული რუბლის კონვერტირება დოლარში და ვალუტა ქვეყნიდან გადიოდა. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ლარის კურსის დაცემა გამოიწვია.
ახლა ძალიან სახიფათო ვითარებაა, განსხვავებით 2014-2015 წლების კონკრეტული პერიოდისგან, როცა ყველა ეკონომიკური თვალსაზრისით, ლარი არ უნდა გაუფასურებულიყო. მაშინ ასეთი სისტემური მიზეზები არ არსებობდა, ახლა კი ყველა პირობაა, რომ ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდეს. მთავრობა ახლა მაინც უნდა დათანხმდეს ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, არც კი ვიცი, რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ. ხალხს კი შემიძლია ვურჩიო, რომ სესხები შეძლებისდაგვარად შეამცირონ; განსაკუთრებით დოლარში სესხის აღებას მოერიდონ. ყველა პირობას ვხედავ იმისთვის, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს.
დავით იაკობიძე, ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი: - დარგის სპეციალისტების პროგნოზით, 5 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო დოლარის გამყარება და სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა. ეს იყო ფულადი ბაზრის რეაქცია იმ მოვლენებზე, რომლებმაც ბოლო დროს იჩინა თავი აშშ-ის აქტივობის ფონზე - მოიხსნა ემბარგო ნავთობზე, ირანიდან ევროპისკენ დაიძრა ნავთობის დიდი პარტიები, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა და შემდეგ ეს გაცვლით კურსებზეც აისახა. ლარი ისეთ მდგომარეობაშია, მასზე გავლენას ევროც ახდენს და დოლარიც. ამ ყველაფერმა ჩვენთან დოლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვია და მან 65%-ს გადააჭარბა.
არ მიმაჩნია სწორად ლარის გაუფასურების შიდა და გარე ფაქტორების დასახელება. დღეს, როცა ღიაა ეკონომიკა, ე.წ. გარე ფაქტორები აღარ არსებობს. დოლარი თვითონ არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი თვისებრივი ერთეული. უძრავ ქონებას ლარში ხომ არავინ ყიდულობს! გარდა ამისა, ჩვენს ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენენ ტრანსეროვნული კორპორაციები. საქართველოს ბაზრის დიდი წილი უკავია აზერბაიჯანულ "სოკარსა" და კომპანიებს სხვა ბიზნესსექტორებში. ასე რომ, ეროვნული ბანკის ინტერვენციებიც კი სწრაფად გაედინება ბაზრიდან. თანაც ამ ფულის გასვლა ხდება ერთგვარი არბიტრაჟული ფორმით, ანუ ვინც ამ საბანკო ოპერაციებზე მუშაობს, ისინი ზარალს არ ნახულობენ.
აზერბაიჯანმა გამაკვირვა თავისი ქმედებით, მათ შორის - კონვერტაციის შეზღუდვით და მგონია, რომ ეს ხელოვნური ხერხია, რომლის უკან, შესაძლოა, დიდი ჩანაფიქრი იმალებოდეს. შესაძლოა, რუსებთან ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობის რადიკალიზაცია უნდათ ან ნავთობისგან მიღებული ზარალის კომპენსაციას ცდილობენ. ამ საკითხს კვალიფიციური კვლევა სჭირდება, რადგან ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ეს დიდ საფრთხეს უქმნის.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"