საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ავტომობილების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და დედაქალაქში მათი რაოდენობა უკვე მილიონს აჭარბებს, მსოფლიოში ავტომობილებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.
მსოფლიოს სულ უფრო ბევრი წამყვანი და დიდი ქალაქი ამბობს უარს მანქანაზე, როგორც კომფორტულ სატრანსპორტო საშუალებაზე და არჩევანს ველოსიპედზე, მოპედზე, ანაც ელექტრომობილზე აკეთებს.
კოპენჰაგენი, დანია
ევროპის მასშტაბით კოპენჰაგენში ყველაზე ნაკლები ავტომობილია. 1960-იან წლებში ქვეყნის ხელისუფლებამ საფეხმავლო ზონების გაფართოება და ამ გზით საავტომობილო გზების შევიწროება გადაწყვიტა. უახლოეს ხანებში ქალაქში საველოსიპედო მაგისტრალი გაიხსნება, რომელიც გარეუბნებს ცენტრთან დააკავშირებს.
ჰამბურგი, გერმანია
ქალაქის ცენტრში ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული არ არის, თუმცა მერია ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს დისკომფორტი არ შეექმნათ. უახლოესი 20 წლის განმავლობაში ქალაქში ახალი ველობილიკებისა და ტროტუარების აშენება იგეგმება, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ნაწილი ჰამბურგის 40%-ს მოიცავს.
მადრიდი, ესპანეთი
მადრიდის ბევრი ცენტრალური ქუჩა ავტომობილებისთვის გადაკეტილია, დამრღვევებისთვის კი ჯარიმა 100 ევროს აჭარბებს. გამონაკლისი მხოლოდ ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის არის დაშვებული. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად აბინძურებს ავტომობილი გარემოს, მით უფრო მეტ გადასახადს იხდის პარკინგისთვის მისი მეპატრონე.
პარიზი, საფრანგეთი
ორი წლის წინ ქალაქში დაბინძურებამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქის ცენტრში მანქანების გადაადგილება მორიგეობით დააწესა - ერთი დღე ლუწნომრიანი მანქანებისთვის გამოიყო, მეორე - კენტნომრიანი. შედეგად დაბინძურების დონე 30%-ით შემცირდა. 2020 წლისთვის ქალაქის მერია ველობილიკების რაოდენობის გაზრდას და ცენტრში მხოლოდ ელექტრომობილების დაშვებას გეგმავს.
ჰელსინკი, ფინეთი
უახლოეს წლებში ჰელსინკის ხელისუფლება საავტომობილო გზების გარეუბნებში გადატანას გეგმავს, ცენტრალურ ქუჩებში კი მხოლოდ საზოგადოებრივი ტრასნპორტი იმოძრავებს.
ბოგოტა, კოლუმბია
ქალაქში ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყეს ველობილიკების მშენებლობა და საფეხმავლო ქუჩების გაფართოება. ქალაქის ცენტრალური ქუჩების დიდი ნაწილი დღესდღეობით ავტომობილებისგან თავისუფალია, ცენტრში კი ავტობუსები განრიგით დადიან.
მილანი, იტალია
ქალაქის ხელისუფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვაუჩერებს უფასოდ ურიგებს ავტომობილის მფლობელებს, ვინც მანქანას სახლში დატოვებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს. ავტომობილები სპეციალურ სისტემაშია აღირცხული, რომელშიც ავტომატურად აისახება, როდესაც მანქანას პატრონი პარკინგზე აჩერებს დღის განმავლობაში. ბონუსად ავტომობილის მფლობელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის თანხა ბარათზე ერიცხება.