იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა შემოსავალს გადააჭარბა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ 2,6 პროცენტი, იანვარი-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ კი 1,7% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტმა 280, 9 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნული მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2%-ით ნაკლებია.

2%-ითაა შემცირებული საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც, რამაც 1,413 მილიონი დოლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-თებერვლის წინასწარი მონაცემებით, 1,3%-ითაა გაზრდილი საქონლის იმპორტი.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ახლადდარეგისტრირებულმა საწარმოთა რაოდენობამ 4208 ერთეულს მიაღწია.

სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემოსავალს აჭარბებს.

კერძოდ, იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 598,4 მილიონი ლარი, შემოსავლებმა კი 578, 5 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თებერვალს, გასულ თვეში ხარჯები 625,2 მილიონ ლარს, ხოლო შემოსავლები 571, 2 მილიონს შეადგენდა.

რაც შეეხება საბანკო სფეროს, მიმდინარე წლის იანვარში კომერციული ბანკების მთლიანი გამოშვება 104,1 მილიონი ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის - 5,4 მილიონი ლარი იყო.

თებერვალში კი კომერციული ბანკების მთლიანი გამოშვება 105, 9 მილიონი ლარი, ხოლო ეროვნული ბანკის - 5.0 მილიონი ლარია.