ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს.როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ერთი შეხედვით, სტაბილურობა რეგიონის ყველა მოთამაშის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა სინამდვილეში საქმე არც ისე მარტივადაა, თუნდაც იმიტომ, რომ რეგიონში ტერიტორიულად უდიდესი და ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანა - რუსეთი - უკვე 25 წელია, დესტაბილიზაციის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად გვევლინება.
უმუშევრობის მატება, ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ბიუჯეტის სოციალურ მოთხოვნებზე მორგება, მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული უსაფრთხოების დონის შემცირება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების განლაგებით გამოწვეული არასტაბილურობა - ასეთია ბოლო 25 წლის განმავლობაში მომხდარი ომების შედეგად საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების `მოკრძალებული~ ჩამონათვალი.
მცირე ტერიტორიისა და სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც ერთდროულად ორ ტერიტორიულ კონფლიქტთან უწევს გამკლავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოსებსა და აფხაზებთან მოქმედების სწორ ტაქტიკას. აშკარაა, რომ მოსახლეობის მხრიდან დადებითი დამოკიდებულების მოპოვების გარეშე ამ ორი კონფლიქტური ტერიტორიის ინტეგრაცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია. მეტიც, ეს ერთობლივი სახელმწიფო შექმნის მინიმალური და იმავდროულად არასაკმარისი მოთხოვნაა.
1. კონფლიქტის ფასი - საქართველო
ა. თავდაცვაზე გაღებული ხარჯები: ბოლო 10 წლის განმავლობაში (2006-2015 წწ.) თავდაცვის მაღალი პოტენციალის შესანარჩუნებლად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებამ 7 მილიარდ დოლარამდე დახარჯა, რაც, საშუალოდ, ქვეყნის წლიური მშპ-ის 5,3%-ს შეადგენს. ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტი - 2.1%-ია, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონფლიქტის ფასი არანაკლებ 5 მილიარდი დოლარია.
ბ. იძულებით გადაადგილებული პირების დანაკარგები: საერთო ჯამში დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 450 ათას ადამიანს შეადგენს, თუ თითოეულიო ჯახის ქონებას, საშუალოდ, 20 ათას დოლარად შევაფასებთ, გამოდის, რომ დანაკარგი სულ მცირე 2 მილიარდ დოლარს უტოლდება.
გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერი პროექტები: 2015 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოში 263 598 იძულებით გადაადგილებული პირია დარეგისტრირებული (მოსახლეობის 7%). დღემდე მხოლოდ 18 679-ს გადაეცა ბინა (ღირებულება - 20 მილიონი ლარი). პროექტის დასრულებისთვის საჭირო თანხა 100-150 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ" კანონით, იძულებით გადაადგილებულ პირს ენიშნება 45-ლარიანი დახმარება. ამ გზით უკვე გაცემულია 600 მილიონ დოლარამდე.
დ. ბიუროკრატია: აბსოლუტურად ვიზიარებთ კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის მოსაზრებას, რომ ერთსა და იმავე საკითხზე უამრავი სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს, რაც იწვევს ფუნქციების დუბლირებას, ართულებს კოორდინაციას, რიგ შემთხვევებში განაპირობებს უწყებათა შორის კონკურენციას და რაც მთავარია, უბრალოდ, ძვირია მათი ყოველწლიური შენახვის ხარჯები: 1 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (ბიუჯეტი - 1,2 მილიონი); 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (70 მილიონი); 3. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია (3.5 მილიონი); 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო (ბიუჯეტი 13.4 მილიონი). ამას დამატებული სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ასევე მუშაობენ კონფლიქტებზე, ანდა კონფლიქტები მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ: საპგარეო საქმეთა სამინისტრო; თავდაცვის სამინისტრო; ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია; ეროვნული უშიშროების საბჭო; უსაფრთხოებისა ა კრიზისების მართვის საბჭო; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო; შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2. კონფლიქტიდან მიღებული "სარგებელი"
ა) საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება: დონორთა კონფერენციაზე 2008 წელს საქართველომ 4,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება მიიღო, რომლის 60% - დაბალპროცენტიანი სესხი, დარჩენილი 40% - გრანტი იყო.
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციები და პროექტები: 1992-დან 2008 წლამდე, სანამ რუსეთი გაეროს ეგიდით განხორციელებულ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას დაბლოკავდა UNOMIG-მა საქართველოში 397 მილიონი დოლარი დახარჯა, 2008 წლის ოქტომბრიდან კი FUMM-მა - 150 მილიონი ევრო.
3. კონფლიქტზე გაღებული ხარჯები - სეპარატისტული რეგიონები
ა) დასუსტებული ეკონომიკა: კონფლიქტის დროს გაღებული ხარჯი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება, თუმცა მათი ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხა უდიდესი ტვირთია და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს აფერხებს.
ბ) დამოუკიდებლობის ფასი: 2008 წელს რუსეთის მიერ კონფლიქტური რეგიონების აღიარება სხვა არაფერია, თუ არა ამ რეგიონების დროისა და ისედაც შეზღუდული ფინანსური რესურსების ფუჭად ფლანგვა.
უფრო მეტიც, ამას არ მოჰყოლია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტეგრაცია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად ითვლება. ე. წ. სახელმწიფო საზღვრის კონტროლიც კი რუსეთის ფედერაციის პრეროგატივაა.
4. კონფლიქტიდან მიღებული სარგებელი - ცხინვალის რეგიონი
რუსეთის ფედერაციის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება ("ინვესტიცია"), რუსულ წყაროებზე დაყრდნობით 2008 წლიდან 2015 წლამდე რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს ურიცხავს. 2016 წელს აღნიშნულმა დახმარებამ 8.7 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 130 მლნ დოლარი) შეადგინა; ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთს ყოველწლიურად 100 მილიონ დოლარს ურიცხავს. 2016 წელს აღნიშნულმა დახმარებამ 8.7 მილიარდი რუბლი (დაახლოებით 130 მლნ დოლარი) შეადგინა; ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთმა 1 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო, თუმცა რიგითი მოქალაქეებისთვის ცხოვრების დონე, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.
5. ორივე მხარის სამომავლო შესაძლებლობები
ა) შGშ (სოსოეტე გენერალე დე სარვეილლანე): სატრანზიტო ვაჭრობა და თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარება შესაბამისი იურიდიული ნორმების დაცვის შემთხვევაში შესანიშნავი შესანიშნავი შესაძლებლობაა რეგიონის ყველა მოთამაშისთვის.
ბ) უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან; გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4,3%-ით, ექსპორტის მოცულობის 7,5%-ით და ხელფასების 3,6%-ით ზრდა და სამომხმარებლო ფასების 0,6%-ით შემცირება. უვიზო მიმოსვლასთან ერთად კი ეს მაჩვენებლები დიდი წარმატების საწინდარია საქართველოსთვისაც და კონფლიქტური რეგიონებისთვისაც.
დასკვნა: ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მიერ კონფლიქტზე გაღებული დანახარჯი კონფლიქტური რეგიონების ხარჯებს მნიშვნელოვნად აღემატება, თუმცა, თუ მოცემულ თანხებს მხარეების ეკონომიკურ შესაძლებლობებს შევადარებთ, ცხადია, რომ არც ერთ მათგანს ამისი "ფუფუნება" არ გააჩნდა.
ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა და კონფლიქტების მოგვარება კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს და დაუბრუნებს მას თავდაჯერებას. მსგავსი მაგალითები კი მსოფლიო პრაქტიკაში მრავლადაა, რაზეც ისრაელისა და კორეის გამოცდილებაც მეტყველებს.
P.შ. აღნიშნულ სტატიაში არ არის გათვალისწინებული ერგნეთის ბაზრობით ან/და აფხაზეთის რეგიონთან ვაჭრობით მიღებული სარგებელი (ან ზარალი), რადგანაც ის მთლიანად არალეგალურ ვაჭრობაზე და არაოფიციალურ სტატისტიკაზეა დამყარებული. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კვლევები წარსულში ნამდვილად არის განხორციელებული.
ვახტანგ ჭარაია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი
გაზეთი "რეზონანსი"