ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 14 ჰიდროელექტროსადგური და 2 თბოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 420 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 537 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას 5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის შესახებ. მონაცემები ამ პროექტებზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა:
გარდაბნის თბოელექტროსადგური
გარდაბანში ამოქმედდა 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. კომპანიის დასახელებაა შპს „გარდაბნის თბოსადგური“, რომლის თანამფლობელები არიან: სს „საპარტნიორო ფონდი“ (49%) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (51%). თბოსადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით ამარაგებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთი საიმედო რეზერვია.
ნენსკრა ჰესი
უკვე დაიწყო 280 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომლის ინვესტიცია 1 მლრდ დოლარია. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია არის იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ენერგეტიკის განვითარებაში. ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება უზრუნველყოს, რაც უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ენერგოსისტემას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს EBRD-მა, „აზიის განვითარების ბანკმა“ და კორეის „ექსიმ ბანკმა“.
შუახევიჰესი
2016 წლიდან ექსპლუატაციაში შევა 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „შუახევიჰესი“, რომელიც აჭარის რეგიონში მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მლნ აშშ დოლარია. შუახევიჰესი გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე. „შუახევიჰესის“ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მილიონი დოლარი. პროექტის დასრულების შემდგომ კომპანია ყოველწლიურად მილიონობით ლარს შეიტანს ადგილობრივ მიუჯეტში, რაც პირდაპირ აისახება და გააუმჯობესებს აჭარის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას. პროექტის მიხედვით, „შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. ეს ობიექტი საქართველოს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს შემატებს.
შაჰ-დენიზის პროექტის სამხრეთ კავკასიური მილსადენი
შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე 2 ათას ადამიანს დაასაქმებს, ხოლო დასრულების შემდეგ 130 მუდმივ სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის ღირებულება 2 მლრდ. აშშ დოლარია და მისი წყალობით, 2019 წლიდან, საქართველო დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობას მიიღებს შეღავათიან ფასად. შაჰ-დენიზის პროექტის მე-2 ფაზა გულისხმობს ბუნებრივი აირის იტალიაში ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით. ამ პროექტში საქართველოს ჩართულობა აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე აძლიერებს საქართველოს, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი სატრანზიტო პარტნიორის იმიჯს. 692 კმ. სიგრძის სამხრეთ კავკასიური მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირების მიზნით დაპროექტდა. სრული წარმადობით ამუშავებისა და განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს.
მიწისქვეშა გაზსაცავი
საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც გაზსაცავი არ ჰქონდა. ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება გადაწყვიტეს, რომელიც სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე იმუშავებს. ასე რომ, საქართველოში პირველად ხორციელდება მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულებულია. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს. გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.
P.S. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მიმდინარე წელს დასრულდება ქვესადგურების: ,,მარნეული 500“-ის და ,,ქსანი 500“-ის აგრეთვე, ,,ახალციხე-ბათუმის“ დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, ხოლო 2017 წელს ჯვარი-ხორგას და ქსანი-სტეფანწმინდას დამაკავშირებელი ხაზების მშენებლობა. ახალი ენერგოობიექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.“
ხათუნა ჩიგოგიძე