რა მოუვიდა ლარს - ეკონომიკის ექსპერტთა და მთავრობის წარმომადგენელთა შეფასებები

გასულ კვირას ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,241 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით 2,2 თეთრით, ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით კი მთელი 19,8 თეთრით გამყარდა. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმზე გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ლარის რეკორდული გაუფასურების შემდგომ, რომელიც იანვრის ბოლოს დაფიქსირდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან, თითქმის 4 თვის მანძილზე ლარის კურსი დოლარის მიმართ მყარდებოდა. შედეგად, ბოლო 4 თვეში 1 დოლარის ღირებულება 2,48-დან 1,12 ლარამდე შემცირდა. თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე, ლარის კურსმა კვლავ გაუფასურების ტენდენცია წარმოაჩინა და შედეგად 24 ივნისის მდგომარეობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში უკვე 2,29 ნიშნულზე დადგინდა.

ეკონომიკის ექსპერტებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს ლარის კურსის ბოლო დროინდელ გაუფასურებაზე განსხვავებული პოზიციები აქვთ. რა გახდა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის მიზეზი დოლართან მიმართებაში, ამ საკითხზე ექსპერტთა შეფასებები უმეტესწილად ორი მიმართულებით ვითარდება. ერთნი ამბობენ, რომ ლარის კურსზე გავლენა ბრიტანეთში ჩატარებულმა რეფერენდუმმა იქონია, რომლის შედეგადაც ფუნტი სტერლინგი ერთ დღეში ევროს მიმართ 11%-ით გაუფასურდა. ხოლო მეორენი, ლარის კურსის გაუფასურებაზე მთავარ მოქმედ ფაქტორად ქვეყნიდან ერთბაშად დიდი რაოდენობით დოლარის გადინებას ასახელებენ. მათი თქმით, მეორე კვარტალში ბანკებსა და კერძო ფირმებს 200 მილიონი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა მოუხდათ, რამაც ასახვა ვალუტის კურსზე ჰპოვა.

მთავრობის წარმომადგენლები უმეტესწილად ბრიტანეთში მომხდარ მოვლენებისკენ იშვერენ ხელს და ამასთან მოსახლეობაში არსებულ არასწორ მოლოდინებზე მიუთითებენ. მათი თქმით, საზოგადოება კურსის ცვალებადობაზე ცდილობს სარგებლის ნახვას, შესაბამისად დოლარს მაშინ ყიდის, როცა მისი ფასი მაქსიმალურად მაღალია, ხოლო ყიდულობს პირიქით, როდესაც დოლარის კურსი მინიმუმზეა.

ერთი საკითხი, რაშიც ექსპერტები და მთავრობის წარმომადგენლები თანხმდებიან არის ის, რომ ლარის კურსის ბოლო დროინდელ ცვლილებაში განსაკუთრებული არაფერია და მსგავსი კორექტირება მცურავი გაცვლითი კურსის დროს დასაშვებია. შესაბამისად საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და არასწორი მოლოდინის გამო, უარი არ თქვან დაგეგმილ სავალუტო ოპერაციებზე.

"ლარის გაუფასურებაზე ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლამ იქონია გავლენა"

დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

"ბრიტანეთის ევროკაშვირიდან გასვლის გადაწყვეტილებას უკავშირებს ლარის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის დევალვაცია ევროს დასუსტებამ განაპირობა. მინისტრმა მოსახლეობას კონვერტაციის რეკომენდაციაც მისცა.

"ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად აისახა ჩვენ ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს. როგორც წესი, ისინი ყიდიან ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში და აკეთებენ ამას პირიქითაც, ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მაშინ მოახდინოს ვალუტის გადახურდავება, მხოლოდ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ ყველანაირი მოლოდინების გარეშე".

"ლარის კურსის მცირედი ცვლილებები და კორექტირებები დასაშვებია და რაც მთავარია, ეს არის დროებითი"

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი

"საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული რისკები და გამოწვევები ევროპულ ეკონომიკას, მათ შორის, ევროსაც ექნება და არ არის გამორიცხული, რომ ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასრუდეს კიდეც. ზოგადად, დოლარის გამყარება ქართულ ეკონომიკაზე ყოველთვის აისახება, რადგან ღია ეკონომიკის ქვეყანა ვართ, გვაქვს მცურავი კურსი. აქედან გამომდინარე, დოლარის კურსის ცვლილებამ შეიძლება გარკვეული კორექტირება მოახდინოს ლარის კურსისაც, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ამ გამოწვევას, ახალი წონასწორობის ნიშნულის მოძებნას, პანიკურად და შიშით არ უნდა შევხვდეთ. ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. კურსის კორექტირება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად ყოველთვის ხდება, ადგილი აქვს ხოლმე გარკვეულ გაუფასურებას, რასაც შემდგომ გამყარება მოჰყვება.

უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში ხელოვნურად არ უნდა ჩავერიოთ, ხელოვნური ინსტრუმენტების გამოყენება პირიქით, უფრო აზიანებს ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესს, ვიდრე რაიმე სარგებელს აძლევს. აქედან გამომდინარე, მოლოდინები უნდა გვქონდეს ყოველთვის რაციონალური და პრაგმატული. გარკვეული აჟიოტაჟი ამას არ უნდა მოჰყვეს. ის, რომ ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი გაუფასურდა და შეიძლება ევროც გაუფასრუდეს, ამან ქართული საზოგადოება პანიკური შიშით არ უნდა მოიცვას.

მიმდინარე წელს სავალუტო შემოდინებები არის პოზიტიური, ასევე დარჩენილ პერიოდში მოლოდინები საკმაოდ კარგია. ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკაც თანმიმდევრულად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის მცირედი ცვლილებები და კორექტირებები დასაშვებია და რაც მთავარია, ეს არის დროებითი".

"ლარის დევალვაციის მიზეზი საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდება, რასაც ბრიტანული რეფერენდუმის შედეგები ამძაფრებს"

მიხეილ დუნდუა, ეკონომიკის ექსპერტი, 20/30-ის წევრი

"2016 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი) საქართველოს დასაფარი ჰქონდა სულ 881,7 მილიონი დოლარის საგარეო ვალი. აქედან კერძო, არასახელმწიფო სექტორს 820 მილიონი დოლარი.

ამ 320 მილიონი დოლარიან 2010 დოლარი სეთი ვალია, რომელიც არასაფინანსო ბიზნეს სექტორმა მათივე მესაკუთრე უცხოელ ინვესტორებს უნდა გადაუხადოს, ხოლო 321 მილიონი - სხვა უცხოელ მევალეებს, რაც ჯამში, 530 მილიონ დოლარს აჭარბებს.

წარმოვიდგინოთ, რომ ადგილობრივი კომპანიების უცხოელმა მეპატრონეებმა მათი 210 მილიონი დოლარის სესხის მხოლოდ ნახევრის გადახდა მოითხოვეს, დანარჩენი კი სააქციო კაპიტალად აქციეს. ასეთ პირობებშიც კი სამეწარმეო სექტორს გადასახდელი დარჩებოდა 420 მილიონი დოლარი.

ვინაიდან არასაფინანსო კორპორაციებს ლომის წილად შემოსავლები აქვთ ლარში და არა დოლარში, საგარეო ვალის მომსახურებისათვის კომპანიებს მინიმუმ 300 მილიონი დოლარი მაინც უნდა ეყიდათ ლარით.

დავსვათ კითხვა:

- II კვარტლის რომელი დეკადა იყო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი დოლარის შესასყიდად?

პასუხი:

- ეს ხელსაყრელი პერიოდი ცალსახად იყო 2016 წლის 7-16 ივნისი, ანუ როცა კურსმა ბლუმბერგზე 7 ივნისს მინიმალურ ზღვარს მიაღწია და 10 დღის განმავლობაში 2.12-2.145 შუალედში მოძრაობდა.

სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო საგარეო ვალის მომსახურებისათვის განკუთვნილი მსხვილი სავალუტო შესყიდვების განხორციელება. უბრალოდ, ასე უნდა მოქცეულიყვნენ კომპანიები, ასე მოვიქცეოდით თითოეული ჩვენთაგანი.

დოლარის მოცულობითი შესყიდვის შემდეგ, ლარმა მკვეთრი დევალვაცია 17 ივნისიდან დაიწყო. კურსი ბლუმბერგზე 2,145-დან 2,18-მდე გაუარესდა; შემდეგ შაბათი-კვირა დაემთხვა და კურსი ორშაბათს 2,195 გახდა; სამშაბათს - 2M205; ოთხშაბათს, 22 ივნისს კი მიაღწია პიკს - 2,235-ის დონეზე.

23 ივნისს ბაზარმა ნელი დამშვიდება დაიწყო და ბლუმბერგზე კურსი 2.23-მდე გაუმჯობესდა.

24 ივნისს ბრიტანული რეფერენდუმის შედეგების ფონზე ლარმა და რეგიონის სხვა ვალუტებმაც (აგრეთვე ბრიტანულმა ფუნტმა და ევრომ) მყისიერი დევალვაცია დაიწყო და ლარის კურსი ბლუმბერგზე 2.31-მდე გაუარესდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ლარის დევალვაციას ხელი აჟიოტაჟმაც შეუწყო. ამას ცხადად დავინახავთ, თუ გარე ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობას დავაკვირდებით.

როცა ბაზარი მშვიდია, მაშინ ყიდვა/გაყიდვის საუკეთესო კურსებს შორის სხვაობა 0.5 თეთრის მიდამოშია, დღეს კი ეს სხვაობა 6-ჯერ არის გაზრდილი და 3 თეთრს შეადგენს.

მიმდინარე კვარტლის საგარეო ვალი უკვე გადახდილია, ანუ ამ ფაქტორმა უკვე ჩაიარა; აჟიოტაჟიც მალე ჩაცხრება და გაივლის.

რჩება ბრიტანეთის ფაქტორი, რომელსაც ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მთლიანობაში ლარის კურსი აუცილებლად გაძლირედება; ლარი გამყარდება და დღეს ვინც აჟიოტაჟის გამო დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს. ვინც აჟიოტაჟს არ აყვება და საჭიროების გარეშე დოლარს არ შეიძენს, მოგებული დარჩება.

"მთავრობის მხარდამჭერმა ექსპერტებმა არასწორი მოლოდინები შექმნეს ლარის კურსის გარშემო"

რომან გოცირიძე, ეკონომიკის ექსპერტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

"როგორ იქცევა ლარი? იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს გარემოებათა თანხვედრის გამო, იქცევა ისე, რასაც ვამბობდი ორიოდე თვის წინათ და მოიქცევა წლის ბოლოს დაახლოებით ისე (ზუსტა არავინ იცის), როგორც ვამბობდი ზემოთ ნახსენებ ორიოდე თვის წინათ.

ზედმეტი პატივი იქნება, რომ ზოგიერთ მთავრობის მომსახურე ე. წ. ექსპერტს და მედიასაშუალებას ლარის კურსზე ზემოქმედების უნარის მქონე ავტორიტეტი მივანიჭო, მაგრამ მათი გამუდმებული ყიჟინა, რომ ლარი მალე 1,9 გახდება, არ იყო მხოლოდ "გასამხნევებელი" შეძახილი. ამ შეხედულების გავრცელებას მთავრობაც უწყობდა ხელს, უმაგრებდა ზურგს. ამაში პოლიტიკური ქვეტექსტებიც იკითხებოდა: წავიდა ქადაგიძე, გამყარდა ლარი, წავიდა ქადაგიძე, არ გვინდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის გამოყოფა.

ლარის გამყარებაში ძირითადი როლი ითამაშა საგადამხდელო ბალანსში მომხდარმა ცვლილებებმა, მაგრამ თავისი ხელი დაატყო თავის დროზე პანიკურად ნაყიდი დოლარების პანიკურადვე თავიდან მოცილებამ. როცა გეუბნებიან, რომ ლარი ლამის ძველ ნიშნულს დაუბრუნდებაო, მოიცილებ თავიდან სიმწრით ნაგროვებ და უკვე ზარალიან ვალუტას, აბა რას იზამ.

ეროვნული ბანკიც იძულებული გახდა განეხორციელებინა დიდძალი ინტერვენციები დოლარის უფრო სწრაფად გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ არ იყო იძულებული ასევე სწრაფად შეეცვალა მონეტარული პოლიტიკის ვექტორი და მაშინვე მივუთითე, რომ ეს არ იყო სწორი, განსაკუთრებით დოლარში მოზიდული თანხების სარეზერვო ნორმის გაზრდა. ეროვნული ბანკი წამოეგო სწრაფი გამყარების ეფექტზე და ირწმუნა მისი ფუნდამენტური მიზეზების არსებობა და ბოლომდე ვერ გააცნობიერა ე. წ. "ჯოგური" ქცევის წვლილი მომხდარ ცვლილებებში. თავისი გადაწყვეტილებით აიძულა ბანკები მოეცილებინათ დოლარები (ე. წ. ლარიზაციის სტიმულირება), რამაც მოკლევადიან პერიოდში გამოიწვია ისედაც მყარი ლარის კიდევ უფრო გამყარება და გრძელვადიან პერიოდში კი გამოიწვევს უცხოური ვალუტის მოზიდვის ინტერესის დაკარგვას მისი "გაძვირების" გამო. ეს თავის მხრივ, შეამცირებს დეპოზიტების პროცენტს, რითაც დაზარალდება ხალხი და არ გააიაფებს კრედიტს, რითაც დაზარლდება ბიზნესი".

"მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი მაინც უნდა ჩარეულიყო პროცესებში"

დავით იაკობიძე, ეკონომიკის ექსპერტი, საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი

"ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მომენტი, უბრალოდ სხვადასხვა კორპორაციებსა თუ ბანკებს, დაუდგათ ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი და ერთბაშად ძალიან დიდი მოცულობის, უცხოური ვალუტა გავიდა ქვეყნიდან. თუმცა მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკი მაინც უნდა ჩარეულიყო პროცესებში. ზოგადად ეროვნული ბანკი იმისთვის არსებობს, რომ მისი უშუალო მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს ყველა პროცესი. ზოგადად სანამ იარსებებს მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილიზაციაზეა პასუხისმგებელი და არა ვალუტის კურსზე, მანამდე იქნება მსგავსი პრობლემები და მსგავსი კითხვები. არადა, იმდენად ცხადია, მისი ეს ვალდებულება, რომ ფუნქციებშიც კი არ უწერია. სიტუაციას უნდა შევხედოთ ასეთ ჭრილში, რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, როდესაც საუბარია ვალუტის კურსზე, ეროვნული ბანკი ამ პროცესის მონაწილეა.

"არის კურსის დევალვაცია არის წმინდა სპეკულაციური ხასიათის"

ლია ელიავა, ეკონომიკის ექსპერტი

"ლარის კურსის დევალვაცია არის წმინდა სპეკულაციური ხასიათის. მას არანაირი ეკონომიკური საფუძვლები არ უდევს. ეს სპეკულაციური განწყობები და ასეთი ვარდნა განპირობებულია, მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე ძალიან სერიოზული ცვლილებებით. მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია დასტაბილურდება რამდენიმე დღეში, ამის შემდეგ ველოდები ლარის დასტაბილურებასაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთხელ აწეული ლარის კურსი საკმაოდ ძნელად მყარდება, მით უფრო, თუ ეროვნული ბანკი კიდევ განიზრახავს სავალუტო ბაზრიდან დოლარის ამოღებას. ამიტომ ამ ბოლოდროინდელ პროცესებში, ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის ბრალეულობას პრაქტიკულად ვერ ვხედავ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა არ არის, ლარის კურსზე მოქმედი, მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლარის კურსზე მოქმედებს ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და არა ლარის მასის მოცულობა. ჩვენთან ვალუტის კურსის დადგენა ხდება მახინჯი ფორმით და მისი გაცვლითი კურსი არ არის დამოკიდებული ლარის მოცულობაზე. ლარის კურსი დამოკიდებულია მხოლოდ კომერციული ბანკების მოთხოვნაზე. ასეთი მახინჯი მეთოდოლოგია შექმნილი აქვს ეროვნულ ბანკს და ცხადია ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი, არანაირად არ შეესაბამება ეკონომიკურ პროცესებს".

"ეს არის დოლარის გამყარების გლობალური ტენდენცია, რომელიც ლარზეც აისახა"

დიმიტრი გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

"ეს არის მსოფლიოში დოლარის გამყარების ტენდენცია, გაუფასურდა ლარიც დოლართან მიმართებაში, თუმცა მნიშვნელოვანი გამყარება გვაქვს ევროსთან მიმართებაში. ეს არის დოლარის გამყარების გლობალური ტენდენცია, რომელიც ფუნტთან დაახლოებით 9%-ით გამყარდა, ასევე ევროსთან მიმართებაშიც მნიშვნელოვნად გამყარდა. ანუ ამ ყველა მოვლენას გავლენა აქვს საქართველოზე, ისევე როგორც რეგიონის ყველა ქვეყანაზე".

"დევალვაციის მთავარი მიზეზი ვალუტის დიდი რაოდენობით გადინებაა"

ლევან ქისტაური, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

"შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად არანაირი პრობლემა არ არის, გარკვეული კურსის კორექტირებები იყო და იქნება. იყო დრამატული საშუალოდ 45%-იანი დევალვაცია, დღეს გვაქვს უფრო ნაკლებ დრამატული საშუალოდ 10%-იანი დევალვაცია. ანუ ამ ბოლო პერიოდზე რომ ვისაუბროთ, რას უკავშირდება ახლა ეს დევალვაცია. ჩემი დაკვირვებით სწორედ ამ პერიოდში საგარეო ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი დაუდგათ მთელ რიგ კომერციული სტრუქტურებს, მეტწილად ბანკებს, ანუ მათ მიერ წინა პერიოდში აღებული სესხების მომსახურების პერიოდი, როდესაც მეორე კვარტალში 200 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწიათ. სწორედ ვალუტის დიდი რაოდენობით გადინებაა ამ სწრაფი დევალვაციის მთავარი მიზეზი. იმდენად, რამდენადაც ეკონომიკაში ქვეყნის შიგნით არ მომხდარა განსაკუთრებული ცვლილებები, რომელსაც შეეძლო ლარზე გავლენის მოხდენა. ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ საგარეო ფაქტორებსაც ამ შემთხვევაში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფას. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ევროზონის ყველა ვალუტის გაუფასურება დოლართან მიმართებაში.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ფაქტორს, ჩემი აზრით, სწორად მოიქცა ეროვნული ბანკი, როდესაც არ ჩაერია ამ პროცესებში. ასევე სწორი იყო სებ-ის გადაწყვეტილება, რომლითაც მან რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. ბოლოდროინდელი გაუფასურება არ შეიძლება დავაბრალოთ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება შედეგს იძლევა 8-9 თვის შემდეგ. მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, როდესაც ხდებოდა ლარის სწრაფი გამყარება სწორედ მაშინ უნდა ჩარეულიყო ეროვნული ბანკი უფრო ადრე და შეენარჩუნებინა კურსი 2,20-ის ფარგლებში ანუ უნდა ამოეღო უფრო მეტი დოლარი მიმოქცევიდან".

მერაბ ჯანიაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"