2014-2015 წლის სეზონისთვის დიდველზე ასევე დამონტაჟდება SKIDATA-ს გამშვები პუნქტები
მთის კურორტების განვითარების კომპანიამ სასტუმრო თბილისი „რუმს“-ში, თემაზე „Multi Ski - ერთიანი აბონიმენტების სისტემა გუდაურსა და დიდველზე“, პრეზენტაცია გამართა.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტ გუდაურში რამდენიმე წელია დამონტაჟებულია ავსტრიული კომპანია SKIDATA-ს თანამედროვე უკონტაქტო გამშვები პუნქტები. 2014-2015 წლის სეზონისთვის დიდველზე ასევე დამონტაჟდება SKIDATA-ს გამშვები პუნქტები, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის მსგავსი სისტემის მქონე ადგილობრივი თუ საერთაშორისო კურორტების ერთიან სისტემაში მოქცევას.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გაერთიანდება გუდაური და დიდველი. შემდგომი ეტაპისთვის კი შესაძლებელია გოდერძის და მესტიის კურორტების შემოერთებაც. როგორც კომპანიაში ამბობენ, ორივე კურორტზე აღნიშნული ერთიანი სააბონიმენტო სისტემის დანერგვა დამსვენებელს საშუალებას მისცემს, ისარგებლოს ერთი აბონიმენტით როგორც დიდველზე (ბაკურიანი), ასევე გუდაურში.
”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” მიერ წელს სხვა სიახლეებიც დაინერგება. მსურველს საშუალება ექნება შეიძინოს სპეციალური აპარატი, რომლითაც ბილეთების დაბეჭდვას შეძლებს: ” წელს დაინერგება სპეციალური სლარო აპარატი, რომელიც შეიძლება დადგას, სასტუმრომ, სააგენტომ ან ფიზიკურმა პირმა, რომელსაც სურს ბილეთების დაბეჭდვა”-აღნიშნავს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” აიტი სამსახურის უფროსი, გურამ ადამია.
მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წლის მაისში დაარსდა და მის მმართველობაშია ორი სამთო-სათხილამურო კურორტი - გუდაური და დიდველი (ბაკურიანი).