"არ გამოვრიცხავ, რომ ფასებმა აიწიოს, ვინაიდან ლარის დევალვაცია ხორბლის ფასზე ძალიან მოქმედებს"
ბოლო თვეებში საქართველოში ცხოვრება აშკარად გაძვირდა. მართალია, მთავრობა გვპირდება, რომ ქამრებს შემოიჭერს და ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ ეს ოდნავაც ვერ ამცირებს იმ ზარალს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ლარის გაუფასურებამ და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირებამ მოუტანა. თებერვლის დასაწყისიდან, ქართულ ბაზარზე ერთი ტომარა ფქვილის ფასმა საშუალოდ, 2-3 ლარით მოიმატა, რის გამოც ზოგიერთ საცხობში პური 5-10 თეთრით გააძვირეს, ხოლო ხალხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ქარხნული პურის ფასმაც მოიმატოს.
ხომ არ მოჰყვება ფქვილის გაძვირებას ყველა ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის - პურის გაძვირება? - ამ შეკითხვით bpn.ge-მ პურის ქარხნისა და მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელებს მიმართა.
როგორც მეოთხე პურის ქარხნის დირექტორმა, მალხაზ დოლიძემ გვითხრა, სერიოზული პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე პურის ფასის მომატებას არ აპირებენ. ”არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია ძალიან შემცირებულია. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, პურზე არსებული ფასის შეცვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. საბედნიეროდ, გაზი არ გაგვიძვირეს, არც ფქვილის ფასია ჯერ ისე მაღალი, რომ ფასები შევცვალოთ. მაგრამ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, პურის ფასიც მოიმატებს. პურს მარტო ფქვილი ხომ არ სჭირდება? - ჩვენი წარმოება ენერგომატარებლების გარეშე ვერ იმუშავებს, ტრანსპორტი და დამხმარე მასალებია საჭირო, ხელფასები გვაქვს გასაცემი, მარილითა და ცხიმით დაწყებული, ყველაფერი გაძვირებულია, საფუარის ფასმაც კი მოიმატა - რა თქმა უნდა, ეს პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის. თუ ადრე ერთ ტომარა ფქვილს 37 ლარად ვყიდულობდით, ახლა მასში 40 ლარს ვიხდით. ყველაფერი ძვირდება და ეს ჩვენს საქმიანობაზეც უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არ ვაპირებთ პურის ფასის შეცვლას, როგორც ვიცი, გაძვირებას ”იფქლიც” არ გეგმავს, რადგან პური მაინც პირველადი მოხმარების პროდუქტია და ამას ვითვალისწინებთ. ახლო მომავალზე კი ვერაფერს ვიტყვი”, - აცხადებს მალხაზ დოლიძე.
მისივე თქმით, ზოგიერთმა მეპურემ თავისი პროდუქცია უკვე გააძვირა, თუმცა მსხვილი საწარმოები მაქსიმალურად ცდილობენ არსებული ფასების შენარჩუნებას. ”პური 10 თეთრით რომ გაძვირდება, მერე 10 თეთრს დისტრიბუცია მოუმატებს, 10-ს - მაღაზია და ასე გაგრძელდება. ერთი პატარა ბიძგი და ყველაფერი აირევა. ამიტომ ვცდილობთ, სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედოთ. ურთულეს დროში ვმუშაობდით, როცა მეწარმეებს ძალით აკოტრებდნენ, როცა ერთი ტომარა ფქვილი 60 ლარი ღირდა, იმდროინდელი ვალები დღესაც მოგვდევს”, - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.
მალხაზ დოლიძის აზრით, სახელმწიფომ კვების პროდუქტების მწარმოებლებს გარკვეული შეღავათები უნდა გაუწიოს, რაც მათთვის დიდი სტიმული გახდება. "ზოგიერთ სახელმწიფოში კვების პროდუქტების მწარმოებელთათვის დღგ-ის გადასახადი 10 პროცენტს არ აღემატება. ასეთი სისტემა მოქმედებს რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. რატომ არ უნდა იყოს ასე ჩვენთანაც? აქვე უნდა ვთქვა: საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც 9-10 მილიონი ტონა ხორბალი სჭირდება. დაახლოებით 1 მილიონი ტონა თავისუფლად გვყოფნის და ხომ შეიძლება ერთი წლის მარაგი წინასწარ შეიქმნას? ამ შემთხვევაში მთელი ერთი წელი უზრუნველყოფილნი და დაცულნი ვიქნებით ყოველგვარი გაძვირებისაგან", - აღნიშნავს მალხაზ დოლიძე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პურის გაძვირებისთვის საფუძველი არ არსებობს. "ჩვენი მეპურეები ხშირად ამტკიცებენ, ოთხი წლის განმავლობაში პურის ფასი არ შეგვიცვლიაო. ამ ოთხი წლის განმავლობაში ფქვილის ფასი იყო როგორც მაღალი, ასევე - დაბალი. იყო კრიზისული პერიოდებიც, მაგრამ მათ ჰქონდათ რეზერვები, რომლითაც პურის ფასს ინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე, შიდა რეზერვების ხარჯზე მათ შეუძლიათ პური არ გააძვირონ და ძველი, კომფორტული ფასების ხარჯზე დაიჭირონ პურის ახლანდელი ფასი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაკომფორტული ფასი ფქვილზე დღესაც არა გვაქვს", - აღნიშნავს ლევან სილაგავა.
ამის დამამტკიცებლად სილაგავამ გასული წლების სტატისტიკაც მოიშველია: "შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო ფქვილის გაძვირება და თუ ადრე 1 ტომარა ფქვილი 35 ლარი ღირდა, 2013 წლის მარტში მისი ფასი უკვე 45 ლარი გახდა. 2013 წლის აპრილის შემდეგ ფასებმა ისევ იკლო და ერთი ტომარა ფქვილის ფასი მთელი წლის განმავლობაში 35 ლარი იყო. ეს ფასი შენარჩუნდა ამ დრომდე ანუ - 2015 წლის თებერვლის დასაწყისამდე. თითქმის ორი წლის განმავლობაში ფქვილი 35 ლარი ღირდა. ახლა კი, თანდათან ძვირდება - მისი ფასი 37-38 ლარი გახდა. მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ არის კრიტიკული ფასი, რომლის დროსაც ქვეყანაში პური ძვირდება. თუმცა მაინც არ გამოვრიცხავ, რომ ფასებმა აიწიოს, ვინაიდან ლარის დევალვაცია ხორბლის ფასზე ძალიან მოქმედებს. შარშანდელი ნოემბრის შემდეგ მეხორბლეებს ხორბალი მეტისმეტად გაუძვირდათ. ზარალს ძირითადად წისქვილკომბინატები ნახულობენ იმიტომ, რომ ისინი ხორბალს დოლარში ყიდულობენ, გადაამუშავებენ ფქვილად და მერე მეპურეებზე ეროვნული ვალუტით ყიდიან. ლარის გაუფასურება მეპურეებზე იმდენად არ მოქმედებს იმიტომ, რომ ისინი ყველა ოპერაციას ეროვნული ვალუტით ასრულებენ. ჩვენ კი, ხორბალი საშუალოდ 40 პუნქტით გაგვიძვირდა. ვფიქრობ, მომდევნო 2-3 თვე წისქვილკომბინატებსაც და პურის ქარხნებსაც დაძაბულ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. პური სოციალური პროდუქტია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ არ გაძვირდეს", - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე განცხადებით, პროდუქცია მცირე საცხობებმა და თონეებმა შეიძლება გააძვირონ იმიტომ, რომ ეს არ არის სოციალური მნიშვნელობის მქონე პური. ”კერძო საცხობები ძირითადად ლავაშს აცხობენ და მათ მიერ პურის გაძვირება საყოველთაო ფასზე ვერ იმოქმედებს. რაც შეეხება დიდ საწარმოებს, მათ მთელი ორი წელი კომფორტული ფასი ჰქონდათ და ახლა, რამდენიმე თვის კრიზისის გამო პროდუქცია არ უნდა გააძვირონ. ჩვენმა მეპურეებმა როგორღაც უნდა შეძლონ ფასის შენარჩუნება, თუმცა, ყველაფერი მათზე არ არის დამოკიდებული. მთავარი მაინც ის არის, თუ რა პროცესები განვითარდება ამ დარგში და საერთოდ, ქვეყანაში”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
ხათუნა ჩიგოგიძე