"მირჩევნია, დაველოდო, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს და რემონტზე მერე ვიფიქრო"
სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა პასიურია. გარდა იმისა, რომ მასალა გაძვირდა, მომხმარებლისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა არასტაბილური ეკონომიკური გარემოც. სავალუტო კრიზისმა ამ მხრივ ძალიან უარყოფითად იმოქმედა.
ხალხი ფიქრობს, კურსის დაწევას ელოდება და რემონტის დაწყებას არ ჩქარობს. იშვიათ შემთხვევაში შეკვეთა ე.წ. "კოსმეტიკურ რემონტზეა", რომელიც შედარებით იაფი ჯდება. სამშენებლო მასალების ღირებულებამ ბოლო რამდენიმე თვეში დაახლოებით 15-20 პროცენტით მოიმატა. დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ გავლენა თითქმის ყველა დასახელების სამშენებლო და სარემონტო მასალის ფასზე მოახდინა. ბინის მფლობელები ამბობენ, რომ ყველაფერი გაძვირდა და დაგეგმილზე მეტი ხარჯის გაწევა უწევთ. მართალია, ხელოსნის მომსახურების ხარჯი არ გაზრდილა, მაგრამ რემონტის მსურველებისთვის მას გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს. ლარის კურსმა და სარემონტო მასალების გაძვირებამ მომხმარებელს პრობლემა შეუქმნა.
"როგორც კი დოლარმა აიწია, სამშენებლო მასალების ფასმაც მოიმატა. ელემენტარულად ლამინატი ცოტა ადრე 18-20 ლარი ღირდა, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინათ ფასმა 23 ლარამდე მოიმატა. ძალიან ძვირია ხელოსნის ფულიც. საბოლოოდ ერთოთახიანი ბინის რემონტი 5 000 დოლარამდე ჯდება. "კოსმეტიკურად" შესრულებული რემონტისთვის ხარჯი ცოტათი ნაკლებია. ეს თანხა ლარში რომ გადაიანგარიშო, 10 000 ლარს აღემატება, რის გადახდის შესაძლებლობაც ჯერჯერობით არ მაქვს. ქვეყანაში არც ეკონომიკური გარემოა სტაბილური და არ ვარ დარწმუნებული, რომ სამსახურს შევინარჩუნებ. ამიტომ მირჩევნია, დაველოდო, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს და რემონტზე მერე ვიფიქრო", - ამბობს თბილისელი ზვიად ქალდანი.
ელიავას ბაზრობის მოვაჭრეების ინფორმაციით, რემონტისთვის მოსახლეობა იაფ მასალას ყიდულობს, ხოლო ძვირადღირებული პროდუქციის რეალიზაცია კატასტროფულ მაჩვენებლამდე შემცირდა. მათი თქმით, ეს არ არის სიახლე, ბოლო რამდენიმე წელია, ბაზარზე ასეთი ტენდენციაა და მომხმარებელი ხარჯის დაზოგვას იაფი მასალის შეძენით ცდილობს.
"სარემონტო მასალების რეალიზაცია მინიმუმამდეა შემცირებული. იშვიათად თუ შემოვა რეალური მყიდველი და მათი უმეტესობაც მიზერულ თანხას იხდის. იაფფასიანია თურქული და ჩინური ნაწარმი. რუსული, გერმანული, ესპანური და იტალიური პროდუქცია კი სიძვირით გამოირჩევა და მყიდველი თითქმის არ ჰყავს. სამშენებლო ბიზნესი საქართველოში დიდი ხნის წინათ ჩაკვდა. სეზონურად მდგომარეობის გაუმჯობესებას სარემონტო მასალების გაყიდვით ვცდილობთ, მაგრამ მიმდინარე პერიოდი ამ მხრივ პრობლემურია", - ამბობს გოჩა კვარაცხელია, მოვაჭრე.
გლდანში მცხოვრებმა ვასილ საკანდელიძემ რემონტი შარშან ამ დროს დაიწყო, მაგრამ ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემის გამო ვერ დაამთავრა. იგი ამბობს, რომ რემონტის განახლებას ვერც ამ სეზონზე ახერხებს.
"რემონტი შარშან წამოვიწყე და მალევე დავასკვენი, რომ ხელფასზე დამოკიდებულმა ადამიანმა მისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მაღალი ანაზღაურებით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ დანაზოგის გაკეთება მოვახერხე, ცოტაც სოფელი წამომეშველა და სამოთახიანი ბინის რემონტს შევუდექი. სამწუხაროდ, რემონტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში სამსახური დავკარგე. იმის შიშით, რომ ცარიელზე არ დავრჩენილიყავი, რემონტი შევაჩერე. შემდეგ ისე მოხდა, რომ ახალი სამსახური ვიშოვე, მაგრამ უფრო ნაკლებშემოსავლიანი და რემონტის გაგრძელებაზე ფიქრს შევეშვი. ამ სეზონზე ბინას ვერაფრით გავარემონტებ. ვცდილობ, ფინანსურად ცოტა გავიმართო წელში. ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. სამოთახიანი ბინის რემონტს, სულ ცოტა 20 000 დოლარი სჭირდება, ჯერ მხოლოდ 8 000 დოლარამდე მაქვს დახარჯული", - ამბობს ბინის მფლობელი.
საჭირო თანხა კი მოაგროვა, მაგრამ ვაზისუბნელი ლეილა ცერცვაძე ბინის რემონტს მაინც არ ჩქარობს. ფიქრობს, რომ ლარი დასტაბილურდება, მასალის ფასიც დაიწევს და რემონტსაც ამის შემდეგ შეუდგება. "ბინის რემონტს შარშან ვაპირებდით, მაშინ სარემონტო მასალები შედარებით ნაკლები ღირდა. გარკვეული მიზეზების გამო, რემონტი გადავდეთ. ამჯერად მარტში გვინდოდა დაწყება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცუდი დრო შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ფულის დეფიციტს არ განვიცდი, რემონტის დაწყებას არ ვჩქარობ. ზაფხულში მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდება და შემოდგომის დასაწყისში, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩემი სურვილების შესრულებას შევძლებ. თანხა დოლარში რომ მქონდეს, წამითაც არ დავფიქრდებოდი, მაგრამ ვალუტის გადაცვლა დამაზარალებს. ამიტომ ვიკავებ თავს. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა არ არის, რემონტისთვის ხარჯის გაწევას აზრი არ აქვს", - ამბობს ლეილა ცერცვაძე.
"რეზონანსის" მიერ გამოკითხულთა შორის სოხუმელი ლაშა ლიპარტელიანი ერთადერთია, რომელიც რემონტისთვის მზადებას შეუდგა. მან ფული ამერიკაში მყოფი დედისგან მიიღო.
"რემონტისთვის საჭირო სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი ამ რამდენიმე დღის წინ შევიძინეთ და 2-3 დღეში დავიწყებთ კიდეც. ჩეხური პროექტის ოროთახიან ბინაში ვცხოვრობთ, სახლს რემონტი მთლიანად სჭირდება. სავარაუდოდ, 15 ათასი დოლარი დამიჯდება, შეიძლება, ცოტა ნაკლებიც. განსაკუთრებული აქცენტი ბავშვების ოთახზე გადავიტანე, მინდა მაქსიმალური კომფორტი შევუქმნა. რემონტს ერთ თვეს მოვანდომებთ. 20 წელზე მეტია, რაც ძველი ყაიდის ბინაში ვცხოვრობთ და ამით დიდი ხნის სურვილს ავისრულებთ. მართლაც ძალიან ძვირი გვიჯდება ეს სიამოვნება. რემონტისთვის საჭირო თანხა დოლარში მაქვს და ამის გამო გავბედე. საკუთარი შემოსავლით, რომელიც ლარშია, ამ სურვილს კიდევ დიდხანს ვერ ავიხდენდი", - ამბობს ლაშა ლიპარტელიანი.
ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა რემონტისთვის (როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ) "ნაცნობ ხელოსანს" შეარჩევენ. ისინი ამბობენ, რომ ამით გარკვეული თანხის დაზოგვას შეძლებენ და "უფრო საიმედოცაა".
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"