გასულ წელს კახა ბექაურის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 252 843.46 ლარი შეადგინა
საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინტერესი არასოდეს ცხრება. bpn.ge გთავაზობთ თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ საინტერესო დეტალებს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, ტელეკომპანია მე-9 არხის ყოფილმა გენდირექტორმა, კახა ბექაურმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განაცხადი 2015 წლის 1 აპრილს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ეკატერინე ბერიძე, შვილები - გიორგი და მარიამ ბექაურები, ბექა ჯიბლაძე - გერი. როგორც ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაშია მითითებული, კახა ბექაურის მეუღლე ეკატერინე ბერიძე თბილისში სამ ბინასა და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს: ლისისკენ მიმავალ გზაზე, აბაშიძისა და ახვლედიანის ქუჩებზე. კახა ბექაურის სახელზე თბილისში ორი ბინაა რეგისტრირებული: ბახტრიონზე და ლისის ტბის მიმდებარედ.
ოჯახის ბალანსზეა ერთი ავტომობილი - ტოიტა RAV4, რომელიც ეკა ბერიძის საკუთრებაშია. ავტომანქანის ღირებულების გრაფა ცარიელია. ბექაურის სახელზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გრაფაც ცარიელია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კახა ბექაურს "თიბისი ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე 10 052.10 ლარი, ხოლო "პროკრედიტ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 86.48 ამერიკული დოლარი აქვს. ეკა ბერიძეს სახელფასო ანგარიშზე 12418.69 ლარია. მარეგულირებელ კომისიაში მუშობის გარდა, კობა ბექაური შეთავსებით ბიზნესითაც ყოფილა დაკავებული. თუმცა, დეკლარაციაში მითითებული არ არის, რა წილს ფლობს შპს "ორი ნაბიჯის" (სუპერმარკეტების ქსელი) პარტნიორი კახა ბექაური. მისი მეუღლე, ჟურნალისტ ეკა ბერიძის ამჟამინდელ სამუშაო ადგილს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წარმოადგენს, სადაც ის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. გასულ წელს ბერიძის სახელფასო შემოსავალმა 126 750 ლარი, ხოლო კახა ბექაურის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 252 843.46 ლარი შეადგინა.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ცოლ-ქმარი საბანკო სესხებით სარგებლობს. ეკა ბერიძემ 2014 წლის 13 აგვისტოს ავტოსესხით (28 800 ამერიკული დოლარი) ისარგებლა, რომელიც 2017 წლის 10 აგვისტოს უნდა დაფაროს. ასევე, ბერიძის სახელზეა რამდენიმე სამომხმარებლო სესხი სხვადასხვა ბანკებში: "თიბისი ბანკში" - 4 000 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკში" - 16 000 ლარი. ასევე, სამომხმარებლო სესხი "საქართველოს ბანკში" - 6840 ლარი, ხოლო "თიბისი ბანკში" - 82 250 ამერიკული დოლარი. კახა ბექაურის სახელზეა "თიბისი ბანკში" იპოთეკური სესხი - 300 000 ლარი, რომელიც 2024 წელს უნდა დაფაროს. გასულ წელს, ბექაურის ოჯახმა შვილების - გიორგი და მარიამ ბექაურების სწავლის სანაცვლოდ 5 200 ლარი გადაიხადა.
სალომე გოგოხია