როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირებული ეკონომიკის ზრდისა და გაუფასურებული ეროვნული ვალუტის ფონზე პირველადი მოხმარების საგნები მკვეთრად გაძვირდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ახლო მომავალში ლარის კურსი არ დასტაბილურდა, ახლო მომავალში ფასების ზრდა გარდაუვალი იქნება. პარალელურად, ბანკებმა კრედიტორებს სესხები გაუძვირეს. ქვეყანაში შემნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე მთავარი ფინანსური დარტყმა მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას მიადგა. სამწუხაროდ, ასეთების რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის.
პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია დიდ სუპერმარკეტებში. მომხმარებელთა თქმით, მართალია ზოგიერთ პროდუქციაზე ჰიპერმარკეტები კვლავ სთავაზობენ ფასდაკლების აქციებს, თუმცა საერთო ჯამში, ფასები ბევრ პროდუქტზეა გაზრდილი.
გასულ კვირას პროდუქტებზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია საქსტატმაც გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის აპრილში ფასები გაიზარდა დამამუშავებელ მრეწველობაზე, ქიმიურ წარმოებაზე, საკვებ პროდუქტებსა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე - 18,1%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში, 2015 წლის მარტთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის აპრილთან შედარებით კი, 8,7 პროცენტით. 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 78,4 პროცენტით.
bpn.ge შეეცადა გაერკვია, რა მდგომარეობაა სამომხმარებლო ბაზარზე. როგორც აღმოჩნდა, ფასები ბევრ პროდუქტზეა გაძვირებული. შვრიის ფანტელი, რომელიც ბევრი ოჯახისთვის დილის საუზმეა, 50 თეთრით არის გაძვირებული. თუ რამდენიმე თვის წინ შვრიიის ფანტელი 1,70 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 2,30 ლარად შეგიძლიათ. "ნორდიკის" ფაფები, რომელიც 7,40 ლარი ღირდა, დღეს 9,05 ლარი ღირს. წიწიბურის ფასი 1, 90 თეთრიდან 2, 60 ლარამდე გაიზარდა.
მკვეთრად მომატებულია ფასები ზეთზე. მაგალითად, "ავედოვის" სიმინდის ზეთი 6,35 ღირდა, ამჟამად მისი ფასი 7, 75 ლარია. "ჩვენი სუფრის" სიმინდის ზეთს, რომელიც ორი თვის წინ 4, 40 ღირდა, სუპერმარკეტებში 5, 70 ლარად შეხვდებით. რაც შეეხება მზესუმზირის ზეთებს - აქ ფასები 3, 35 ლარიდან 4, 50 ლარამდე მერყეობს, გააჩნია მწარმოებლსა და ხარისხს. გაძვირებულია შაქარიც, რომელიც ცოტა ხნის წინ 1,15 ლარი ღირდა, ახლა უკვე 1, 45 ლარი ღირს. 1, 70 ლარიდან 2, 20 ლარამდე გაიზარდა მაკარონის ფასიც.
რაც შეეხება თევზეულსა და ხორცეულს, ფასების ზრდა აქაც შეინიშნება. საქონლის ხორცი 15 ლარი, ღორის - 12 ლარი. გაძვირდა ფარშიც - მისი შეძენა 10,50 ლარად არის შესაძლებელი. თევზეულიდან ყველაზე ძვირად კვლავ ორაგული ფასობს. ასევე, მომატებულია "სკუმბრიაზე" ფასი, თუ აქამდე 5,50 ღირდა, ახლა უკვე 6, 30 ღირს.
რაც შეეხება რძის ნაწარმს, იმპროტირებულ პროდუქციაზე - იოგურტები, კარაქი, ნაღები, ფასები საგრძნობლად გაზრდილია. მკვეთრი არა, მაგრამ გარკვეული მატება შეინიშნება ქართულ პროდუქციაზეც. მოიმატა კვერცხის ფასმაც - თუ აქამდე 10-ცალიანი შეკვრის შეძენა 2, 70 ლარად იყოს შესაძლებელი, ამჟამად სუპერმარკეტებში მათი ფასი 3, 50 თეთრამდეა მომატებული.
საკვები პროდუქტების მსგავსად, საკმაოდ გაძვირებულია ჰიგიენური საშუალებებიც.
შამპუნზე ფასი 0,50-1 ლარით არის მომატებული. აქაც მნიშვნელობა აქვს იმპორტიორ ქვეყანას და ხარისხს. მომატებულია ბავშვის სველი ხელსახოცების და პამპერსების ფასიც. სველი ხელსახოცების ფასებმა 1, 75 ლარიდან 2, 50 თეთრამდე, ხოლო ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი პამპერსის ფასმა ,0,35 ლარიდან 0,55 ლარამდე მოიმატა. ფასები გაზრდილია საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალებებზეც.
სუპერმარკეტებში ფასების გაცნობის შემდეგ მომხმარებლებსაც გავესაუბრეთ. თითოეული მათგანი გაზრდილ ხარჯებსა და გაძვირებულ ცხოვრებაზე ჩივის.
ნინო, 35 წლის:"სამსახურიდან გვიან ვბრუნდები, შესაბამისად, შინ მისვლამდე მარკეტში შევდივარ. მხოლოდ აუცილებელ პროდუქტს ვყიდულობ. ბოლო პერიოდში მქონია შემთხვევა, როცა ზოგიერთი პროდუქტი დავაბრუნე, რადგან დახლზე ისევ ძველი ფასებია მიკრული, სალაროსთან მისულს კი გაძვირებულ ფასებს მიჩვენებს. ფასებში სხვაობა ერთ პროდუქტზე უკვე სულ მცირე, 30-40 თეთრს შეადგენს".
სალომე გოგოხია