”იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. ფულს სძალავენ მოქალაქეებს. საშინელი ფასებია, უკონტროლო სფეროა”
ქუთაისთან შედარებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბილეთის ფასი მაღალია. ამას ტურისტული კომპანიებისა და ექსპერტების ნაწილი იმით ხსნის, რომ ავიაკომპანიებისთვის ”ტავ ჯორჯიას” მიერ დაწესებული მოსაკრებელი მაღალია. თურქულ კომპანიაში ”რეზონანს” განუცხადეს, რომ მოსაკრებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შემდეგ გახდება ცნობილი.
თბილისის აეროპორტში დაწესებულ მაღალ ტარიფზე წლებია მიდის საუბარი. ჯერ მარტო 2012 წელს მედიის საშუალებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში საავიაციო ბაზრის სწრაფ განვითარებას ხელს თურქული კომპანია ”ტავ ჯორჯიას” მონოპოლისტური მდგომარეობა უშლიდა. 2005-07 წლებში ”ტავმა” თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენება-რეაბილიტაციის სანაცვლოდ, შეღავათი მიიღო. ავიაკომპანიები კი იმთავითვე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სატარიფო პოლიტიკას აკრიტიკებდნენ. თურქული კომპანიის მიერ დაწესებული მოსაკრებელი არც ექსპრეზიდენტისთვის ყოფილა შეუმჩნეველი. ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ წლების წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაციის დაწყებისას განაცხადა, რომ ”ტავ ჯორჯიას” ტარიფის დაწევა მოუწევდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ”ტავ ჯორჯიას” მოსაკრებლის გაიაფებისთვის არაფერი მოუმოქმედებია. ჩაცხრა ავიაკომპანიების მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულებაც. ახლა ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ზოგიერთს კი ტარიფებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. ასეთ ავიაკომპანიებს მიეკუთვნება ”თურქეთის ავიახაზები”. ”უკრაინის ავიახაზების” წარმომადგენლობის უფროსმა ლალი ბეშკენაძემ კი განგვიცხადა, რომ ტარიფების საკითხში კიევის ოფისია ჩახედული, სწორედ ამიტომაც ადგილობრივი ოფისი მოსაკრებლის ოდენობაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
აეროპორტების მიხედვით, ბილეთზე დაწესებულ ფასთა შორის სხვაობაზე საუბრობს ”ბელავიას” წარმომადგენლობის დირექტორი ვახტანგ მეზურნიშვილი. მისი თქმით, ქუთაისსა და თბილისის აეროპორტში ტარიფებს შორის სხვაობა 50 ლარია, ხოლო ბათუმსა და თბილისში ღირებულება ერთნაირია.
”ტავ ჯორჯიას” მიერ დაწესებული მაღალი ტარიფის გამო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ნაწილი, თბილისის აეროპორტიდან ფრენის დაწყებაზე უარს ამბობს. ერთ-ერთია ”ვიზ ეარი”. მან 2014 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ავიარეისების დაწყების მიზნით, ”ტავის” წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა მაღალი მოსაკრებლის გამო, შეთანხმება არ შედგა. მისი ოდენობის გამხელაზე კი კომპანია ”ვიზ ეარის” პრეზიდენტმა ჯოზეფ ვარადმაც თავი შეიკავა.
”გვინდოდა, შეგვესრულებინა ავიარეისები თბილისიდანაც, მაგრამ იქ არსებული ტარიფი ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენს შეადგენს კონკრეტულად მოსაკრებლის ოდენობა, ეს კონფინდენციალურია”, - აღნიშნა ვარადმა.
ტურისტული კომპანიების ნაწილი აეროპორტებში ტარიფებს შორის სხვაობას იმით ხსნის, რომ საქართველოში ეს სივრცე უკონტროლოა. ”ის, რომ ბათუმისა და თბილისის აეროპორტში მაღალია მოსაკრებელი, იმის ბრალია, რომ ამას არავინ ადევნებს თვალს. შესაბამისად, იქცევიან ისე, როგორც თავად სურთ. ფულს სძალავენ მოქალაქეებს. საშინელი ფასებია, უკონტროლო სფეროა. ტარიფებს შორის სხვაობა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებს შორის ძალიან დიდია. მაგალითად, ქუთაისიდან ვარშავაში ბილეთის ფასი თუ 100 ევროა, თბილისიდან მისი ღირებულება 300 ევროა. დაახლოებით ასეთია სატარიფო ვითარება. ამხელა სხვაობის გამო, ყველა ცდილობს იმგზავროს ქუთაისის აეროპორტიდან, თუმცა ზოგიერთს არ ”აწყობს” ამხელა გზის გავლა და იძულებულია თბილისიდან იფრინოს და მეტი გადაიხადოს. გარდა ამისა, ბილეთებს შორის ასეთი სხვაობა იმით არის გამოწვეული, რომ ავიაკომპანიების მოსაკრებელი თბილისში მეტია. სწორედ ესაა მიზეზი”, - აღნიშნა ტურისტული კომპანია ”მედეა თრეველის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგორიშვილმა.
”რეზონანსი” დაინტერესდა, წლების განმავლობაში ტარიფის ოდენობის განხილვის შემდეგ, ახალი ხელშეკრულების ფარგლებში თუ მოხდება საფასო პოლიტიკის გადახედვა. როგორც ”ტავ-ჯორჯიაში” განაცხადეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ იქნება ცნობილი. ვითარებაში უკეთ გასარკვევად ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მდებარე აეროპორტებში ტარიფებს შორის სხვაობის მიზეზი ექსპერტებმა შეაფასეს. მათი აზრით, ფასებს შორის ასეთი სხვაობა იმით არის გამოწვეული, რომ დედაქალაქის აეროპორტი არ არის განკუთვნილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის მონოპოლიაც.
”ერთი მიზეზი იმისა, რომ თბილისის აეროპორტში მაღალია ტარიფი არის ის, რომ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არ დაფრინავენ. მეორე - ეს არის კონკურენცია. რაც უფრო მეტი ავიაკომპანია შემოვა, მით უფრო დაბალი იქნება ფასი. ეს ღირებულებაზეც იმოქმედებს. ამისთვის საჭიროა ჯანსაღი კონკურენცია, ანუ კონკურენტული გარემო. როცა მონოპოლია აქვს რომელიმე კომპანიას, ის ცდილობს, რაღაც მოგება ნახოს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ბილეთზე მაღალი ფასი კომპანიებისთვის გაწერილი მაღალი ტარიფით იყოს გამოწვეული. ამის დამტკიცება მხოლოდ დოკუმენტაციის მიხედვით არის შესაძლებელი”, - აცხადებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ტურიზმის მიმართულების სრული პროფესორი მალხაზ ჭეშმარიტაშვილი.
მანვე ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ დიდ დასახლებულ პუნქტებთან მდებარე აეროპორტებში ფასი ყოველთვის მაღალია. ”ეს მარტო ჩვენთან არ არის. მაგალითად, ნიუ-იორკთან მდებარეობს ცენტარლური აეროპორტი ”ჯეესკა”. იქ მომსახურებაც, მოსაკრებელიც და ბილეთის ფასიც გაცილებით მაღალია, ვიდრე რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში მდებარე აეროპორტებში”, - აცხადებს მალხაზ ჭეშმარიტაშვილი.
მარიამ აფციაური
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”