ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება
თბილისი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურით, რაც სხვადასხვა კულტურის შერწყმის შედეგია. მიუხედევად ქალაქის პატარა მასშტაბებისა, ის ერთდროულად მოიცავს ახალ და ძველ შენობებს. თუმცა, ცოტამ თუ იცის წინა საუკუნეებით დათარიღებული ლამაზი საცხოვრებელი სახლებისა და დახვეწილი სადარბაზოების შესახებ, რომლებიც თბილისის ძველ უბნებში იმალება.
თბილისის მარგალიტი
აღმაშენებლის გამზირზე სეირნობისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიპყროს ულამაზესმა ძველებურმა სახლმა და მისმა საუცხოო ჩუქურთმებმა. სიძველის მიუხედავად, სახლს არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა. საკმარისია ზღურბლს გადააბიჯოთ და მის სადარბაზოში შეიხედოთ და სრულიად განსხავავებულ, აქამდე უცნობ, სამყაროში აღმოჩნდებით.
სახლი მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ერასტი ჭავჭანიძემ ააშენა. ერასტი ჭავჭანაძე ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როცა გერმანლი ვაჭრის გალანტერეაში დაიწყო მუშაობა. ბიჭუნამ იმდენად შეაყვარა თავი მაღაზიის მფლობელს, რომ გერმაანიაში, ლაიპციგში გაუშვა სასწავლებლად.
როგორც იმ პერიოდის მდიდრული სახლებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ შენობის კედლებიც საუცხოოდ იყო მოხატული და გაფორმებული ოქროსფერი ორნამენტებით. ჭერიდან ანგელოზები დაგყურებენ, ხოლო კედლებზე “ვეფხისტყაოსნის” ცნობილი სცნებია გაცოცხლებული. აღსანიშნავია, რომ ილუსტრაციები ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის მიხედვითაა შექმნილი. სამწუხაროდ, ეს უნიკალური სახლი დანგრევის პირასაა და მალე თუ არ ჩაუტარდა რესტავრაცია, მოლოდ ისტორიის ფურცლებსღა შემორჩება.
უნიკალური ვიტრაჟული სახლი ბეთლემის ქუჩაზე
თვალწარმტაცი ვიტრაჟული სახლი ბეთლემის ქუჩაზე ერთადერთი შენობაა ფერადი ფანჯრებით. ეს უნიკალური ანტიკვარული სახლი მე-19 საუკუნით არის დათარიღებული. ლამაზი ფანჯრების გარდა, სახლს ხის მოჩუქურთმებული აივანი ამშვენებს. სახლი საკმაოდ ძველია და სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას, თუმცა სამწუხაროდ, მის მაცხოვრებლებს საკამრისი სახსრები არ გააჩნიათ. სადარბაზო დაზიანებულია, ხოლო ერთ დროს ლამაზი ძველებური კიბეები დეფორმირებული.
სასტუმრო “ლონდონი “ - მსოფლიო გენიოსების საყვარელი ადგილი
ყოფილი სასტუმრო “ლონდონი” - კლასიცისტური სტილის შენობა, რომელიც ახლანდელი ათონელის ქუჩის #31-ში მდებარეობს, ძმებმა ზუბალაშვილებმა ააშენეს. სასტუმრო 1875 წელს გაიხსნა და ის ერთ-ერთი პირველი შენობა იყო, სადაც ელექტროენერგია გაიყვანეს. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, იმ დროისათვის საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროდ თვლებოდა. 1899 წელს, თბილისში ყოფნის დროს, სასტუმრო ”ლონდონში” ცხოვრობდა ცნობილი ნორვეგიელი მწერალი - კნუტ ჰამსუნი. ასევე თბილისში ყოფნის დროს იქ ცხოვრობდნენ პეტრე ჩაიკოვსკი, ტერენტი გრანელი და სხვა მრავალი გამოჩენილი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ილია ჭავჭავაძე სასტუმროს რესტორნის ხშირი სტუმარი იყო. პირველი მსოფლიო ომის დროს მეცენატმა ძმებმა შენობა ლაზარეთს დაუთმეს, მაგრამ ომის დასრულების შემდგე სასტუმროს ფუნქციონირება აღარ გაუგრძელებია.
ლიკა ჭიღლაძე
სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: The Hidden Treasure of Tbilisi’s Architecture - Inside 3 Remarkable Houses