”საქართველოში არსებული ფასები რეგიონის უმეტესი ქვეყნის ფასებთან შედარებით მაღალია”
"სრულიად თვითნებურად გამიძვირა ინტერნეტი და ტელევიზია "კავკასუსმა", იძულებული გავხდი ტელევიზიის პაკეტი შემემცირებინა; "სილქნეტმა" მომსახურების გადასახადი გააძვირა და ჩემგან დამოუკიდებლად და დაუკითხავად, რატომღაც ჩათვალეს, რომ გაძვირებულ პაკეტზე გადავეყვანე. კარგი იქნებოდა ჩემთვის ეკითხათ, იქნებ საერთოდ ვაუქმებდი ინტერნეტს", - ასე აფასებენ მომხმარებლები "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" მხრიდან ინტერნეტ პაკეტებზე ფასების ზრდას.
"კავკასუს ონლაინის" მომხმარებლის, ლალი აბაშიძის აზრით, კომპანია ფასების ზრდასთან დაკავშირებით თვითნებურად იქცევა, რაც მასშიც და სხვა მომხმარებლებშიც პროტესტს იწვევს. "რამდენიმე თვის წინ, კომპანია "კავკასუს ონლაინმა" ხარისხის გაუმჯობესების მოტივით, თვითნებურად გაგვიძვირა ტელევიზიისა და ინტერნეტის ერთობლივი პაკეტის ღირებულება. ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა უკეთესი სიჩქარის ინტერნეტი და ისიც საკითხავია, რეალურად, მართლა გაუმჯობესდა თუ არა მომსახურების ხარისხი. ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ პაკეტის ღირებულება ისევ გააძვირა, ამჯერად, ლარის გაუფასურების გამო. იძულებული გავხდით ხარჯები შეგვემცირებინა. უცხოური არხები გავთიშეთ და მხოლოდ ქართული არხები დავტოვეთ", - გვითხრა ლალი აბაშიძემ.
ბოლო სამი თვის განმავლობაში "კავკასუსმა" და "სილქნეტმა" ფასები რამდენჯერმე გაზარდეს. ამჟამად არსებული ტარიფებით, ოპტიკური ინტერნეტი "კავკასუსში" შემდეგი ფასები ღირს: 10 მბ/წმ - თვეში 27 ლარი, 30 მბ/წმ - 37 ლარი, 50 მბ/წმ - 50 ლარი, 100 მბ/წმ - 100 ლარი, ხოლო "სილქნეტში": 10 მბ/წმ - 26 ლარი, 35 მბ/წმ - 40 ლარი, 50 მბ/წმ - 50 ლარი და 100 მბ/წმ - 100 ლარი.
კომპანია "სილქნეტში" არსებულ ფასებს ადეკვატურს უწოდებენ და მატებას ასე ხსნიან: "2-3 წლის უკან, თუ ყველაზე მოთხოვნადი სიჩქარე 1 მგბ იყო, დღეს მომხმარებელი ითხოვს 20 მბ/წმ. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნა რომ დააკმაყოფილონ, ოპერატორები, რომელთაც "შემოაქვთ" ინტერნეტი, ხარჯებს ზრდიან, რომ მეტი რესურსი და სიმძლავრე შეიძინონ, ახორციელებენ ინვესტიციებს დაკაბელების და ქსელში გადანაწილების კუთხით. ამიტომაც 2015 წელი პროვაიდერებმა ფასის კორექტირებით დაიწყეს, რაც ერთი მხრივ ლარის დევალვაციითაც იყო გამოწვეული, რადგან ინვესტიციები და საოპერაციო ხარჯები, სწორედ რომ უცხოურ ვალუტაში აქვთ განსაზღვრული კომპანიებს. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ინტერნეტის ფასი არც მაღალია და არც დაბალი. ადეკვატურია იმ ხარჯების, რაც პროვაიდერებს გააჩნიათ. თანაც, ფიქსირებული ქსელის მომხმარებელი ითხოვს შეუზღუდავად ინტერნეტით სარგებლობას, 24 საათის განმავლობაში".
რაც შეეხება მოქალაქეების განცხადებას, რომ ისინი ფასების ზრდის გამო იძულებულები არიან ტელევიზია გათიშონ, ამასთან დაკავშირებით კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "სილქნეტის" პაკეტები იძლევა ოჯახის ბიუჯეტზე მორგებული სატარიფო სქემის, პაკეტის შეცვლის, მისაღებ სიჩქარეზე გადასვლის არჩევანის საშუალებას.
კომპანია "კავკასუს ონლაინში" ფასების ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
"კავკასუს ონლაინის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ახალი ტარიფები 23 მარტიდან შევიდა ძალაში, ხოლო არსებულ მომხმარებლებს პაკეტები მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეეცვლებათ ახალი სატარიფო სისტემის მიხედვით, ამის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური შეტყობინება უკვე გაეგზავნა. საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, აუცილებელი გახდა მცირედ დაგვეკორექტირებინა ტარიფები, თუმცა შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შევეცადეთ, ფასების ცვლილება რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო მომხმარებლისთვის", - აცხადებენ კომპანიაში."ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" მიიჩნევენ
, რომ ამ ორი კომპანიის მხრიდან დაწესებული ინტერნეტ-ფასები მაღალია, ხოლო ფასების ზრდასთან დაკავშირებით კომპანიების განცხადებები ბუნდოვანია, რადგან ორივეს მოგება გაიზარდა. "ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ ორმა პროვაიდერმა ფასები ერთმანეთის მიყოლებით გაზარდა. პირველ ეტაპზე ფასების ზრდის დროს, ორივე კომპანიამ ფასების ზრდის მიზეზად დაასახელა მომხმარებელის სურვილი ინტერნეტის სიჩქარის ზრდასთან დაკავშირებით, რამაც შესაბამისად გამოიწვია ფასების ზრდა. თუ კომპანია რეალურად მომხმარებლის ინტერესიდან გამოდიოდა, მაშინ მათ უნდა გაეთვალისწინებინათ მომხმარებლის მოთხოვნა, რომელიც ფასების ზრდასთან ერთად გაჩნდა და უნდა მიეცათ საშუალება მოქალაქეებისთვის, რომ არსებული ტარიფით და დაბალი სიჩქარით ესარგებლათ. ეს ორი კომპანია ფასების ზრდის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ და საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს. ეს არის საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება, რადგან "კავკასუს ონლაინს" 2014 წელს 2013 წელთან შედარებით შესყიდულ ინტერნეტზე ხარჯები შეუმცირდა 5 მილიონი ლარით. "სილქნეტის" ხარჯებს რაც შეეხება, მათ იყიდეს უფრო მეტი ინტერნეტი 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, თუმცა ბოლო 6 თვის მონაცემებით, მიიღო 605 000 ლარით მეტი შემოსავალი, ვიდრე 2013 წელს მთლიანად", - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.მისივე თქმით, საქართველოში არსებული ფასები რეგიონის უმეტესი ქვეყნის ფასებთან შედარებით მაღალია: "ყველაზე მცირე – 10მგ/წ ინტერნეტი "კავკასუსში" ღირს 27 ლარი, "სილქნეტში" – 26 ლარი, უკრაინაში კი მისი ფასია 7 ლარი, ბელორუსში - 25 ლარი. 30მგ/წ 37 ლარი ღირს კავკასუსში, სილქნეტში 35 მგ.წ ღირს 40 ლარი. ბულგარეთში მისი ფასია 10 ლარი, ჩეხეთში - 28 ლარი. 100 მგ/წ უკრაინაში ღირს 14 ლარი, ლატვიაში - 33 ლარი, რუმინეთში - 18 ლარი, ფასებით შედარებით ახლოს არის სერბეთი, სადაც 90 ლარი და ყაზახეთი, სადაც 60 ლარი ღირს. საქართველოში კი მისი ფასი 100 ლარს შეადგენს", - აღნიშნავენ აფბა-ში.
ინტერნეტ-ფასებმა მოიმატა სხვა შედარებით პატარა კომპანიების მომხმარებლებისთვისაც, თუმცა მათ განმარტებებისგან თავი შეიკავეს.
ლექსო ნაბახტეველი