საქართველოში მშიერი ადამიანების მაჩვენებელი 2010-2012 წლების პერიოდთან შედარებით, 2014-2016 წლების მონაცემებით, 10,1%-დან 7,4%-მდე შემცირდა.
გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოში არსებული მშიერი ქვეყნების ანგარიშის თანახმად, 1990-92 წლების პერიოდში საქართველოში მშიერი ადამიანების მაჩვენებელი 56,5% იყო. თუმცა, დღევანდელი შიმშილის მაჩვენებლი, რომელიც 7.4%-ს შეადგენს, 2005-2007 წლების მაჩვენებლზე 1.4%-ით მეტია.
ანგარიშის მიხედვით, საერთო ჯამში, მსოფლიოს 125 ქვეყანაში მშიერი ადამიანების რიცხვი შემცირდა.
ანგარიშის თანახმად, 1990-92 წლების პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში მშიერი მოსახლეობის მაჩვენებელი 18,6-დან 10,9 პროცენტამდე შემცირდა. ვითარება ასევე გაუმჯობესებულია განვითარებად ქვეყნებშიც, სადაც შიმშილის მაჩვენებელი 23,3%-დან (1990-92 წლები) 12,9%-მდე არის შემცირებული.
ანგარიშის ავტორთა თქმით, მშიერი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება მეტწილად ჩინეთისა და სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
"სულ რაღაც მეოთხედი საუკუნის წინ, მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანზე მეტი იტანჯებოდა შიმშილით, თუმცა დღეს მსოფლიოში მათი რიცხვი 795 მილიონს შეადგენს", - ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.
მსოფლიოში ყველაზე მშიერ რეგიონად კვლავ სამხრეთ აზია რჩება, სადაც 281 მილიონი ადამიანი შიმშილობს. აფრიკაში კი ბოლო 25 წლის განმავლობაში მშიერი ქვეყნების რაოდენობა გაორმაგდა და 24-ს მიაღწია. ანგარიშის ავტორთა თქმით, ამის მიზეზი აფრიკაში გამუდმებული ომები, გვალვა და სტიქიური უბედურებებია.
ვითარება გაუმჯობესდა ლათინურ ამერიკაში, სადაც ეკონომიკური ზრდისა და სხვადასხვა სოციალური პროგრამების რიცხვი 14,7%-დან 5,5%-მდე შემცირდა. გამონაკლისია გვატემალა, სადაც ადგილობრივებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ საჭირო რაოდენობის საკვები.
გაერო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მშიერი მოსახლეობის უმრავლესობა განვითარებადი ქვეყნების ღარიბ სოფლებში ცხოვრობს.
ამასთან ერთად, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი მშიერი ადამიანი - 194,6 მილიონი - ინდოეთში ცხოვრობს.