რა ქონებას ფლობს თბილისის მერი?

გასულ წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციამ დავით ნარმანიას 4 500 ლარის მოგება მოუტანა.

ბოლო ხანებში დედაქალაქის მერის მისამართით საყვედურები სულ უფრო ხშირად ისმის. გადათხრილი გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დაპირებული მილიონი ხის ფარგლებში დარგული ნერგების ნაწილი გახმა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ნარმანიასთვის შეიძლება დამოკლეს მახვილად იქცეს. ალბათ, საინტერესო იქნება გავიგოთ, რა ქონებას ფლობს ბატონი ნარმანია.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დავით ნარმანიას ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2002 წელს, საქართველოს საგადასახო შემოსავლების სამინისტროს მინისტრის სამდივნოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შეუვსია.

ოჯახის წევრთა გრაფაში მხოლოდ ძმა - ირაკლი ნარმანია არის მითითებული. იმავე პერიოდში დავით ნარმანია თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე იყო, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს, ხოლო ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არსებული 5 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის ღირებულება 2 000 ლარს შეადგენდა. დეკლარაციის შევსების მონენტში ნარმანიას ხელთ 1 500 ლარი ჰქონდა. ნარმანიას წლიურმა შემოსავალმა 4 950 ლარი შეადგინა, ხოლო საცხოვრებელი სახლის რემონტში 1 000 ლარამდე დაუხარჯავს.

მომდევნო დეკლარაცია თბილისის ამჟამინდელმა მერმა 2012 წელს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას შეავსო. ოჯახის წევრთა გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - თინათინ თინიკაშვილი, შვილი - კონსტანტინე ნარმანია. დეკლარაციის მიხედვით, დავით ნარმანია თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეა, რომლის საბაზრო ღირებულება მითითებული არ არის. მის საკუთრებაშია მერსედესის მარკის ავტომობილი  c 180, 2002 წლის გამოშვების მსუბუქი ავტომანქანა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს:

"თი-ბი-სი ბანკში" დავით ნარმანიას სახელზე რამდენიმე ანგარიშია გახსნილი: სახელფასო - 2960 ლარი, მიმდინარე - 3, 2 ევრო, საკრედიტო - 3960 ლარი, სახელფასო - 8 ლარი; ბანკ "რესპუბლიკაში" სახელფასო ანგარიშზე - 45 ლარი, " პროკრედიტ ბანკში" ასევე, სახელფასოზე - 1 503 ლარია. დეკლარაციის შევსების მომენტში დავით ნარმანიას თან 12 000 დოლარი ჰქონდა.

მინისტრობის პერიოდში დავით ნარმანია შპს "ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის" პარტნიორიც გახლდათ. სამეწარმეო საქმიანობაში მისი მონაწილეობის დროის მონაკვეთი უცნობია. მის ანგარიშზე კი თანხა მითითებული არ არის.  რაც შეეხება დავით ნარმანიას წლიურ ანაზღაურებას: თსუ, ასოცირებული პროფესორი - 22238.60 ლარი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი - 16477.80 ლარი, საქართველოს უნივერსიტეტის ექსპერტი - 1000 ლარი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი - 13940.10 ლარი, ხოლო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მოკლევადიან კონსულტანტად მუშაობისას მისმა ანაზღაურებამ 22287.55 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შემოსავლებს: სტიპენდიის სახით - 5 520 ევრო , ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან 4 000 ლარის მოგება ნახა.

2013 წლის დეკლარაციის თანახმად, ნარმანიას ოჯახს ახალი წევრი შეემატა, შვილი - ილია დენისი ნარმანია. უძრავი ქონება უცვლელია. ნარმანია კვლავ რჩება შპს "რისერჩ ენდ კონსალტინგის" პარტნიორად.

მისი წლიური შემოსავლები კი ასეთია: თსუ-ში სრული პროფესორი - 22830.74 ლარი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი - 16477.80 ლარი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი - 16 415.10 ლარი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი - 20 750 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - 11 424.55 ლარი, მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის კონსულტანტი- 9 900 ლარი, სხვადასხვა კონსულტანტი/ექსპერტი - 8230.26 ლარი, "ალერტ ინტერნეშენალის" ექსპერტი - 12900 ლარი.

მინისტრად მუშაობისას დავით ნარმანიამ "თი-ბი-სი ბანკის" სესხით ისარგებლა - 4 000 ლარი. შემოსავლის სახით კი სტიპენდიით - 5520 ევრო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით 4 000 ლარი მიიღო.  ბოლო დეკლარაცია დავით ნარმანიამ 2014 წელს შეავსო ყოფილი მინისტრის სტატუსით. უძრავი ქონება იგივეა, ხოლო ავტომანქანა შეცვალა - მერსედესის მარკის E 350, 2007 წლის გამოშვება.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს:

"თი-ბი-სი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე - 548.36 ლარი, მიმდინარეზე - 3.20 ევრო, საკრედიტოზე - 3993.35 ლარი, სახელფასოზე - 165.91 ლარი, ხოლო "რესპუბლიკა ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 800.41 ლარი, "პროკრედიტ ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 39.04 ევრო. მეუღლის, თინათინ თინიკაშვილს "თი-ბი-სი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე 800 ლარია დაფიქსირებული. დეკლარაციის შევსების დროს ნარმანის ხელთ 2 500 დოლარი ჰქონდა. მისი წლიური ანაზღაურების ნუსხა კი ასე გამოიყურება: თსუ, სრული პროფესორი - 22830 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის პოსტზე - 90165 ლარი. მეუღლის, თინათინ თინიკაშვილის წლიურმა ანაზღაურებამ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე 2 805 ლარი შეადგინა.

გასულ წელს დავით ნარმანიას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 4500 ლარი შეადგინა.

სალომე გოგოხია