გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, პოზიცია გაიუმჯობესა და 162 ქვეყანას შორის 1.973 GPI ქულით 79-ე პოზიციაზეა
2014 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 99-ე პოზიციაზე იყო 2.099 ქულით.
მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ცნობით, მსოფლიოში შეიარაღებულ კონფლიქტებს - სირიიდან დაწყებული, ნიგერიით დამთავრებული - გასულ წელს 180 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რაც 267%-ით მეტია 2010 წლის მონაცემებზე, როცა მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49 ათასი იყო.
ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკას მშპ-ის 13% უჯდება, რაც დაახლოებით 14,3 ტრილიონი დოლარია.
”2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო მშპ-ზე სამხედრო კონფლიქტების გავლენა 15,3% -ით - 12,4 ტრილიონი დოლარიდან 14,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა”, - ნათქვამია ანგარიშში.
ინდექსის თანახმად, ”ისლამური სახელმწიფოსა” და ”ბოკო ჰარამის” ქსელების გაზრდასთან ერთად, მოიმატა ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობაც, რამაც გასული რვა წლის განმავლობაში 8,450-დან 18 ათასი შეადგინა.
”ყოველივე ამის გათვალისწინებით, მსოფლიოში 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2014 წელს უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია”, - ნათქვამია მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშში.
”გლობალური მშვიდობის ინდექსის” თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ისლანდიაა. მშვიდობიანი ქვეყნების ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ავსტრია, ახალი ზელანდია და შვეიცარია. ყველაზე არამშვიდობიან ქვეყანად კი სირია დასახელდა. ბოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ ერაყი, ავღანეთი, სამხრეთ სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ინდექსის თანახმად, რუსეთი 162 ქვეყანას შორის 152-ე პოზიციაზეა და ერთი საფეხურით უსწრებს ჩრდილოეთ კორეას, უკრაინა - 150, თურქეტი - 135-ე, სომხეთი - 91-ე, აზერბაიჯანი - 132-ე, ხოლო მოლდოვა 70- პოზიციაზეა.
გლობალური მშვიდობის ინდექსი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მეთოდია, რომელიც სხვადასხვა ინდიკატორების საშუალებით მსოფლიოში მშვიდობიანობის დონეს ზომავს.
ინდექსის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა კრიმინალის აღქმა, მკვლელობები, დაპატიმრებული მოსახლეობა, იარაღის ხელმისაწვდომობა, ორგანიზებული კონფლიქტი (შიდა), ძალადობრივი დენოსტრაციები, პოლიტიკური არასტაბილურობა, პოლიტიკური ტერორი, იარაღის იმპორტი, ტერორისტების აქტივობა, სიკვდილიანობა კონფლიქტისას (შიდა), სამხედრო დანახარჯები, შეიარაღებული სერვისის პერსონალი, გაეროს მშვიდობისმყოფლების დაფინანსება, ბირთვული და მძიმე შეიარაღება, იარაღის ექსპორტი, ადგილნაცვალი პირები, ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ა.შ.
"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო პირველად 2010 წელს მოხვდა და 149 ქვეყანას შორის 142-ე ადგილზე იყო, 2011 წელს – 153 ქვეყანას შორის 134-ე ადგილზე, 2012 წელს – 158 ქვეყანს შორის 141-ე, ხოლოდ 2013 წელს 162 ქვეყანას შორის 139-ე პოზიცია ეკავა.