ცვლილება ძირითადად მოკლევადიანი ვიზების მიღების მსურველებს შეეხებათ
შენგენის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი ქვეყნის საელჩოში ბიომეტრიული მონაცემები უნდა წარადგინონ. ახალმა წესმა, რომელიც 23 ივნისიდან შევიდა ძალაში, საბუთების წარდგენის პროცესში ცვლილება გამოიწვია - ამიერიდან ყველა განმცხადებელი ვალდებულია, საელჩოში პირადად წარსდგეს, რათა საკუთარი ბიომეტრიული მონაცემები წარადგინოს: თითის ანაბეჭდები და ციფრული ფოტო. ეს ცვლილება ძირითადად მოკლევადიანი ვიზების მიღების მსურველებს შეეხებათ.
ანკეტას უნდა ერთვოდეს ე.წ. ბიომეტრიული ფოტოები, რომლის გადაღებაც ნებისმიერ ფოტოსტუდიაშია შესაძლებელი, თუ აუცილებელ მოთხოვნებს წარუდგენთ - ზომა 3,5х4,5 სმ, ანფასში, თეთრ ფონზე გადაღებული.
მონაცემები ძალაში იქნება 5 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ყველა დოკუმენტი შენახული იქნება საერთო სავიზო საინფორმაციო ერთიან სისტემაში, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ევროპული სტანდარტების მიხედვით.
მოქალაქე, რომელიც შენგენის ზონის რომელიმე საელჩოში ერთხელ ჩააბარებს თითის ანაბეჭდებს, 5 წლის განმავლობაში შეძლებს ვიზის მიღებას ტურისტული სააგენტოს ან საელჩოს ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის გაგზავნის საშუალებით.
თითის ანაბეჭდების აღება არ არის აუცილებელი 12 წლამდე ბავშვებისთვის და იმ პირებისთვის, რომლის თითის ანაბეჭდის აღებაც შეუძლებელია; ასევე, სახელმწიფოს მეთაურებისთვის, მთავრობის წარმომადგენლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.
ბიომეტრიულ მონაცემებზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქე შენგენის ვიზას ვერ მიიღებს.
მათთვის, ვისაც შენგენის ვიზა უკვე აქვთ, ახალი ვიზის მიღება საჭირო არ იქნება. ძველი საბუთები ძალაში რჩება. ვიზის ღირებულება არ იცვლება.
ნებისმიერ პირს აქვს უფლება, საკუთარ თავზე მიიღოს ინფორმაცია საერთო სავიზო საინფორმაციო ერთიანი სისტემიდან იმ საელჩოში, რომელმაც ეს მონაცემები ბაზაში შეიტანა.
ასევე, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს ბაზაში არსებული არასწორი ინფორმაციის შესწორება ან არაკანონიერი გზით მოპოვებული ინფორმაციის ამოღება.