წლის ბოლომდე, შესაძლოა, 40-50 მლნ დოლარი დაგვაკლდეს
საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები ისევ შეჩერებულია, არადა იგი სწორედ ამ კომპონენტის მიხედვით ნომერ მეორე ქვეყანაა საქართველოსთვის. საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ დოლარამდე რიცხავდნენ. „რეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად არის საშიშროება, რომ საბერძნეთის კრიზისმა ისედაც გაუფასურებულ ლარზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს. უცხოეთიდან ფულადი გზავნლების შემცირება ამ რამდენიმე კვირის წინათ ეროვნული ვალუტის დევალვაციის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად სახელდებოდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მაისში საბერძნეთიდან 15,3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო აპრილში- 14 მილიონ დოლარზე მეტი. ივნისში კი მოულოდნელად საბერძნეთის მთავრობამ კაპიტალის ბაზარზე კონტროლი დააწესა. ეს ფულადი გადმორიცხვების აკრძალვასაც მოიცავს და საქართველოში გზავნილების მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ევროს დოლართან დევალვაციის გამო, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების დაახლოებით 30 მილიონ დოლარამდე შემცირება ისედაც ნავარაუდევი იყო. 6 თვეში ამ ქვეყნიდან საქართველოში 85 მილიონ დოლარამდე გადმოირიცხა, თუკი საბერძნეთში დეფოლტი გამოცხადდა, იქ დასაქმებული ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ ნახევარი სამსახურს დაკარგავს, რაც გზავნილების მოცულობას კიდევ უფრო შეამცირებს. „რეალურად 2015 წლისთვის საბერძნეთიდან 170 მილიონი დოლარის ფულად გზანილს ველოდებოდით. ამასობაში ევრომ დოლართან მიმართებაში დევალვაცია განიცადა, იქ კი ჩვენი თანამემამულეები შემოსავალს ევროში იღებენ. შესაბამისად, ეს პროგნოზი უკვე გათვალისწინებული იყო. ახლა თუ გამოცხადდა დეფოლტი და კიდევ უფრო დრამატულად წარიმართა სიტუაცია, ჩვენი თანამემამულეების მინიმუმ ნახევარი დაკარგავს სამუშაო ადგილს, შესაბამისად, გადმორიცხვები განახევრდება და თუკი წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 85 მილიონი დოლარი უნდა მიგვეღო, შეიძლება მივიღოთ 40 მილიონო დოლარი ან უფრო ნაკლები. ეს ძალიან ცუდიაა, მაგრამ მაინც არ არის იმდენად დიდი თანხა, რომ ლარის კურსზე სერიოზული გავლენა მოახდინოს,“- განმარტა მიხეილ დუნდუამ.
ეკონომისტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, ვალუტის გამყარების როლი ფულადმა გზავნილებმა იტვირთა. თუკი მდგომარეობა ამ კუთხით მაინც არ გამოსწორდა, ეს ლარის სტაბილურობაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. „შარშან საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა აღემატებოდა 2003 წელს ყველა ქვეყნიდან ჩარიცხული თანხის მთლიან მოცულობას. თანაც ეს ტენდენცია იყო აღმავალი. იმ პერიოდში, როდესაც ფულადმა გზავნილებმა, გარკვეულწილად, იტვირთა ვალუტის გამყარების როლი, შემცირების ტენდენცია ძალიან მტკივნეული იქნება. ახლა ფულადი ტრანზაქციები განიხილება ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად,“- ამბობს სოსო არჩვაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამტკიცებს, რომ საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენს არ იქონიებს, ვინაიდან გადმორიცხვა ისედაც შემცირებული იყო. „რა თქმა უნდა, ეს გადმორიცხვებზე იმოქმედებს, თუმცა ეს კომპონენტი ისედაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ამიტომ ეს დიდ გავლენას ვეღარ იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე,“- განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის პირველ ხუთ თვეში ფულადმა გზავნილება საქართველოში 23,2%-ით იკლო და 438.1 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 570.6 მილიონი დოლარი იყო. ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან 2015 წლის იანვარ-მაისში 18.1 %-ით შემცირდა - 68.9 მილიონ დოლარამდე. თუმცა, მაისში აპრილთან შედარებით გადმორიცხვები დაახლოებით 2 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ფულადი გადარიცხევბი საბერძნეთიდან 29 ივნისიდან შეჩერდა. საბერძნეთის საფონდო ბირჟა და ბანკები 7 ივლისამდე დაიკეტა. საბოლოო გადაწყვეტილება 5 ივლისს, რეფერენდუმის შედეგად გახდება ცნობილი, რომელიც ასევე რთულად საპროგნოზოა. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრისმა მოსახლეობას მოუწოდა, 2015 წლის 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ ფინანსური რეფორმების პაკეტს. იმ შემთხვევაში, თუკი საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ქვეყანას დეფოლტი ემუქრება. გარდა ამისა, შესაძლოა, საბერძნეთს ევროზონაც დაატოვებინონ.
მაკა ხარაზიშვილი
წყარო: გაზეთი „რეზონანსი“