დენის ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე მტკივნეულად აისახება.
გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, მეწარმეები პროდუქტის გაძვირებისთვის ემზადებიან. მთავრობამ რამდენიც უნდა ამტკიცოს, რომ მეწარმეები ფასს ვერ მოუმატებენ და "ნებისმიერ პროცესში მთავრობა ჩაერევა", ეს ბაქი-ბუქი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ მეწარმეების ნაწილი გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა.
როგორც ირკვევა, ძნელად მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც ტარიფის ზრდა გავლენას არ მოახდენს. განსაკუთრებით ის საკონდიტრო ნაწარმზე აისახება. საფასო ცვლილება მოსალოდნელია საცხობებში, სასაწყობო მეურნეობებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. დიდი ალბათობით, გაძვირდება ისეთი იმპორტირებული პროდუქტი, რომელსაც გარკვეული დროით შენახვა სჭირდება.
სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის არ რჩება მიმართულება, სადაც ტარიფის მოსალოდნელი გავლენა არ იგრძნობა. ნაკლებად სავარაუდოა, მეწარმეებმა მაღალჩინოსნების "მუქარას" ანგარიში გაუწიონ. ისინი არ მალავენ, რომ სამომხმარებლო ბაზარს გაძვირების ახალი ტალღა გადაუვლის.
მთავრობა საპირისპიროს ამტკიცებს. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებამ და იმ ნიშნულზე დაბრუნებამ, რაც იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისთვის, არ უნდა გამოიწვიოს პროდუქტის გაძვირება, რადგან მის ფასწარმოქმნაში ელექტროენერგიის წილი მინიმალურია.
ამიტომ, თუკი ვინმე შეეცდება ამ თემით სპეკულირებას და ფასების გაზრდას, სახელმწიფო აუცილებლად ჩაერევა და არავის მისცემს უფლებას, სპეკულაცია მოახდინოს და პროდუქტებზე ფასები გაზარდოს.
მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, მეწარმეები არ მალავენ, რომ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ. საკონდიტრო ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, კომუნალური ხარჯის ზრდა, რასაც შეიძლება ნედლეულის გაძვირებაც დაემატოს, ნაწარმის ფასზეც აისახება.
კომპანია "გურმეს" წარმომადგენელი შიშობს, რომ საფასო ცვლილება რეალიზაციაზე ცუდად იმოქმედებს.
"დენის გაძვირება ჩვენს ბიზნესს ძალიან დააზარალებს. გაგვიძვირდება არა მარტო კომუნალური გადასახადი, არამედ ნედლეულიც, რის გამოც ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. დამატებით რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან რეალიზაციის პრობლემა ისედაც გვაქვს.
გაძვირების შემთხვევაში მყიდველი შემოგვაკლდება. სასიკეთოს არაფერს ველოდებით. დენის გაძვირება და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული პრობლემა მეტ-ნაკლებად საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზე აისახება. ცხადია მომხმარებლისთვისაც მტკივნეული იქნება და ჩვენთვისაც, რადგან ბიზნესს ძალიან გაუჭირდება",- აცხადებენ კომპანიაში.
საკონდიტრო პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობენ "მადაშიც". კომპანიის მენეჯერის, ქეთევან დადიანის თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სხვაობა ფასში უმნიშვნელო იყოს.
"დენის ტარიფი პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ასეა ტრადიციულად. ამიტომ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება ჩვენც მოგვიწევს. ბუნებრივია, თვითღირებულება მოიმატებს და პროდუქტის ფასსაც დაეტყობა. ნებისმიერ შემთხვევაში შვეცდებით, რომ ეს პროცესი მომხმარებლისთვის არ იყოს მტკივნული და უმნიშვნელო სხვაობა დავაფიქსიროთ", - აცხადებს დადიანი.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პურსაც გააძვირებს. როგორც მან "კომერსანტს" განუცხადა, ბოლო პერიოდში საკმაოდ გაძვირდა ფქვილი, გაიზარდა საფუარის ფასიც და ამას ემატება ელექტროენერგიაზე ფასის მატება, ყველაფერი ერთად გაზრდის თვითღირებულებას, რაც, საბოლოო ჯამში, პურის გაძვირებას გამოიწვევს. 1 ტომარა ფქვილი უკვე 37 ლარიდან 44 ლარამდეა გაძვირებული.
დოლიძის თქმით, ელექტროენერგიის წილი პურის ღირებულებაში მინიმალურია, მაგრამ დიდია ფქვილის ფასში, რადგან წისქვილი დენზე მუშაობს. "ენერგეტიკის მინისტრს აუხსნეს, რომ ელექტროენერგიის წილი პურში ცოტაა, მაგრამ ყველაზე დიდი ძრავები წისქვილშია. ფქვილი თუ გაძვირდა, გაიზრდება პურის ფასიც, აბა რა იქნება? მინისტრმა მეწარმეებს ჰკითხოს და გაარკვევენ", - აცხადებს დოლიძე.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. "რეზონანსის" მიერ გამოკითხულთა შორის იგი ერთადერთია, ვინც პროდუქტის შესაძლო გაძვირებას გამორიცხავს.
"კალკულაცია დასათვლელია, დაახლოებით, 3-4 დღეში გავერკვევით, დენის ტარიფის გაძვირებით გაზრდით კომპანიას რამდენით გაეზრდება ხარჯი. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ფქვილის ფასი შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაშიც. მოკლე პერიოდში ეს ისედაც შესაძლებელია, რადგან რეზერვი არსებობს და ეს ფასის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
სეზონი იწყება, რუსეთიდანაც ახალ მოსავალს ველოდებით. ჯერ მხოლოდ სტარტზე ვართ და რუსული ხორბალი შეიძლება გაიაფდეს კიდეც. ცხადია, ფასს ესეც დააბალანსებს. როგორც ვიცით, ფქვილის ღირებულებას სოციალური დატვირთვა აქვს.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობას მიჩვეული ვართ, ახლაც ასეთი მომენტია. საზოგადოებისთვის ჩვენი გზავნილი ამგვარია: არ გავაძვირებთ ფქვილს ისე, რომ პურის ფასზე აისახოს. მაქსიმალურად შვეცდებით, რომ მოსახლეობას პური არ გაუძვირდეს",- აცხადებს სილაგავა.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ დენის ტარიფი სამომხმარებლო ფასს "დაარტყამს".
"ელექტროენერგიის გადასახადი მეტ-ნაკლებად ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულებაში აისახება. არ ვიცი, მეწარმეების მხრიდან რამდენად დასაბუთებულია სურსათის გაძვირების არგუმენტი. რასაც შენახვა სჭირდება, მისი ფასი აუცილებლად მოიმატებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა გაძვირებაზე ფიქრობს. ხვალვე რომ მოხდეს დენის ტარიფის დაწევა, პროდუქტი მაინც არ გაიაფდება.
თითქმის ყველა სექტორში გაძვირებას ველოდები, მათ შორის, იმპორტირებული სურსათის იმ კატეგორიაში, რომელიც მალფუჭებადია და შენახვა სჭირდება. ბუნებრივია, რომ ხარჯი გაუძვირდებათ. ასეთ სიტუაციაში, რაც უნდა განაცხადოს კახი კალაძემ, მის ნათქვამს ოდნავი ზეგავლენაც კი არ ექნება. მათ დაპირებას არანაირი საფუძველი არ აქვს",- განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"