ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი გაიზარდა, ექსპორტის ვარდნა მცირდება, საგადასახდელო ბალანსი უმჯობესდება, ლარს კი საშველი არა და არ დაადგა.ამიტომაც ხალხში, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხელისუფლებისადმი ნდობა სულ უფრო და უფრო ეცემა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2,3876 ლარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "ბლუმბერგის" პლატფორმაზე კი გუშინ 1 დოლარი 2,42 ლარს გადასცდა.
შესაბამისად, ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 2,41-2,44 ლარის ფარგლებში ყიდიან. არადა, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ვალუტის გაუფასურების საფუძველს აღარ იძლევა. მისი მტკიცებით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მოლოდინმა ეროვნულ ვალუტაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა."ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მლოდინმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ეროვნულ ვალუტაზე და ლარის კურსზე მოქმედი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმპორტის დინამიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით. რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკური პრობლემები, ბუნებრივია, საქართველოზეც ახდენს გავლენას, თუმცა უკვე არსებული და დღეისათვის ცნობილი შესაძლო შოკი უკვე არის ასახული არსებულ კურსში", -აღნიშნა მესტვირიშვილმა. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებაზე ეკონომიკური ზეწოლა ამოწურულია. მაშინ რა სჭირს ეროვნულ ვალუტას და რას აკეთებს ამისათვის მთავარი საბანკო სტრუქტურა? "რეზონანსი" შეეცადა, ამ კითხვაზე პასუხი თავად ეროვნული ბანკიდან მიეღო, თუმცა ტრადიციულად სებ-ში "რეზონანსის" კითხვებს თავი აარიდეს და ამჯერადაც მედიისგან დამალვა ამჯობინეს.
ცოტა ხნის წინათ, როდესაც "ბლუმბერგზე" ეროვნული ვალუტის გაუფასურება პიკს აღწევდა, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აჟიოტაჟს არ აჰყოლოდნენ და დოლარი არ ეყიდათ, ვინაიდან ლარი გამყარებას დაიწყებდა და ისინი წაგებული დარჩებოდნენ. იგივეს ამბობდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ახლა დიდ დიპლომატიაში ცდის ბედს. მიხეილ დუნდუა ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ კურსი აჟიოტაჟურია და დოლარის ფასი ისევ თავქვე დაეშვება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, ერთადერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების დავალიანების მკვეთრი ზრდაა.
"გიორგი ქადაქიძის ბოლო გამოსვლა, რომ ლარის ხელოვნურად გამყარება თითქმის შეუძლებელია, ზოგმა შეიძლება ისე გაიგოს, რომ ამ პროცესებში ეროვნული ბანკის როლი მინიმალურია. არადა, პრობლემა იგივე დარჩა რაც იყო. ისევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული სების მიმართ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება. ამ პერიოდში, როდესაც კურსი 2,35 ლარამდე ჩამოვიდა, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება შეამცირა, რომელიც მერე ისევ გაიზარდა. კურსის ფორმირებაზე ეროვნული ბანკის გავლენა არის არსებითი, რაც გამოიხატება წმინდა დავალიანების ძალიან მკვეთრი ზრდით", - ამბობს მიხეილ დუნდუა.
მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა დავალიანება - 100 მილიონი ლარი იყო, ამჯერად კი 600 მილიონ ლარამდეა: - მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სხვა ეკონომიკური პარამეტრები კურსის გაუფასურების შესაძლებლობას არ იძლევა - ინვესტიციები არის დადებითი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის სალდო, წინა წელთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული. ყველა აღიარებს, მათ შორის ეროვნული ბანკიც, რომ ეკონომიკური ფაქტორები ლარის გაუფასურების მიზეზი არ არის. გარდა ამისა, ბიუჯეტიც ხელს უწყობს ლარის სტაბილიზაციის პროცესს. ვიმეორებ, რომ ერთადერთი განმასხვავებელი პარამეტრი ეს არის - საბანკო სექტორის წმინდა დავალიანების გრანდიოზული ზრდა. არასდროს ყოფილა რომ საბანკო სექტორს ეროვნული ბანკის მიმართ ნახევარ მილიარდზე მეტი დავალიანება ჰქონოდა.
- ცოტა ხნის წინ, როდესაც ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდა, ამბობდით, რომ კურსი უახლოეს მომავალში 2,35 ლარამდე ჩამოვიდოდა. ახლა როგორია თქვენი პროგნოზი?
- ეს არის აჟიოტაჟური კურსი. ცოტა ხნის წინათ კურსი 2,45 ლარამდე ავარდა და მერე ისევ 2,35 ლარამდე ჩამოვიდა. ამჯერადაც ასე მოხდება, ვინაიდან მასზე ეკონომიკური პროცესები ნეგატიურად არ მოქმედებს. ლარის გაუფასურება ყველანაირ ლოგიკას სცდება.
ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ლარის კურსს წონასწორულ წერტილამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევია და არსებული მერყეობა სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებს. "როდესაც დიდი მიწისძვრა ხდება, მას თან სდევს ხოლმე პატარა რყევები სანამ პროცესი სტაბილურობამდე არ მივა. საკმაოდ დიდი მიწისძვრა გადავიტანეთ და დღეს არის მცირე რყევა. ჯერ ჩვენ სავალუტო კურსს წონასწორული ნიშნულისთვის არ მიუღწევია. ამის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ ლარის ასეთი გამოუცნობი მოძრაობაა. აქ საუბარია ერთ რამეზე, ის ფინანსური მასა, რომელიც საქართველოში შემოდის და გადის, ჯერ კიდევ არ არის დაბალანსებული", - ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ დიდმა ქარიშხალმა გადაიარა და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ლარი წონასწორულ კურსს მიუახლოვდება, თუმცა რა ნიშნულია ეს წონასწორული კურსი, ეკონომისტებს ამაზე საუბარი უჭირთ.
მაკა ხარაზიშვილი
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"