2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში სურსათზე 10%-ის ფარგლებში ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ ფასის შეცვლა თითქმის ყოველდღე უწევთ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება, მაღაზიებში ბრუნვის შემცირებაა

. ზოგიერთი მათგანის რენტაბელობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავაჭრო ობიექტებში ძვირიანი პროდუქტის რამდენიმე სახეობა რეალიზაციიდან ამოიღეს კიდეც, რადგან მისი რეალიზაცია საერთოდ შეჩერდა.

სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერ ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, ძვირიან სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად შემცირდა.

"ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, უკვე 30-40%-ითაც კი გაძვირდა. ფასის გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს. არ გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე ცვლილება 5-10%-ის ფარგლებში მოვახდინოთ. დევალვაციის გამო სავაჭრო ობიექტებში სტაბილურობის შენარჩუნება ჭირს. სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რაც არსებულ სიტუაციაში ბუნებრივია. ეროვნული ვალუტა პოზიციებს კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი. მისი თქმით, მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, რადგან ყოველდღიური მოხმარების პოდუქტების გაყიდვის ხარჯზე მაღაზია მუშაობას ახერხებს. "მართალია, ძვირიანი პროდუქტის რეალიზაცია ჭირს, მაგრამ პური, შაქარი, სიგარეტი და სასმელი მაინც იყიდება, ძირითადად, იაფფასიანი პროდუქტი. ურჩევნიათ 2 ლარად იყიდონ ნაკლები ხარისხის ზეთი, ვიდრე გაცილებით ხარისხიანი, მაგრამ ძვირი. შედარება აქაც პირობითია. მაღაზიას ჰყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ფასს", - აცხადებს ლელა სულხანიშვილი.

მაღაზია "არანისის"  თანამშრომელთა ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირება უახლოეს დღეებში აუცილებლად მოუწევთ. "საფასო პოლიტიკას გადავხედეთ, ძალიან მალე მოვახდენთ ცვლილებას. შესაძლოა, ეს პოცესი სუპერმარკეტში ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ვფიქრობთ, ყველა სახეობა ერთიანად გაძვირდება. დისტრიბუტორების შემოტანილ პროდუქტსაც დაეტყო ცვლილება. ზედიზედ მესამე დღეა, რაღაც ნაწილი მომატებულ ფასში შემოაქვთ. რამდენიმე დასახელების პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ვახერხებდით. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათს შეეხება, მაგრამ გარკვეულ დონეზე უკვე ისიც გაძვირდება", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

"რეზონანსს" სხვა სავაჭრო ობიექტებშიც დაუდასტურეს, რომ რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა.

"მაღაზიის ყველა სეგმენტს აქვს პრობლემა, რადგან გაყიდვამ ყველაფერზე იკლო. ჩვენი გასაჭირი ისაა, რომ მოსახლეობა მსყიდველუნარიანი აღარ არის. უმეტესწილად, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის შეძენას ცდილობენ, თანაც მიზერული რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაა, მომხმარებლის მხრიდან რომელიმე პროდუქტის დიდი მარაგით ყიდვა წარმოუგენელია. ხალხი საკვებს აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით ყიდულობს", - ამბობენ სავაჭრო ობიექტებში.

ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი ლევან ფაილოძე ფიქრობს, რომ არსებული ფასი ორ დღესაც ვერ გაძლებს და ამ მხრივ გარკვეული ზომების მიღება დასჭირდებათ. "ჩვენთვის თითო თეთრით გაძვირებაც მტკივნეულია, რადგან რეალიზაციაზე მტკივნეულად მოქმედებს. ლარის გამო კრიზისში ვართ, ხალხიც იშვიათად შემოდის. ყველა ცდილობს ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შედარებით იაფად ექნებათ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა. რა გამოდის? ფასი მაღლა იწევს, რეალიზაცია კი გვიმცირდება. მომხმარებელიც უკმაყოფილოა და ჩვენც. მარტო იმპორტირებული ნაწარმი კი არ ძვირდება, ადგილობრივზეც მატულობს ფასი. ახლაც იმაზე ვმსჯელობთ, რა მაჩვენებლით შევძლებთ საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფასის მომატებას. იძულებულნი ვართ, ამ ღონისძიებას მივმართოთ. დღეს თუ ხვალ, მომხმარებლისთვის სხვა შემოთავაზება გვექნება. ლარის კურსმა სტაბილიზაციის შეგრძნება დაგვიკარგა", - ამბობს ლევან ფაილოძე.

პროდუქტის შესაძლო გაძვირება მოულოდნელი არ არის მომხმარებლისთვის, რომლის მდგომარეობაც ლამის ყოველდღიურად უარესდება.

"სტაბილურობის განცდა დავკარგე. ხუთსულიანი ოჯახის მთელი შემოსავალი 600 ლარია და არ ვიცი, მთელ თვეზე როგორ გადავანაწილო ეს თანხა. ნორმალურად ვერც ბავშვებს მოვახმარე და ვერც უფროსებს, შიმშილობის ზღვარზე ვართ. ოჯახი მხოლოდ კვება ხომ არ არის, უამრავი საჭიროება და ვალდებულებაა, რომელსაც ყოველდღიურად გავურბივარ. სექტემბრიდან გაზრდილი გადასახადიც წამოგვეწევა და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს არის უსინდისო მთავრობა, რომელმაც გააუფასურა ლარი, გაგვიძვირა გადასახადები და საკუთარი მოსახლეობა გაწირა. მგონი, ჩვენი გამძლეობის გამოცდა სურთ, თუმცა რა გამძლეობაზეა საუბარი, სიმშვიდე და მოსვენება დავკარგე", - ამბობს ლუნა სომხიშვილი, მომხმარებელი.

"ყოველდღე, როცა მაღაზიაში პურის საყიდლად შევდივარ, დახლებზე სხვა პროდუქტის ფასსაც ვაკვირდები. უიმედობის განცდა მეუფლება. უკვე მერამდენე თვეა, ვყიდულობ მხოლოდ პურს, შაქარს, მარილს, ყველაზე იაფ ბარდას და კარტოფილს, სხვას თითქმის ვერაფერს. ამ დროს სახლში 2 პატარაა, რომლებსაც ტკბილეული სანატრელი აქვთ, ვერ იღებენ რძის ნაწარმს, ხოლო ხორცი ბოლოს 3 თვის წინ ჭამეს. სოციალურად დაუცველი რომ ვიყო, ალბათ, ჩემი მდგომარეობა ცოტა უკეთესი იქნებოდა", - ამბობს თბილისელი ირმა დეისაძე.

ამასობაში კი ლარის კურსი დაღმა ეშვება და ამ პროცესის დასამუხრუჭებლად მთავრობას ძალა არ ჰყოფნის!

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"