რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება

ოფიციალურად 1 დოლარი უკვე 2,45 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი 2,50-ლარიან ნიშნულს გადასცდა. მაისის შემდეგ ეროვნულ ბანკს დოლარი გასაყიდად არ გამოუტანია და როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არც აპირებს, რადგან ”ბანკთა ბანკში” ფიქრობენ, რომ რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს. არადა, ექსპერტები ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, პანიკისა და დოლარზე არსებული მოთხოვნის ჩასაცხრობად წლის ბოლომდე გასაყიდად 100 მილიონი დოლარი გამოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ.

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება. აგვისტოს მონაცემებით, ფულადი გზავნილები ისევ იკლებს - დაახლოებით 35%-ით შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით, თუმცა, გამოსწორებულია რამდენიმე მაჩვენებელი, რასაც, წესით, ლარის კურსზე დადებითად უნდა ემოქმედა. მათ შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი და შემცირებული იმპორტი, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლასა და გადინების შეკვეცას. მიუხედავად ამისა, ლარი სწრაფი ტემპით განაგრძობს ვარდნას, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდას, დოლარში აღებული სესხების გაძვირებასა და ბიზნესის დამუხრუჭებას იწვევს. პერსპექტივას კიდევ უფრო უიმედოს ხდის პროგნოზის არარსებობა - არავინ იცის, რა სჭირს ლარს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი გაუფასურება და სად ქრება დოლარი, თუკი ინვესტიციები მხოლოდ ბოლო 3 თვეში 81%-ით გაიზარდა?!

ამ დავიდარაბაში რატომღაც არავინ ახსენებს საქართველოდან გასულ კაპიტალსა და მის მოცულობას, არადა, სულ ტყუილად, რადგან თუ ფულადი გზავნილების შემცირება შეიძლება გახდეს დოლარის დეფიციტის მიზეზი, რატომ არ შეიძლება, კაპიტალის გასვლა, რომლის თვიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გზავნილებს, დოლარის მასის შემცირებას იწვევდეს? მაგალითისთვის გეტყვით, რომ მართალია, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 530 მილიონი დოლარი შემოვიდა, მაგრამ ამავე თვეში 175 მილიონი გავიდა და ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2-3 წელიწადში. კაპიტალის გადინება 2013 წლიდან იზრდება, ძირითადად, ოფშორულ ზონებში. მაგალითად, იმავე წელს მხოლოდ კვიპროსში 106 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს, სულ კი, წლის განმავლობაში, ქვეყნიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა. დაახლოებით ამდენივე გაიტანეს 2014 წელსაც. საჯარო რეესტრის მონაცემებს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ბევრი დიდი კომპანია, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება, კვიპროსში, კაიმანის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებშია დარე­გისტრირებული. ამიტომ ჩნდება ეჭვი - ბევრ სხვა გარე ფაქტორთან ერთად, საქართველოდან კაპიტალის გატანა ხომ არ უწყობს ხელს დოლარზე მოთხოვნის ზრდასა და ლარის გაუფასურებას?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "უნდა ვივარაუდოთ, რომ ფული გააქვს იმას, ვინც ან უკეთეს დასაბანდებელ ადგილს პოულობს, ან ხედავს პოლიტიკურ თუ სხვაგვარ საფრთხეს და ფულს ქვეყნის გარეთ მალავს. ამ შემთხვევაში ფული ან ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, ან ოფშორებში ბინავდება - ფაქტობრივად, მუთაქებში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოდან გასული კაპიტალის ნაწილი არის საინვესტიციო კაპიტალი, ნაწილი კი მუთაქაში შენახული. მე მაინც სკეპტიკურად ვუყურებ იმ აზრს, რომ ეს ფული საქართველოდან აქ პრობლემების შესაქმნელად გააქვთ. შეთქმულების თეორიას არ ვიზიარებ, რადგან ამას უფრო დიდი მასშტაბი სჭირდება. თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ვიღაცამ ასეთი ტიპის საბოტაჟი გადაწყვიტა და ფული ამიტომ გააქვს, სხვა მასშტაბის მოქმედება უნდა წამოეწყო. ლართან დაკავშირებულ მთავარ პრობლემას მაინც ის ქმნის, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. თუმცა, არ ვამბობ, რომ კაპიტალის ქვეყნიდან გადინება საერთოდ არ არის პრობლემა.

ქვეყნიდან კაპიტალის გადინება თავისთავად ცუდია და არ არის აუცილებელი, პროცესი ხელოვნური იყოს. მომავალი ძალიან ბუნდოვანია და ამიტომ ბევრი წყვეტს საქართველოში საქმიანობას. ეს ცუდია, რადგან ყოველთვის იმით ვიწონებდით თავს, რომ საქართველო საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა იყო, თუმცა, ციფრები საპირისპიროს მეტყველებს. ქვეყანაში მართლაც იმდენი ინვესტიცია რომ შემოდიოდეს, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ დღევანდელი დეფიციტი საიდან ჩნდება? როცა კეთილდღეობის ვირტუალურ სურათს ვქმნით, შედეგი ხომ უარყოფითია. სადმე ხომ უნდა გამოჩნდეს ინვესტიციების ზრდის შედეგი? ვალუტის დეფიციტი უნდა მცირდებოდეს და პირიქით, იზრდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ კაპიტალი, რომელიც ოფშორებში გადის, მოხელეების ან პოლიტიკოსების ფულია. ლეგალურ ბიზნესს არ სჭირდება კაპიტალის ასე შენიღბვა. ეს ცალკე მონიტორინგის თემაა. ვერ ვიტყვით, რომ ყველა მამაძაღლია, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ აქ დაუსაბუთებელ შემოსავალთან, მოხელეების კორუფციულ ინტერესებთან გვქონდეს საქმე.

”ნაციონალური მოძრაობის” დროს ბიზნესის ნაწილი მთლიანად ინტეგრირებული იყო ხელისუფლებაში. იქ იყვნენ ბიზნესმენები, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ მათთვის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რისკი გაიზარდა და საქართველოში აქტიური საქმიანობა შეწყვიტეს, კაპიტალი კი სხვადასხვა მიმართულებით გაიტანეს. ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესში ვიღაცას დაჭერის შეეშინდა, ვიღაცას - ბიზნესის წართმევის და ისინი ფულს მალავენ. ირიბად ესეც მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ მისი ზეგავლენა, სხვა ფაქტორებთან შედარებით, ნაკლებია.  უცნაურია კაპიტალის გადინების მაჩვენებლებიც. მაგალითად, ბოლო ორ კვარტალში უკრაინაში გავიდა ფული, არადა, ეს ქვეყანა თვითონ დგას დიდი საფრთხის წინაშე და იქ ფულის გატანა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. "

ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია: "ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც უკრაინის ფაქტორიდან გამომდინარე, სადაც, როგორც წესი, თანხები არ გაედინებოდა. მეორე საკითხია, საიდან შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ კომპანიას, რომლის უკან კონკრეტული პოლიტიკური პირი დგას, ამხელა რესურსების მობილიზების შესაძლებლობა? მაშინ ეს უნდა იყოს მსხვილი მონოპოლიური კომპანია, რომელსაც ძალიან დიდი მოგება აქვს. საბრუნავ საშუალებებს კომპანია ვერ გაიტანს, მაშინ ბიზნესი უნდა გაჩერდეს. თეორიულად ეს კი რეალურია და ფანტასტიკის სფერო არ არის, მაგრამ კონკრეტული მაგალითები არ მაქვს, რომ ამაზე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკო. კაპიტალის მოძრაობა აბსოლუტურად თავისუფალია. ეს თუნდაც პოლიტიკური მიზნებით რომ ხდებოდეს, ფინანსურად ყველაფერი კანონიერია. ნებისმიერ ინვესტორს აქვს უფლება, კაპიტალი გაიტანოს. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, ამის გარკვევა ძნელია."

დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "რა თქმა უნდა, კაპიტალის გადინება გავლენას ახდენს ლარის კურსზე, რადგან ამ ფულის კონვერტირება ხდება მყარ ვალუტაში და ისე გადის ქვეყნიდან. ცხადია, ამ ყველაფერში არსებობს პოლიტიკური მომენტი და ამის უარყოფა არ შეიძლება. ჩვენ ეს ვნახეთ სასამართლო სისტემაში, როცა კონსტიტუციური სასამართლოს ხელმძღვანელი ისეთ რამეს სჩადის, რომ ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაში გადადგომა გარანტირებული ექნებოდა. ერთმნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ქმედებაც. ცხადია, დევალვაცია გარდაუვალი იყო, მაგრამ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ეს შეიძლებოდა ეტაპობრივი ყოფილიყო. ფაქტია, რომ ამაზე უზარმაზარი ფული აკეთა კონკრეტულმა ჯგუფმა და ესეც ძარცვის მექანიზმი იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში პოლიტიკური მდგენელიც არსებობს. თუ ობიექტურ მხარეს შევხედავთ, კრიზისი, რომელმაც მოიცვა ევროზონა, ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სხვ., უკავშირდება დოლარის გამყარებას, ნავთობის ფასების კლებას და ვითარების ბუნებრივად გართულებას. მოხდა ძალიან ბუნებრივი რამ - დიდი კაპიტალი დაიძრა მშვიდი და საუკეთესო ნავსაყუდლისკენ, როგორიც არის აშშ. ერთი მხრივ, საერთო ტენდენციაა, რომ ფული განვითარებადი ქვეყნებიდან გადის, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში ამას ემატება ლარის მიზანმიმართული და გარკვეულწილად, პოლიტიკურ სარჩულს დაქვემდებარებული მდგენელი ვარდნისა. სტაბილური პოლიტიკა არ ჩანს, არ ჩანს­ პროფესიული გადაწყვეტილებები. ბუ­ნებრივია, ნებისმიერ ინვესტორს ქვეყნი­დან ფული გააქვს, რომ გადაარჩინოს თავისი კაპიტალი და ამ ფაქტორმა იმოქმე­და­ ლარზე, თუმცა, ეს გადამწყვეტი არ ყოფილა.

ძირითადი ”უცხოური კაპიტალი” არის საქართველოდან გასული ფული, ოფშორებზე აკუმულირებული და შემდეგ სხვადასხვა სახელით შემოსული. ჩვენთან ჯერჯერობით მსხვილი საერთაშორისო ინვესტორი, მსხვილი საფინანსო-სამეურნეო ჯგუფი არ შემოსულა. მათი შემოსვლით საქართველოში დაინტერესებული არავინ არის, რადგან მაშინ ეს პარაზიტული, მონოპოლიური ბიზნესჯგუფები, რომლებსაც სამი ხელისუფლება ქმნიდა, განწირული არიან მარცხისთვის. ახალი მოთამაშეები რომ შემოვიდნენ ბაზარზე, ისინი მოითხოვენ თამაშის წესებს, სტაბილურობას, რაც ნიშნავს, რომ გაჩნდება ახალი ინიციატივის მქონე ქართული ბიზნეს­ჯგუფები, ეს კი სასიკვდილოა იმ ადამიანებისთვის, ვინც 20 წელია, ძარცვავს ქვეყანას და ხელისუფლებასთან ერთად ჩამოაყალიბა მავნებლური საბანკო სისტემა, მავნებლური მონოპოლიური ჯგუფები".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"