რა ბედი ელის გარევაჭრობას? - მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს
წლებია, რაც გარევაჭრობის პრობლემა ვერც ერთმა მთავრობამ ვერ გადაჭრა. ტროტუარებსა თუ მეტროს გასასვლელებში გავლა თითქმის შეუძლებელია, აღარაფერს ვამბობ ანტისანიტარიულ პირობებში საკვები პროდუქტების რეალიზებაზე, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ თითო გარემოვაჭრის უკან ოჯახებია, ვისთვისაც გარევაჭრობა არსებობის ერთადერთი წყაროა. ამიტომ, ქვეყანაში, რომლის ეკონომიკა ძალიან ნელი ტემპებით ვითარდება, უმუშევრობა ისევ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, ეროვნული ვალუტა უფასურდება, გარემოვაჭრეებისთვის საქმიანობის აკრძალვა შესაძლოა, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს.bpn-სთვის ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალ პროექტს ამზადებს. დეტალების გასარკვევად მერიის პრესცენტრს დავუკავშირდით. როგორც ნარმანიას უწყების სპიკერმა, გვანცა პაპავაძემ განმარტა, მერიის კეთილმოწყობის სამსახური გარევაჭრობასთან კავშირში არ არის, თუმცა გარევაჭრობის საკითხზე მერია და საკრებულო ახალ რეგულაციებზე ერთად მუშაობენ, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობა მოწესრიგდება, ბევრად უფრო ცივილურ ფორმას მიიღებს და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება: ”რეგულაციები, რომელიც მოქმედებს, მოძველებულია, ამიტომ ახლა მიმდინარეობს მერიის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობა ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რომელიც ძალიან მალე მზად იქნება. როგორც უკვე გითხარით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, რათა გარევაჭრობამ ცივილური ფორმა მიიღოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისთვისაც გარევაჭრობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ახალი რეგულაციებით მათი უფლებები დაცული იქნება. ამ ეტაპისთვის დამატებით ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ. ვიდრე რეგულაციები არ ჩამოყალიბდება, ვერ გეტყვით აიკრძალება თუ არა. უბრალოდ, გარევაჭრობა მოწესრიგდება, ცივილური ფორმა ექნება. თუ რა ფორმაზეა საუბარი, ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც რეგულაციები ჩამოყალიბდება და გასაჯაროვდება.“
Bpn კომენტარისთვის თბილისის საკრებულოსაც დაუკავშირდა. თუმცა, პრესცენტრში გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციის მიღების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც პრესცენტრში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში კონკრეტული საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, მერიასა და საკრებულოს შორის კოორდინაციის პრობლემა არსებობს, სხვა შემთხვევაში გაუგებარია ორი მუნიციპალური უწყებისგან მიღებული მკვეთრად განსხვავებული პასუხები.საგულისხმოა, რომ გარევაჭრობა მავანთათვის ხშირად ხელის მოთბობის საშუალება იყო. კორუფციის რისკები გარევაჭრობაში განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც კანონით გარევაჭრობა მართალია აიკრძალა, მაგრამ სახელდახელო დახლები თითქმის ყველა ქუჩაზეა მოწყობილი. დაახლოებით ორი თვის წინ, სამართალდამცველებმა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ახლადდანიშნული თანამშრომელი, დავით ბალიაური ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ცნობით, მან საზამთროს გამყიდველს 300 ლარი გამოსძალა, სანაცვლოდ კი, ხელშეუხებლობის გარანტია მისცა. ცნობისთვის, ამ თანამდებობის დაკავებამდე ბრალდებული „ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერი იყო. როგორც ჩანს, ერთგულება დაუფასდა და მერიის ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახურში დაინიშნა. თუმცა, მისი ჩინოვნიკობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან დამატებითი შემოსავლის წყაროს მიღების სურვილმა სძლია. უპრიანი იქნება, მერიამ თანამშრომლები ”საარჩევნო მარათონში” გამოჩენილი აქტიურობით კი არ შეარჩიოს, არამედ ცოდნით, შესაბამისი კვალიფიკაციით და გამოცდილებით. ასეთ შემთხვევაში მსგავს არასახარბიელო ვითარებაში ნაკლებად აღმოჩნდებიან. ეს უკანასკნელი შემთხვევაც ცხადყოფს, რომ დედაქალაქში გარევაჭრობა მოსაწესრიგებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ კორუფციაში ჩაბმული მერიის თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდოს.
სალომე გოგოხია