"საუბარი საქართველოს ბანკის მხრიდან m²-ის მიმართ გაწეულ შეღავათიან პირობებზე წარმოუდგენელია",- ამის შესახებ m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ პალიტრა-TV-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS-ში" სტუმრობისას განაცხადა.
,,ვისაც ეს სფერო ესმის, მან იცის, რომ საქართველოს ბანკი თავის შვილობილ კომპანიას უკეთეს პირობებს ვერ შესთავაზებს, რადგანაც ეს აკრძალულია ეროვნული ბანკის რეგულაციით და ამაზე ძალიან დიდი ჯარიმაა. იყო შემთხვევები, როდესაც ამას პროპაგანდისთვის იყენებდა რამდენიმე კომპანია. სინამდვილეში, ის პირობები რითაც m²-ის პროექტებზე გასცემს საქართველოს ბანკი იპოთეკურ სესხებს, ანალოგიურია სხვა დეველოპერის პროექტების პირობებისა, რომლებიც არ არიან დაკავშირებული საქართველოს ბანკთან. ასე რომ, საუბარი რაღაც შეღავათიან პირობებზე წარმოუდგენელია,"- აცხადებს ბურდილაძე.
იმ პირობებში, როცა სამშენებლო კომპანიების მხრიდან ,,ჰაერის გაყიდვამ" და გარკვეულმა ფინანსურმა პირამიდებმა მომხმარებელს ნდობა დააკარგვინა, m²-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიამ ბაზარზე თავის დამკვიდრება და მომხმარებლის ნდობის მოპოვება ეტაპობრივად შეძლო. ,,ჩვენი პირველი პროექტი არ ყოფილა დიდი და მასშტაბური. ჩვენ გვინდოდა პირველი პროექტით მომხმარებლისთვის დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ ფულად ნაკადებს ვმართავთ ისე, რომ ეს ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ პროექტს. პროექტიდან ფულის გატანა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება მშენებლობა და მომხმარებელი მიიღებს კუთვნილ ბინას, ანუ ჩვენ პროექტიდან გაგვაქვს მარტო მოგება და მიწის ღირებულება. ეს იყო პატარა პროექტი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, რომელმაც მომხმარებელს აუმაღლა ნდობა m²-ის მიმართ. როცა უკვე მეორე პოროექტიც ვადაზე ადრე ჩავაბარეთ კლიენტებს, მესამე, მეოთხე და მეხუთე პროექტზე გაყიდვების ტემპი უკვე წარმოუდგენლად დიდი იყო. მომხმარებლის ნდობა ეტაპობრივად იზრდებოდა,"- განმარტა m²-ის გენერალურმა დირექტორმა.
"m² უძრავი ქონება" 2006 წელს სს "საქართველოს ბანკის" მიერ დაარსდა. დღესდღეობით, კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე.